მირიან გეწაძე: არ გვძინავს, "საპოვნელა" ხუთეულისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
თერჯოლის "საპოვნელა" უმაღლეს ლიგაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და მალე ახალი სეზონისთვის მზადებასაც შეუდგება.

შეკრებაზე, სიახლეებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე იმერული კლუბის მთავარი მწვრთნელი მირიან გეწაძე გვესაუბრება...

- დავიწყოთ იმით, რომ უმაღლესი ლიგისთვის გუნდს გაძლიერება დასჭირდება.
- რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივია. ვერც ვიტყვი, რომ თბილისის "დინამოდან" და გორის "დილადან" ძვირად ღირებული მოთამაშეების გადაბირება გვსურს.

ფეხბურთელებს, მაქსიმუმ, 1000-ლარიან ხელფასსა და 400-ლარიან პრემიას თუ შევპირდებით. ჩვენ მეტი საშუალება არ გაგვაჩნია. მაგრამ ჩვენი ბიჭები ამ პირობებზეც თანახმა არიან.

- ასეთი პირობებით უმაღლესში
დარჩენა არ გაგიჭრდებათ?

- მწირი ბიუჯეტი სულაც არ ნიშნავს, რომ უიმედოდ ვართ. ხელი არ ჩაგვიქნევია და არც გვძინავს. სასელექციო მუშაობის გაძლიერებას ვაპირებთ, კურსი ახალგაზრდა მოთამაშეებზე ავიღეთ და მათ დაწინაურებას შევეცდებით.

- შემადგენლობაში რა ცვლილებები მოხდა?
- ბიჭებს ვუთხარი, რომ დიდი ცვლილებები არ იქნება. გუნდის ბირთვს შევინარჩუნებთ, მაგრამ მოთამაშეების მიმართ მოთხოვნებს გავზრდით, ვიღაც მოვა, ვიღაცას კი წასვლა მოუწევს. თავიდან, "საპოვნელაში" 40 ფეხბურთელი ივარჯიშებს. 2 კვირის განმავლობაში საკონტროლო შეხვედრებს გავმართავთ და საუკეთესოებს დავტოვებთ. შესაძლოა, ფეხბურთელები დავიმატოთ "დინამოს" და "დილას" დუბლებიდან, "სამგურალიდან", "ტორპედოდან" და "ვიტ ჯორჯიიდან".

"ზესტაფონიდან" უკვე მოვიწვიეთ რობაქიძე, რომელიც 20 წლის ნიჭიერი ცენტრალური მცველია და თერჯოლელი გახლავთ. ფოთის "კოლხეთიდან" ნახევარმცველი შალამბერიძე დავიმატეთ, ბათუმის "დინამოდან" კი შემტევი ნახევარმცველი ბერიძე.

- შეკრებას როდის დაიწყებთ?
- ფეხბურთელები 10 ივნისს შევკრიბეთ, მზადებას კი 15-დან შევუდგებით. უცხოეთში გამგზავრებას ვერ მოვახერხებთ, ზღვისპირეთში მოვემზადებით. თუმცა, რომ იცოდეთ, ამბიციები გვაქვს და ხუთეულისთვის ბრძოლას ვგეგმავთ. მაჩანჩალა და უპრესპექტივო გუნდი არავის სჭირდება. ამაში სახელმწიფოს სახსრებს არავინ გადაყრის.

- თერჯოლის სტადიონზე უმაღლესი ლიგის თამაშების გამართვის უფლება თუ მიიღეთ?
- ჩვენ ბალახის მოედანი გვაქვს, რომლის მსგავსი საფარიც ბევრ სტადიონზე არ არის. გასახდელებსა და ადმინისტრაციულ შენობასაც არაფერი დაეწუნება. მაგრამ შესაძლოა, თავიდან თერჯოლაში თამაშის უფლება არ მოგვცენ. სანამ ჩვენი სტადიონი საბოლოოდ მოწესრიგდება, შესაძლოა, მანამდე მეტოქეებს ზესტაფონის ან ქუთაისის სტადიონზე ვუმასპინძლოთ. ამ არენების დირექციებთან მოლაპარაკება მალე დამთავრდება.

- თერჯოლის სტადიონზე თამაშის უფლება რატომ არ გაქვთ?
- პრობლემაა ძველი რკინის ძელები და ტრიბუნებზე არც ინდივიდუალური სკამებია. მაგრამ მოლაპარაკება დაწყებულია თბილისის მერიასთან, რათა "დინამო არენიდან" აღებული ძველი სკამები დაგვითმონ.

ამას გარდა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა გვესტუმრა და შეგვპირდა, რომ ფედერაცია მოედანზე 400 ათას ლარს დახარჯავს, ტექნიკასაც მოგვახმარს და მოედნის დაგების გარდა, დრენაჟის სისტემასაც დაამონტაჟებს. მაგრამ ხალხს უმაღლეს ლიგაში "საპოვნელას" გადასვლა იმიტომ გაუხარდა, რომ თერჯოლაში ჩვენი ფეხბურთის ლიდერ გუნდებს იხილავს და ქალაქიც გამოცოცხლდება.

დავიჯერო, ყველა ქალაქში სტადიონების მოწყობა ასეთი პრობლემაა? ქართული ფეხბურთისთვის თაობები სწორედ რაიონებში იზრდებოდნენ, მხოლოდ თბილისი ამ ტვირთს ვერ ზიდავს. ამიტომ გვჭირდება სახელმწიფოსგან ყურადღება. ეს მხოლოდ თერჯოლელების სატკივარი არ არის. რაიონებში ყველა ამაზე ლაპარაკობს და მისი მოგვარება საკუთარ თავზე სახელმწიფომ და ფეხბურთის ფედერაციამ უნდა აიღონ.

- ამბობენ, რომ პირობების არქონის გამო, რაიონებში ბევრი ნიჭიერი ბავშვი იკარგება...
- აბსოლუტური სიმართლეა და გული ამიტომაც მიკვდება. ვიღაც გამოჩნდება და მათი წაყვანაც "ვეშაპებს" უფასოდ სურთ და რაიონსაც არაფერი რჩება. რეგიონებს თუ მიხედავენ და ადგილზე ყველა პირობა იქნება, მერე ბავშვები უფრო მასობრივადაც გაიზრდებიან და ქართული ფეხბურთის რეალური შესაძლებლობებიც გამოჩნდება.

აბა, დღეს, კარგი სტადიონი და საფეხბურთო სკოლა ორიოდე ქალაქშია, ევროთასების მატჩების ჩატარება კი მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი. არადა, გუნდი ევროპელ მეტოქეს საკუთარ რაიონში რომ მიიღებს, გაცილებით დიდი სტიმულითა და ენერგიითი თამაშებს.

- თქვენ ადრე იმედოვნებდით, რომ "საპოვნელას" კერძო ინვესტორი დაეხმარებოდა. ამ კუთხით რაიმე სიახლე ხომ არ არის?
- პირადი მოლაპარაკებები მეგობარ ბიზნესმენებთან გვაქვს. მაგრამ ეს ამბავი ჯერ არ გადაწყვეტილა. თუმცა, რაიონის ხელმძღვანელობა გვერდში კიდევ ერთხელ დაგვიდგა და უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ წლის ბოლომდე 400 ათასი ლარი გამოგვიყო. ახლა დუბლშემადგენლობა და ჭაბუკთა ლიგის გუნდები დაგვემატებიან და მათი შენახვა დამატებითი ხარჯი იქნება.

მაგრამ არაფერია, უიმედოდ არ ვართ და გამოსავალსაც აუცილებლად გამოვნახავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მახსოვს ოთხმოცდაათიან წლებში პირველი ლიგის საპოვნელამ სამი უმაღლესი ლიგის გუნდი გამოაგდო თასიდან, მათშორის მაშინდელი უძლიერესი რუსთავის გორდა.მეოთხედფინალში კი რომ არა ... მსაჯის კვარაცხელიას მიკერძოებული მსაჯობა, ქუთაისის ტორპედოსაც ზედ მიაყოლებდნენ.ხოლო ვისაც საპოვნელა სოფლის გუნდი გგონიათ ძალიან ცდებით, საპოვნელა ისევ იტყვის თავის სიტყვას.
gio1976
16:40 13-06-2015
0
გუნდი, რომელიც მაყუთის გულისთვის უწვება მოწინააღმდეგეს, ფურთხის ღირსია[ბეთლემი, ბორჯომი], გეწაძე კი უბრალოდ უთავმოყვარეო და თახსირი კაცია...
ramzes 12
22:57 13-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული