რატომ გადაწყვიტა 34 წლის ფეხბურთელმა საჩხერის "ჩიხურას" დატოვება და რატომ მოსწონს "ტორპედო"? ამის შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ...
- "ჩიხურას" სამი წელი კაპიტნობდით. ამდენად, გუნდიდან თქვენი წასვლა მოულოდნელი იყო...
- საჩხერეში ბოლო სამი წლის განმავლობაში ვითამაშე და ბევრი სასიამოვნო მოგონება დამრჩა. კლუბს, მის ხელმძღვანელობას, გულშემატკივრებსა და თანაგუნდელებს მხოლოდ მადლიერებით ვიხსენებ,
- ახლა მაინც გვითხარით, მართალია, თითქოს ეს ნაბიჯი გუნდის მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძესთან კონფლიქტის გამო გადადგით?
- არა, რა სისულელეა?! უბრალოდ, ძნელია ითამაშო ისეთ გუნდში, სადაც სეზონის დაწყებამდე სულ გაურკვევლობაა - არ იცი, რა შემადგენლობა იქნება და ვის გვერდით ითამაშებ. სტაბილური გარემო გუნდს გაცილებით ძლიერს ხდის. მე ამას გამოვერიდე სწორედ, მაგრამ ეს ფრუიძის ბრალი სულაც არ არის.
- ქუთაისში უფრო სტაბილური გარემო და გუნდი დაგხვდებათ?
- ამის იმედი მქონდა და ამიტომაც გადავედი. მანამდე "ტორპედოს" ხელმძღვანელობას ველაპარაკე და დავრწმუნდი, რომ კლუბს სერიოზული მიზნები აქვს. ასეთ გუნდში თამაში მახარებს და დიდ სტიმულს მაძლევს. ასაკის მიუხედავად, ამბიცია არ გამნელებია და მინდა, ჩემი გუნდი სამეულისთვის იბრძოდეს. მგონი, ამაში ვერავინ გამამტყუნებს.
- პირობები ყოველთვის ბევრს ნიშნავს. გულახდილად თქვით, "ტორპედოში" უკეთესი კონტრაქტი შემოგთავაზეს?
- დიახ, პირობებიც უკეთესია და, რაც მთავარია, გუნდია უფრო ამბიციური. მაგრამ ვიმეორებ - საჩხერიდან უკმაყოფილო არ წამოვსულვარ. მათგან ბევრი სითბო და სიყვარული მახსოვს.
შარშან, ევროპა ლიგაზე, "ჩიხურაში" ძალიან კარგმა შემადგენლობამ მოიყარა თავი და ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იყო. რა დასამალია და, გული დამწყდა, ეს აწყობილი გუნდი რომ დაგვეშალა. "ჩიხურამ" ევროპალიგაზე ლამაზი ფეხბურთიც აჩვენა და ხალხიც ბედნიერი იყო. იმ შემადგენლობას შენარჩუნება და გაძლიერება სჭირდებოდა. ასეთ შემთხვევაში, ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებდით...
მაგრამ... რას ვიზამთ, ყველაფერს ფინანსები წყვეტს.
- ახალ სეზონში "ტორპედოს" რა მიზნები ექნება?
- გიორგი დარასელიას ამაზეც ველაპარაკე და ვიცი, რომ მინიმუმ, სამეულისთვის ბრძოლას აპირებს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
- ბოლო დროს ქუთაისის "ტორპედო" პოლიტიკოსების დაპირისპირების ეპიცენტრად იქცა. ამ დროს მეკარეთა მწვრთნელი თქვენი ძმა თამაზ ოდიკაძეა და ხომ არ ფიქრობთ, რომ კლუბის ხელმძღვანელებს ამის გამო ნეპოტიზმის მორიგ ბრალდებას წაუყენებენ?
- (იცინის) ოოო, ეს სერიოზული ბრალდება იქნება... ხუმრობა იქით იყოს და, მსგავსი სულელური თემების ფეხბურთში გადმოტანა რომ სურთ, ძალიან ვხალისობ.
სხვათა შორის, თავის დროზე, მე და "ბუხომ" (თამაზ ოდიკაძის მეტსახელია - ავტ.) "ზესტაფონი" უმაღლეს ლიგაში გადავიყვანეთ. მაშინ ის მეკარე იყო, მე კი - თავდამსხმელი. კარიერას ხომ ამ პოზიციაზე ვიწყებდი და ბევრი გოლიც გამქონდა.
ასე რომ, ერთად წარმატებისთვის მიგვიღწევია და ვეცდებით, "ტორპედოშიც" იგივე გავაკეთოთ. მერე კი, თუ უნდათ ეს ნეპოტიზმად მონათლონ და უნდათ - ოჯახურ თუ კლანურ წარმატებად.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"