გიორგი დარასელია: "ტორპედო" მაღალი მიზნებისთვის ბოლომდე იბრძოლებს

AutoSharing Option
დღეიდან ქუთაისის "ტორპედო" ახალი სეზონისთვის გადამწყვეტ მოსამზადებელ ეტაპს მშობლიურ ქალაქში იწყებს. როგორ ჩაიარა განვლილმა პერიოდმა გუნდისთვის და როგორია ტორპედოელთა უახლოესი გეგმები, ამასთან დაკავშირებით "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია კლუბის ოფიციალურ საიტს ესაუბრა.

ინტერვიუს მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

- მოდით, მზადების დაწყებიდან დღემდე განვლილი პერიოდი შეაფასეთ...
- მოგეხსენებათ, ჩვენ 15 ივნისს შევიკრიბეთ. ამ 5 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა გუნდის დალაგება და დაკომპლექტება. ვაკვირდებოდით სინჯებზე მყოფ ფეხბურთელებს, მათ შორის იყვნენ დუბლშემადგენლობის მოთამაშეებიც. გუნდის ძირითადი ბირთვი უკვე ჩამოვაყალიბეთ.

განვლილ პერიოდში ბიჭები სერიოზულად უდგებოდნენ საქმეს. ორჯერად
ვარჯიშებთან ერთად, გვქონდა საკონტროლო თამაშებიც. ამ მატჩების შედეგებს არ ვაქცევდით დიდ ყურადღებას, რადგან უფრო მნიშვნელოვანი იყო სხვა ნიუანსების დანახვა. ამიტომ ხშირად ვცვლიდით შემადგენლობას. ამით გამოჩნდა ჩვენი პლუსები და მინუსებიც. სპარინგები სწორედ ხარვეზების გამოსწორებას ემსახურება და გვაჩვენებს, თუ რა სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცეთ.

ასევე, ვნახეთ, რომ ჩვენ გვყავს ისეთი კოლექტივი, რომელსაც ქართულ ფეხბურთში შეუძლია თავისი სიტყვა თქვას.

- ახლა კი, უახლოეს გეგმებზეც გვითხარით...
- "ტორპედოს" საწვრთნელ ბაზაზე ვიწყებთ შეკრებას. ჩვენ ქუთაისში მოსამზადებელი ეტაპის გავლა იმიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ აქ არის კარგი ბუნებრივსაფარიანი მოედანი, ასევე, საშუალება იმისა, რომ ფეხბურთელები კარგ გარემოში იკვებონ და დაისვენონ. შეკრება გაგრძელდება 10-12 დღე.

- ჩემპიონატის დაწყებამდე ამხანაგური თამაშები კიდევ თუ გაქვთ დაგეგმილი?
- დიახ, 24 ივლისს სტუმრად ბათუმის "დინამოს" ვეთამაშებით, 29-ში ლანჩხუთის "გურიას" ვუმასპინძლებთ, 5 აგვისტოს კი თბილისის "ლოკომოტივთანაც" გავმართავთ სპარინგს. ოღონდ ჯერჯერობით უცნობია, სად ჩატარდება ეს მატჩი, თბილისში თუ ქუთაისში. პლუს, გვინდა დუბლშემადგენლობასთანაც ვითამაშოთ, შერეული შემადგენლობით, რათა ამ ბავშვებმაც იგრძნონ თავიანთი თავი "ტორპედოს" ფეხბურთელებად.

- დასრულებულია თუ არა ახალი სეზონისთვის გუნდის დაკომპლექტება?
- შემიძლია ვთქვა, რომ დაკომპლექტება თითქმის დასრულებულია. უახლოეს დღეებში ველოდებით 32 წლის ნახევარმცველ გიორგი ნერგაძეს, რომელიც ბოლო რამდენიმე წელი სამხრეთ აფრიკაში თამაშობდა და მას "ტორპედოს" გულშემატკივრები კარგად იცნობენ. იგი მალე ჩამოფრინდება საქართველოში და ვფიქრობ, საბოლოო მოლაპარაკების შემდეგ გუნდსაც შემოუერთდება.

გარდა ამისა, შესაძლებელია, კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელიც დაგვემატოს.

- "ტორპედოს" ახალწვეულები როგორ შეეჩვივნენ გუნდს?
- ყველა ახალწვეულმა ადაპტაცია შესანიშნავად გაიარა. მათ დაემატება ნერგაძე და ტაბატაძე. ამ ფეხბურთელების უმეტესობას სხვადასხვა კლუბში ქვეყნის ჩემპიონობა აქვს მოპოვებული. მიხარია, რომ ჩვენს გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა.

- ამჟამად როგორი სიტუაციაა გუნდში?
- გუნდში ძალიან კარგი სიტუაციაა. კლუბის ადმინისტრაციიდან დაწყებული, სპორტული მხარით დამთავრებული, ყველანი მაქსიმალურად ჩართულნი არიან, რომ "ტორპედოს" არანაირი პრობლემა არ ჰქონდეს. ქალაქის ხელმძღვანელობაც ყველანაირად ცდილობს, რაც შეიძლება კარგი პირობები შეგვიქმნას.

იმავეს ვგრძნობთ გულშემატკივრებისგანაც, რომლებთანაც 22 ივლისს, "ტორპედოს" ბაზაზე, ამხანაგური თამაში გვექნება. ერთი რამ ცხადია, რომ ჩვენი, კლუბის, ქალაქისა და გულშემატკივრების მიზანი ერთია - "ტორპედომ" წარმატებას მიაღწიოს.

- როგორც იცით, აღმასკომის გადაწყვეტილებით, ახალი სეზონიდან გუნდები ვალდებულნი იქნებიან, ყოველი მატჩის სასტარტო შემადგენლობაში შეიყვანონ ორი 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელი. როგორია თქვენი პოზიცია ამ ახალ კანონთან დაკავშირებით?
- რა თქმა უნდა, მე მოხარული ვიქნები, თუ ამ ასაკის ფეხბურთელები წარმატებით გაართმევენ თავს უმაღლეს ლიგაში თამაშს. რა ასაკისაც უნდა იყოს ფეხბურთელი, მთავარია, იგი გამოადგეს კლუბს, ეროვნულ ნაკრებს და გააკეთოს ყველაფერი ქართული ფეხბურთის წინსვლისთვის.

მომავალი გვიჩვენებს, რამდენად გაამართლებს ეს კანონი. "ტორპედოში" ჩვენ გვყავს 21 წლამდე ფეხბურთელები და წინა სეზონში ისედაც ვათამაშებდით მათ, თუ სასტარტოში არა, შეცვლაზე მაინც შეგვყავდა. მაგალითად, გოგუაძე დუბლებიდან გადმოვიყვანეთ და 2-3 თამაშის შემდეგ უკვე ძირითადშიც მოხვდა. ასევე, მამასახლისიც, რომელმაც რამდენიმე თამაში შეუცვლელად ჩაატარა.

- "ტორპედოს" ახალი ლოგო როგორ მოგწონთ?
- ქუთაისის "ტორპედოს" ლოგო, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რამდენჯერმე შეიცვალა, რაც არასწორად მიმაჩნია. ნებისმიერ კლუბს უნდა ჰქონდეს ისეთი ლოგო, რომელიც არასდროს არ შეიცვლება. რაც შეეხება ახალ ლოგოს, სხვებთან შედარებით ნამდვილად ძალიან ლამაზია და ვფიქრობ, ქუთაისის "ტორპედოს" შეეფერება.

- და მაინც, მომავალ სეზონში რა იქნება "ტორპედოს" მიზანი?
- რა თქმა უნდა, უმიზნოდ ყოფნა კარგს არაფერს მოგვიტანს. ჩვენთვის ყველა თამაში გადამწყვეტი იქნება. მაღალი მიზნებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და რა გამოვა, ამას თავის დროზე ყველანი ერთად ვნახავთ.

მომზადებულია fctorpedo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვინც მოსაშორებელია უნდა მოიშოროს,
0
ჩხიკვაძე და დარასელია ერთი ლეშია,გუნდიდან მალე ორივეს მოუწევს წასვლა
ქუთეისი
14:01 22-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული