გიორგი ლემონჯავა: ფოთისნაირ ტრადიციულ საფეხბურთო ქალაქს ეს არ შეშვენის

AutoSharing Option
გიორგი ლემონჯავა ფოთის "კოლხეთის" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. 24 წლის ფეხბურთელმა ბოლო ტურების შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. ის ახლა მომჯობინდა და ვარჯიშიც დაიწყო, თუმცა ჯერაც გაურკვევლობაშია...

- უკვე ინდივიდუალურად ვვარჯიშობ და ვემზადები. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი, რისთვის ვემზადები.

- რატომ არ იცით?
- "კოლხეთთან" კონტრაქტი ყველა ფეხბურთელს დაუმთავრდა და ვისაც წასასვლელი ჰქონდა, სხვა გუნდს მიაშურა. ვერ ვიტყვი, რომ წინადადება მე არ მქონდა და ამიტომ არ წავედი. მაგრამ ფოთელი ვარ, რამდენიმე გუნდში ვითამაშე და ბოლოს მაინც მშობლიურ ქალაქს დავუბრუნდი, აქ
მინდა ვიყო და გუნდს დავეხმარო. მაგრამ ამის შანსი რომ არ გვეძლევა?

ფეხბურთელებმა შევიტყვეთ, რომ კლუბს ძალიან მცირე თანხას გამოუყოფენ. ყველანი ძალიან ვწუხვართ. გუნდის დაშლა დიდი უსამართლობა იქნება. ფოთში "კოლხეთის" არსებობის აზრი ბევრს არ ესმის და რა გინდა რომ ქნა?!

- მოდით, ასე დავსვათ საკითხი - "კოლხეთმა" ჩემპიონატში მე-10 ადგილი დაიკავა. ეს საამაყო შედეგია? თან ქალაქს ხომ არაერთი პრობლემა აწუხებს?
- როცა 300 ათასი ლარით ამდენს მიაღწევ, მართლაც საამაყო შედეგია. ამას ჩვენი ქალაქისთვის არ ვაკეთებთ? მითხარით მეორე ისეთი გუნდი, რომელიც 300 ათასით იმავეს გაიმეორებს და ამ სახსრებს იმყოფინებს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ძალიან კარგი გუნდი გვყავდა, განსაკუთრებით - მეორე წრეში. ხელმძღვანელობას რაც შეეძლო, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ფეხბურთელებს თავი კარგად გვეგრძნო. რა თქმა უნდა, გვქონდა ჩავარდნებიც, მაგრამ საბოლოო ჯამში, რა მიზანიც დავისახეთ, იმას მივაღწიეთ - გუნდი არ უნდა გავარდნილიყო, ჩვენ კი ათეულში მოვხვდით.

ამ თანხით მეტის მიღწევა შეუძლებელი იყო, თორემ ჩვენც მშვენივრად გვესმის, რომ ფოთში ამბიციური გულშემატკივარია და უნდა, რომ მისი საყვარელი გუნდი ლიდერებში იყოს.

- ბოლო 20 წელიწადია, ფოთში მუდამ დგას კლუბის დაფინანსების პრობლემა. ახლა რისი იმედი გაქვთ?
- მე მაინც მგონია, რომ ხალხის ხმა შეუსმენელი არ დარჩება, გუნდს არ დაშლიან და ქალაქის ხელმძღვანელობა გვერდში დაგვიდგება. მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი იმედია და მეტი არაფერი, ჯერჯერობით კი ამ იმედს მყარი საფუძველი არ აქვს.

- სანამ ეს ამბავი გადაწყდება, ამასობაში ფეხბურთელები უკვე წავიდნენ. ვინ უნდა ითამაშოს "კოლხეთში"?
- სხვათა შორის, ფეხბურთელებს დარჩენის დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ გაურკვევლობაა და რა ქნან? არადა, "კოლხეთის" ამ შემადგენლობის შენარჩუნება იმას ნიშნავდა, რომ მალე გუნდი გაცილებით დიდი მიზნებისთვის იბრძოლებდა. ამას ჰაერზე არ ვამბობ, რეალობასაც კარგად აღვიქვამ და გუნდის პოტენციალსაც. ამიტომ ვთხოვ ქალაქის ხელმძღვანელებს - მოგვაქციეთ ყურადღება, 150-ათასლარიანი ბიუჯეტი პირველი და რეგიონული ლიგის გუნდებს აქვთ და უმაღლესი ლიგისას როგორ ეყოფა?!

ფოთისნაირ ტრადიციულ საფეხბურთო ქალაქს ეს არ შეშვენის.

გვეგონა, შრომასა და მონდომებას დაგვიფასებდნენ, მაგრამ უარესობას ვხედავთ. მარტო ჩვენ ხომ არ ვართ? - დუბლები და სამი ასაკობრივი გუნდიც გვყავს. "კოლხეთი" რომ გავარდეს, პერსპექტიული ბავშვები დაიკარგებიან. არადა, რომ იცოდეთ, ფოთში ბევრი ტალანტია და გული მწყდება, ასე რომ გვექცევიან.

"ლელოშიც" ხომ ეწერა - საქართველოს ჩემპიონ გორის "დილაში" ჩვენი ორი ფეხბურთელია - ლაშა გვალია და ირაკლი ძარია. მათ მძიმე პერიოდში მოახერხეს და ფეხბურთში დარჩნენ. არადა, კიდევ ბევრი დაიკარგა და მომავალშიც იგივე ხომ არ უნდა გაგრძელდეს?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული