თუმცა ჯერ სხვა ამბებზე:
"ჯერ მხოლოდ ორი ფეხბურთელი დავიმატეთ: გიორგი გაბედავა და პაპუნა ფონიავა. მიგვაჩნია, რომ გუნდის გაძლიერება ორივეს შეუძლია. პირველი - შეტევაში ძალიან სასარგებლოა, ხოლო ფონიავა - შეტევების ორგანიზებაში.
ამ უკანასკნელის გადმოყვანა ჯერ კიდევ ზამთრის შესვენებისას გვსურდა, მაგრამ მაშინ ვერ მოხერხდა. ახლა კი მარტვილის "მერანთან" კონტრაქტი დაუსრულდა და წამოვიყვანეთ. ფონიავას ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობის პერიოდიდან ვიცნობ და დარწმუნებული ვარ,
ამ ორი ცვლილებით შუა და შეტევის ხაზები გაძლიერდება და გუნდში კონკურენციაც გაიზრდება", - ამბობს ასლან ბალაძე.
მან სხვა, შემდგარ თუ არშემდგარ სატრანსფერო ამბებზეც ილაპარაკა:
"თორნიკე გორგიაშვილის დამატება გვსურდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.
ჯერ გუნდიდან არავინ გაგვიშვია. მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, მირზა ფარტენაძე გავანათხოვრეთ "მაჭახელაში". ის ნიჭიერი მარჯვენა მცველია, ჩვენთან უთამაშია, მაგრამ ტრავმის გამო დიდი ხანი გაუცდა და გვინდა, ფორმაში შევიდეს.
ახლა, შესაძლოა, მხოლოდ ცენტრალური ან ფლანგის მცველი დავიმატოთ, რადგან ჩვენი პრინციპების ერთგულები ვრჩებით - გუნდი მშვიდ გარემოში უნდა აშენდეს და არა სწრაფი და გაუაზრებელი გადაწყვეტილებებით. გაძლიერება კარგია, მაგრამ ბირთვს შევინარჩუნებთ და შემადგენლობის ხშირი და რადიკალური ცვლილება არაფერს მოგვცემს.
ამ მიდგომას ევროპალიგაზე ჩვენი მოხვედრაც ვერ შეცვლის. პირიქით, ეს ახლა უფრო მავნებელი იქნება".
ბალაძისგან გუნდის მოსამზადებელი პერიოდის გეგმების შესახებაც შევიტყვეთ:
"შეკრება თურქეთში დავგეგმეთ. 19 ივნისს სტამბულთან ახლოს მდებარე საკურორტო ქალაქ კერკეტში მივემგზავრებით, სადაც სამი საკონტროლო შეხვედრა უნდა ჩავატაროთ. მერე კი, ევროპალიგის გათამაშებაშიც ჩავერთვებით".
დაბოლოს, საინტერესო სიახლე, რომელზეც თავში მოგახსენეთ. აი, რა გვითხრა ბალაძემ:
"შოტლანდიიდან სკაუტი დაგვიკავშირდა და გვირჩია, რომ უილიამ გიბსონი გაგვესინჯა. ამ ფეხბურთელს საკმაოდ ცნობილ გუნდებში უთამაშია - "კილმარნოკში", "დანფერმლაინში", "სენტ ჯონსტონში", "ფალკირკში"...
გამოცდილი მოთამაშეა, ფლანგის შემტევი ნახევარმცველი, რომელიც ბრძოლისუნარიანობითა და "სტანდარტულების" ჩინებულად შესრულებით გამოირჩევა.
გაგიკვირდებათ - შოტლანდიელი საქართველოში თამაშს რატომ უნდა დათანხმდეს, არა?
საქმე ისაა, რომ ეს მისი და მისი ცოლის სურვილია, რადგან ბათუმში ცხოვრება აქაური თბილი, სუბტროპიკული კლიმატის გამო გადაწყვიტეს და ფიქრობს, რომ ჩვენთან ითამაშოს.
მაგრამ ნუ ჩათვლით, რადგან ბრიტანელია, თვალდახუჭული ველოდებით, როგორც მხსნელს - შეკრებაზე თამაშები გვექნება, დავაკვირდებით და მისი ჩარიცხვის საკითხი მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება".
ვინ არის გიბსონი?
უილიამ გიბსონი 30 წლის ნახევარმცველია და ბოლოს რანგით მესამე ლიგის ბინადარ "სტრანრარში" თამაშობდა. თუმცა, იყო დრო, "კილმარნოკისა" და "სენტ ჯონსტონის" შემადგენლობაში შოტლანდიის პრემიერლიგაშიც გამოდიოდა. სხვათა შორის, "სენტ ჯონსტონში" მას გიორგი ქინქლაძის ყოფილი თანაგუნდელი, ირლანდიელი სტივ ლომასი ავარჯიშებდა.უილიამ გიბსონი
დაიბადა 1984 წლის 6 აგვისტოს, დამფრისში (შოტლანდია)
პოზიცია: ნახევარმცველი
სიმაღლე: 180 სმ
წონა 70 კგ
საკლუბო კარიერა
2001-07 საუთ ქუინი 93 (0)
2007-09 კილმარნოკი 51 (6)
2009-11 დანფერმლაინი 49 (15)
2011-12 ქროუ თაუნი 14 (1)
2011-12 სენტ ჯონსტონი 11 (0)
2012 ფალკირკი 12 (1)
2012-13 საუთ ქუინი 20 (2)
2013-14 სელტიკ კარლ
2014 უორქინგტონი
2014- სტრანრარი 20 (3).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"