გიორგი ნერგაძე და ქუთაისის "ტორპედო" - მოლაპარაკება მთავრდება...

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, გიორგი ნერგაძე ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას დაიცავს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკება დაწყებულია და თანამშრომლობის სურვილი ორივე მხარეს აქვს.

ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ინფორმაცია ნერგაძემ სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა, ქუთაისელი ფანები კი მას მშობლიურ გუნდში დაბრუნებას ულოცავენ. ცხადია, კლუბში გამოცდილი მოთამაშის შესაძლო დამატებას დიდი იმედით ელიან.

32 წლის ნერგაძემ კარიერა ქუთაისის "ინტერში" დაიწყო, მერე კი წყალტუბოს "სამგურალში" გამოდიოდა, მაგრამ გულშემატკივრებმა "ტორპედოში" გამოსვლით გაიცნეს, სადაც 2003-05 წლებში თამაშობდა და მალხაზ ასათიანთან ერთად, რიონისპირელთა ლიდერი იყო, ბოლოს კი კაპიტნის სამკლავურიც
მოირგო.

2005-10 წლებში ნერგაძე უკვე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა, სადაც ცენტრალური ნახევარმცველი დაცვის ცენტრში გაამწესეს და ამ ამპლუაშიც არანაკლები საიმედოობით გამოირჩეოდა.

შემდეგ ნერგაძემ იჯარით ითამაშა ბათუმის "დინამოსა" და "ბორჯომში", 2010 წელს კი თბილისის "დინამოს" ყოფილმა მწვრთნელმა რაინერ ცობელმა სამხრეთ აფრიკაში მიიწვია, სადაც იოჰანესბურგის "მოროკა სველოუზში" თამაშობდა (2010-14). ერთხელ ის სამხრეთ აფრიკის თასის ფინალში გუნდს გამარჯვების გოლით შეეწია. შარშან, ზამთარში, ნერგაძემ კლუბი შეიცვალა - იმავე ქალაქის კლუბ "ბიდვესტ ვიტსში" გადავიდა.

როგორც შევიტყვეთ, ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელობასა და ნერგაძეს შორის მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება. ის ამჟამად სამხრეთ აფრიკაშია და უახლოეს დღეებში ჩამოფრინდება ქუთაისში.

"ტორპედოში" იმედოვნებენ, რომ შეთანხმება მოხერხდება და გამოცდილი ფეხბურთელი მშობლიურ კლუბს გააძლიერებს.

"წარმატებები, მეგობარო! შენ გვერდით თამაში დიდი პატივიც იყო და პრივილეგიაც. შენ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი იყავი", - ასე დაემშვიდობა ნერგაძეს მეგობარი და თანაგუნდელი ლეფა ცუცულუპა, რომელსაც სამხრეთ აფრიკის ნაკრებშიც უთამაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავ კარგია სამშობლოში დაბრუნება,ზალიან კარგი ადამიანი ხარ
romiko
14:56 20-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული