სატრანსფერო ბაზარზე გორელებმა გვარიანად იაქტიურეს. ვწერდით, რომ მომავალ სეზონში კლუბის ღირსებას დაიცავენ გიორგი ნავალოვსკი, ოთარ მარცვალაძე, გიორგი ილურიძე, ალეკო ამისულაშვილი, ნუკრი რევიშვილი და დავით კვირკველია.
როგორც "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა გვითხრა, ეს ტრანსფერები გადაწყვეტილია. გორელთა დამრიგებელს კიდევ რამდენიმე საინტერესო და საჭირბოროტო საკითხზე ვესაუბრეთ.
- შემიძლია დავადასტურო თქვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია - დიახ,
- როდის შეუერთდებიან "დილას" ახალწვეულები?
- რევიშვილი, ნავალოვსკი და ამისულაშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად პოლონეთთან შესარჩევი მატჩისთვის ემზადებიან. ისინი "დილას" სანაკრებო ბატალიების დასრულების შემდეგ შემოუერთდებიან, დანარჩენი ახალწვეულები კი 11 ივნისს დაიწყებენ მზადებას ახალი სეზონისთვის, ისევე, როგორც მთელი გუნდი.
- "დილას" სატრანსფერო კამპანია ამით მთავრდება?
- არა, კიდევ არის ორი ფეხბურთელი, რომლებთანაც მოლაპარაკება მიმდინარეობს. ერთი ნახევარმცველია, მეორე კი - თავდამსხმელი. ცოტაც და, მათ ვინაობასაც გაგიმხელთ.
- თავდამსხმელი ლეგიონერი ხომ არ არის? ლაპარაკობენ ბრაზილიელი ნათან ჟუნიორის "დილაში" შესაძლო დაბრუნებაზე...
- არა, ჟუნიორი არ ითამაშებს "დილაში". შეგიძლიათ, ეს საკითხიც გადაწყვეტილად ჩათვალოთ.
- მაშ, ვინ არიან "დილას" პოტენციური ახალწვეულები?
- ფორვარდზე შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთის პირველ დივიზიონში თამაშობდა... მოდით, რამდენიმე დღეც მოიცადეთ და უფრო ზუსტად გეტყვით ყველაფერს.
- ამ დროისთვის ვინ წავიდა გუნდიდან?
- ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც "დილა" დატოვა, სერბი სლავკო მარიჩია. დანარჩენები ადგილზე არიან. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არავის ვუშვებთ. თუ თავად ექნება ვინმეს წასვლის სურვილი, ეს სხვა საქმეა. 12 ივნისს მეცოდინება შესაძლო წამსვლელთა თაობაზე.
- მოსამზადებელ პერიოდზეც გკითხავთ...
- გვაქვს ორი ვარიანტი: ან სლოვენიაში წავალთ შეკრებაზე, ან ავსტრიაში. ორივეგან ძალიან კარგი პირობებია. მეტოქეებიც ძლიერები გვეყოლებიან.
- თუ არის უკვე ცნობილი, რომელ გუნდებს გაეჯიბრება "დილა"?
- გააჩნია, რომელ ვარიანტს ავირჩევთ...
- სულ რამდენი ამხანაგური მატჩის გამართვას აპირებთ შეკრებაზე?
- ოთხი სპარინგის ჩატარებას ვგეგმავთ.
- ახალწვეულების თემას დავუბრუნდეთ. ისინი საქართველოს კვალობაზე ვარსკვლავური ფეხბურთელები არიან. "დილას" მალე ხომ არ დატოვებენ?
- არა, გამორიცხულია. თითოეულ მათგანთან გაფორმდება, სულ მცირე, ერთწლიანი კონტრაქტი.
- სად უმასპინძლებს "დილა" მეტოქეებს ჩემპიონთა ლიგაში?
- 18 ივნისს გორში ჩამოვა უეფას კომისია და ჩვენს სტადიონს შეამოწმებს. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ჩემპიონთა ლიგაზე პირველ მეტოქეს გორში დავუხვდებით, თუ არა და, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვითამაშებთ.
- გორში, "თენგიზ ბურჯანაძეზე" სამუშაოები მიმდინარეობს?
- კი, უწყვეტ რეჟიმში. ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთება და მოსწრებაც შეიძლებოდა ამ ეტაპზე. ახლა მთავარია, უეფას მიერ წარმოდგენილი უსაფრთხოების კრიტერიუმები დავაკმაყოფილოთ. თუ ეს შევძელით, დარწმუნებული ვარ, ჩემპიონთა ლიგაზე პირველ მეტოქეს "დილა" მშობლიურ ქალაქში მიიღებს.
- რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია...
- მნიშვნელოვანია, თუმცა, სადაც უნდა ვითამაშოთ, მჯერა, არ მოგვაკლდება მხარდაჭერა და "დილა" ყველგან შეეცდება, ქართველი ქომაგი გაახაროს.
P.S. გუშინვე გავარკვიეთ, რომ ლეგიონერი ფორვარდი, რომელმაც "დილაში" შეიძლება ითამაშოს, 20 წლის ისლამ მაშუკოვია - რუსეთის პირველი დივიზიონის ბინადარ "სკა ენერგიიდან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"