ლადო ბურდული: ბოლნისის "სიონს" ახალი მწვრთნელი ეყოლება

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონი" საინტერესო ამბების მოლოდინშია. უახლოეს მომავალში ბევრი რამ უნდა გაირკვეს.

გავესაუბრეთ კლუბის გენერალურ დირექტორ ლადო ბურდულს, ვინც აქამდე "სიონის" მთავარი მწვრთნელის ჭაპანსაც სწევდა, თუმცა ამიერიდან სხვანაირად იქნება...

- თუ შეხვდით ბოლნისის რაიონის ხელმძღვანელობას?
- კი, იყო შეხვედრა და ყველა იმედიანად ვართ განწყობილნი. ამ ეტაპზე "სიონის" ბიუჯეტი 500 ათასი ლარია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გუნდმა მაღალი მიზნები დაისახოს.

ბოლნისის ახალი გამგებელი გოგი მეშველიანი ყველანაირად გვერდში გვიდგას. მიდის მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენი ბიუჯეტი გაიზარდოს. პრიორიტეტი უკვე
განვსაზღვრეთ - მთავარია, "სიონი" დაუბრუნდეს ბოლნისს. აუცილებელია, ქალაქის მთავარმა სპორტულმა არენამ უპასუხოს იმ მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილებაც საჭიროა იმისთვის, რათა "სიონმა" შინ ჩაატაროს საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრები.

ალბათ, ახლო მომავალში საერთო წერილით შევალთ მთავრობაში, რომ ერთი შანსი კიდევ მოგვეცეს სტადიონის მოსაწესრიგებლად. ამისთვის იყო გამოყოფილი თანხა, რომლის ათვისებაც ვერ მოხერხდა.

- რა მდგომარეობაშია ახლა ბოლნისის სტადიონი?
- რომ არ მოგატყუოთ, მინდორი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, იქ თამაში შეიძლება, თუნდაც გამონაკლისის სახით. რაც შეეხება სამუშაოებს, ან ახლავე დაიწყება, ან ოდნავ მოგვიანებით.

- გუნდი როდის შეიკრიბება?
- სავარაუდოდ, 25 ივნისს შევიკრიბებით. მანამდე ბიუჯეტის ამბავიც უნდა გაირკვეს...

- ახალი ფეხბურთელები, ცხადია, ჯერ არ შეგიგულებიათ...
- სანამ არ გვეცოდინება ჩვენი ბიუჯეტი, ახალ ფეხბურთელებს ვერ შევიგულებთ. მწვრთნელიც ახალი ეყოლება "სიონს"...

- ანუ თქვენ აღარ გაწვრთნით "სიონს"?
- არა, გამორიცხულია. კლუბში ძალიან ბევრი საქმეა...

- გასაგებია, რომ სანამ დაფინანსების საკითხი არ გაირკვევა, რთულია, მომავალი დამრიგებლის კანდიდატურაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ მაინც - ხომ არ აპირებთ, ეს თანამდებობა თქვენს უფროს მეგობარ ივო შუშაკს შესთავაზოთ?
- "სიონის" მომავალი მწვრთნელი შეიძლება ქართველიც იყოს და უცხოელიც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული