მარტვილის "მერანში" უმძიმესი სიტუაციაა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის განახლებას გუნდი კარდინალურად შეცვლილი შემადგენლობით შეხვდება.
უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ქართულმა ფეხბურთმა კიდევ ერთი ამბიციური გუნდი დაკარგა.
"მერანის" ხელმძღვანელობამ კლუბის კრება გამართა. რა ხდება მარტვილში? ამ კითხვით მივმართეთ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ლობასის ასისტენტ შალვა ღონღაძეს.
- იყო კრება, რომელზეც ითქვა, რომ კლუბი არ დაიშლება, თუმცა საქართველოს ჩემპიონატში რადიკალურად გაახალგაზრდავებული და გადახალისებული შემადგენლობით ვითამაშებთ. ჩვენ უკვე დავდეთ განცხადება ვებგვერდზე, რომლის თანახმადაც გასასინჯად ვიწვევთ ოც წლამდე ფეხბურთელებს. ეს
- საინტერესოა, თუ რჩებით გუნდში თქვენ და გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ლობასი?
- პირადად მე კლუბის ხელმძღვანელობამ რამდენიმე დღე მომცა მოსაფიქრებლად. ჯერჯერობით, არაფერი გადამიწყვეტია. ვნახოთ, რა იქნება. როგორც ვიცი, ვლადიმირ ლობასიც ფიქრობს. კლუბთან კონტრაქტი მაქვს, ვარჯიში დავიწყეთ...
- ლობასი საქართველოში იმყოფება?
- კი, გუშინ ჩამოვიდა.
- ცხადია, გუნდს ისეთი მოთამაშეები დატოვებენ, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიდნენ "მერანის" ავტორიტეტს...
- ასეა. მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა ივარჯიშა "მერანთან" ერთად - შულაიამ, მელიავამ და გეგეჭკორმა. შულაიას გადასვლა "ცხინვალში" უკვე გადაწყვეტილი ამბავია. გეგეჭკორი და მელიავაც წავლენ. მათაც აქვთ სხვა ვარიანტები.
- და ვინღა გრჩებათ?
- მხოლოდ დუბლების ფეხბურთელები. რამდენიმე მათგანს აქვს უმაღლეს ლიგაში თამაშის მცირე გამოცდილება.
- რთულია, გუნდის მიზანზე გკითხოთ მომავალ სეზონში...
- ერთადერთი მიზანი იქნება უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება, მაგრამ თქვენც დამეთანხმებით, ამ ურთულეს მდგომარეობაში მისი შესრულება გაჭირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"