სკ "საბურთალო" sportall.ge-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" სპორტულ პორტალ sportall.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, კლუბში ლაშა თოთაძის ტრანსფერთან დაკავშირებით (იხილეთ ვრცლად), ოფიციალური განცხადებით ეხმაურება.

კლუბი საიტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და ეჭვობს, რომ სტატია არაკეთილისმსურველის დაკვეთით არის მომზადებული. ამასთან, კლუბი საიტს ურჩევს, გაუფრთხილდეს თავის რეპუტაციას და იაფფასიანი პასკვილებით არ სცადოს მკითხველის მიზიდვა.

sportall.ge სკ "საბურთალოს" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებას ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ.

საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" განცხადება
საინფორმაციო პორტალ www.sportall.ge-ზე დღეს გამოქვეყნდა მასალა ჩვენი კლუბის ახალწვეულის, ლაშა თოთაძის ტრანსფერთან დაკავშირებით, რომელიც ძირითადად ტყუილებით არის აგებული და მკითხველი
შეცდომაში შეჰყავს.

წერილში, სადაც ავტორი არ ამჟღავნებს საკუთარ ვინაობას, რაც კიდევ უფრო ეჭვებს ბადეს სტატიაში მოყვანილი ფაქტების მართებულობაში, ნათქვამია, რომ თითქოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი (საბურთალოს" ყოფილი პრეზიდენტი) უშუალოდ შეხვდა ლაშა თოთაძეს და დაარწმუნა ფეხბურთელი გადასულიყო "საბურთალოში", სანაცვლოდ კი დედაქალაქურმა კლუბმა ახალწვეულს კარგი პირობები შესთავაზა, მათ შორის ბანკში არსებული სესხის დაფარვაც.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აღნიშნული სტატია, რომელიც დღეს 10:10 საათით არის დაფიქსირებული, შედგება ტყუილებისგან და მას სიმართლესთან არანაირი კავშირი არა აქვს. ფეხბურთელს შეხვდა კლუბის გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე, რომელიც დღესდღეობით "საბურთალოში" მიმდინარე ყველა პროცესზე პასუხისმგებელი პირია და მხარეები პირობებზე შეთანხმდნენ. ამის მერე, ლაშა თოთაძე ბანკში გადაიხდის თანხას, გააჩუქებს ფულს თუ კეთილ საქმეს მოახმარს, თავად ფეხბურთელი გადაწყვეტს.

ჩვენის მხრივ, პორტალ "sportall.ge"-ს ვურჩევთ - გაუფრთხილდეს თავის რეპუტაციას, ნუ ავრცელებს ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას და მოერიდოს იაფასიანი პასკვილებით მკითხველის მოზიდვის არასასურველი მეთოდის გამოყენებას.

საფეხბურთო კლუბი საბურთალო აცხადებს: "sportall.ge"-მ უახლოეს პერიოდში ან დაამტკიცოს ინფორმაციის სიმართლე, თუ არა და ჩავთვლით, რომ ხსენებული წერილი არაკეთილის მსურველებისგან მიზანმიმართულად იყო დაწერილი.

P.S. დღის მეორე ნახევარში ხსენებულმა პორტალმა შეცვალა სიტყვები - დაზუსტებული ინფორმაცია, სანდო ინფორმაციით ჩაანაცვლა.

fcsaburtalo.ge

პასუხი
აღნიშნული სტატია მომზადდა sportall.ge-სთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით და გამოქვეყნდა ჩემი, საიტის რედაქტორის, გელა უშარიძის თანხმობით. რაც შეეხება სტატიის ავტორისა და წყაროს ვინაობას, ამ ეტაპზე არ მივიჩნევ საჭიროდ მის გასაჯაროებას, თუმცა ინფორმაციაზე პასუხისმგებლობას არ გავურბივართ და აუცილებლობისა და ჩვენი სურვილის შემთხვევაში, არც მის დასახელებას მოვერიდებით.

საიტზე განთავსებული სტატიის პირვანდელ ტექსტში ნამდვილად იყო უზუსტობა, რაც მალევე გასწორდა. სამწუხაროდ, უზუსტობებისგან არავინ ვართ დაზღვეულნი - კლუბის განცხადებაშიც არაერთი შეცდომაა (განგებ არ ჩავასწორეთ) და ვიმედოვნებთ, კლუბის პრესსამსახური დროულად მიაქცევს მას ყურადღებას.

რაც შეეხება კლუბის ბრალდებას, რომ საიტს ცრუ ინფორმაციით სურს მკითხველის მიზიდვა და მის ეჭვებს, რომ სტატია შესაძლოა სულაც "საბურთალოს" არაკეთილისმსურველი პირის დაკვეთით მომზადდა, ვუპასუხებთ:

ეჭვები და ვარაუდები ყველას შეიძლება ყველაფრის მიმართ გვქონდეს, მედიასაშუალებას კი აქვს თუნდაც კულუარულ თუ დაუზუსტებელ ინფორმაციაზე (თუკი მისი გადამოწმება შეუძლებელია) საზოგადოების ყურადღების მიპყრობის უფლება, აი, საფეხბურთო კლუბისგან კი ეჭვების განცხადების ფორმით გამჟღავნება ვფიქრობთ, ულამაზოა.

კეთილი სურვილებით, საიტის რედაქტორი გელა უშარიძე.
მკითხველის კომენტარები / 3 /
არასწორი ხარ სპორტალ
vazha
06:24 29-07-2015
0
ხომ არ ჩავიცუცქოთ და ვიბაზროთ ...???
zuzu
09:52 29-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული