მარტვილის "მერანი": რატომ აუცრუვდა გული ფრიდონ ინჯიას?

AutoSharing Option
ფოტოზე: ფრიდონ ინჯია და მურთაზ ხურცილავა
მარტვილის "მერანში" კარდინალური ცვლილებები იგეგმება. უკვე გადაწყვეტილია, რომ მომავალ სეზონს გუნდი ახალგაზრდა ადგილობრივი ფეხბურთელებით ჩაატარებს.

პაპუნა ფონიავა, კიჭი მელიავა, სერგი ორბელაძე, აკაკი წყაროზია, გოგა ფიფია, ზურაბ მამალაძე... ეს იმ ფეხბურთელთა არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც გუნდი უკვე დატოვეს.

მოკლედ რომ ვთქვათ, "მერანს" ყველა ჩაყვანილი მოთამაშე გაეყარა.

რატომ აიყარა ფეხბურთზე გული კლუბის პრეზიდენტმა ფრიდონ ინჯიამ? ის 9 წლის განმავლობაში ერთგულად სწევდა "მერანის" პრეზიდენტის ჭაპანს, მაგრამ ბოლო ყველაფერს აქვს და ინჯიაც, ეტყობა, დაიღალა. სხვა კლუბების კერძო მეპატრონეთა დარად,
ინჯიამაც გადაწყვიტა, გაეცალოს ქართულ ფეხბურთში არსებულ ინდიფერენტულობას.

სავარაუდოდ, "მერანის" პრეზიდენტი უახლოეს დღეებში კლუბში არსებულ ვითარებაზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. დიდი ალბათობით, ინჯია რაღაც დოზით მაინც დარჩება ქართულ ფეხბურთში.

გადაწყვეტილი ამბავია - "მერანი" შეინარჩუნებს უკრაინელ სპეციალისტ ვლადიმირ ლობასს, რომელზეც ვერ ვიტყვით, რომ თუნდაც საქართველოს კვალობაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია.

თანაც, ლობასის წისქვილზე ისიც ასხამს წყალს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ცხადია, "მერანი" მოსამზადებელ პერიოდს საქართველოში, მშობლიურ მარტვილში გაივლის. გუნდის განკარგულებაში იქნება ორი ხელოვნურსაფრიანი მოედანი...

ალბათ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ფრიდონ ინჯიამ ქართული ფეხბურთისთვის ბევრი გააკეთა. ბოლოს და ბოლოს, მან "მერანი" უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა და ამ ქალაქს კოპწია სტადიონიც აჩუქა. საწყენია, რომ 9-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ მას გული აუცრუვდა ქართულ ფეხბურთზე...

არადა, სად გვყავს დასაკარგავი კერძო ინვესტორი? ცოტა ხნის წინათ, ილია კოკაია გაეცალა ქართულ ფეხბურთს. მერე თითქოს ნაწილობრივ შემობრუნდა, თუმცა "ზესტაფონი" ამ დროისთვის უფეხბურთოდაა დარჩენილი და კაცმა არ იცის, რა იქნება.

რუსთავში რა მდგომარეობაცაა, ამის შეხსენებაც არ უნდა გჭირდებოდეთ - იქაც აღარ არის ფეხბურთი.

მერე ნუღარ გაგვიკვირდება საქართველოს ნაკრების მარცხი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამის იდეა იყო არა კვახი. ეს ფეხბურთში ისე ერკვევა როგორც ვირი ფორტეპიანოს დაკვრაში. ამის მიზანი ის იყო რომ როგორც გუნდის მფლობელს გადასახადები არ გადაეხადა
dato
17:34 25-06-2015
0
ამის იდეა იყო 16 გუნდიანი, ხოლო მერე ლობირებდა მურთაზასთან, დომენტასთან და სხვებთან. ახლა მიდის. ნეტა შარშან წასულიყო.
0

სიახლეები პოპულარული