კლუბის პრესატაშე ამირან მამალაძის ცნობით, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით იმყოფება:
მეკარეები: ალავიძე, მამინაშვილი, ტაკიძე;
მცველები: მახარაძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, სუხიაშვილი, ქორიძე, მაკარიანი;
ნახევარმცველები: შონია, ქავთარაძე, თედორაძე, ფონიავა, ჭკუასელი, ჩირიკაშვილი, დიასამიძე, ვარშანიძე, გოგიტიძე, კვანტალიანი, აშბა;
თავდამსხმელები: ბერიაშვილი, ტატანაშვილი, გაბედავა, აბუსელიძე.
კარტეპეში ბათუმელები უილიამ გიბსონსაც ელოდნენ, მაგრამ მამალაძის თქმით, შოტლანდიელი შემტევი ნახევარმცველი გუნდში აღარ ივარჯიშებს.
მესამე დღეა, რაც "დინამო" თურქეთშია. წვიმის გამო პირველ დღეს ფეხბურთელებმა დარბაზში ივარჯიშეს. 21 ივნისს კი პირველი საკონტროლო მატჩიც გამართეს სომხეთის ვიცე-ჩემპიონ ერევნის "ულისესთან".
ამ გუნდში ბევრი ჩვენებური თამაშობს: საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გიორგი ხუბუა, გალაქტიონ ზოიძე, რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ირაკლი გეფერიძე და თავდამსხმელი ზამირ ჯანაშია. რუსეთის მოქალაქეები არიან მცველი ლევან ჯღარკავა, საქართველოში დაბადებული ნიკა ფილიევი (რომელიც ერთი ხანობა მოსკოვის ცსკა-სა და გორის "დილაში" თამაშობდა), ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი წევრი დავით ხურციძე და მოსკოვის "სპარტაკის" დუბლშემადგენლობის ექსთავდამსხმელი ირაკლი ჭეჟია.
სასტარტოში ითამაშეს ჯღარკავამ, ჭეჟიამ, ხურციძემ, ხუბუამ, ფილიევმა და გეფერიძემ.
პირველ ტაიმში ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა შოთა ჭეიშვილმა სათადარიგო შემადგენლობა ათამაშა და ეტყობა, სომხები ამით გააცურა. ტაიმი მეტოქის სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. დინამოელთაგან ერთადერთი გოლი გელა გოგიტიძემ გაიტანა.
"ულისეს" მხრიდან კი ერთი ბურთი გუნდის ახალწვეულმა, კონგოელმა ფორვარდმა ჟოელ შიმბაბამ შეაგდო, რომელსაც ჰოლანდიაში ("ნაიმეგენი"), საბერძნეთსა ("ლარისა") და რუსეთის პრემიერლიგაში (სამარის "კრილია სოვეტოვი") უთამაშია. ტაიმის მიწურულს კი ჩვენების კარში გოლი ხუბუამაც გაიტანა.
მეორე ტაიმში ჭეიშვილმა მეტოქეს დიდი სიურპრიზები მოუმზადა, მოედანზე ძირითადი შემადგენლობა შეუშვა და გუნდიც ათამაშდა. შეცვლაზე შესულმა დიმიტრი ტატანაშვილმა ივაჟკაცა და ჯერ 62-ე, მერე კი 75-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო 84-ე წუთზე ვალერი თევდორაძემ წონასწორობა აღადგინა - 4:4.
კულმინაცია დადგა ბოლო წუთზე, როცა გიორგი ბერიაშვილმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა და ამ საფეხბურთო ტრილერში ქართველების გამარჯვება დააფიქსირა - 5:4
დინამო (პირველი ტაიმი): მამინაშვილი - ქორიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, მაკარიანი - ვარშანიძე, გოგიტიძე - დიასამიძე, თევდორაძე, ჭკუასელი - აბუსელიძე.
დინამო (მეორე ტაიმი): ალავიძე - ქორიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, სუხიაშვილი - შონია, ფონიავა - გაბედავა, ჩირიკაშვილი, ბერიაშვილი - ტატანაშვილი.
დარჩენილ ორ სპარინგს ბათუმელები 24 და 27 ივნისს ჩაატარებენ - ჯერ ალბანეთის "ლაჩის" შეხვდებიან, შემდეგ კი რუსეთის პრემიერლიგელ პერმის "ამკარს" დაუპირისპირდებიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"