გელა ინალიშვილი: "ზუგდიდში" ტალანტები ისევ იზრდებიან

AutoSharing Option
"ზუგდიდმა" თურქული შეკრება დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. ბესიკ შეროზიას შეგირდები ორ დღეს დაისვენებენ და სეზონისთვის მზადების დასკვნით ეტაპს მშობლიურ ქალაქში გაივლიან.

კლუბის დირექტორი გელა ინალიშვილი შეკრებით კმაყოფილია და ამბობს, რომ გუნდმა თურქეთში დრო სასარგებლოდ გამოიყენა...

- ბოლო დროს "ზუგდიდს" ფინანსური კრიზისი არ აწუხებს და უცხოეთშიც ხშირად ემზადებით...
- ეს "ზუგდიდის" ბედით დაინტერესების შედეგია. ჩვენ კაპადოკიაში მდებარე საკურორტო ქალაქში დავბინავდით, სადაც მოსამზადებლად მშვენიერი პირობები გვქონდა. იქ კიდევ 5 გუნდი იყო. 10 დღე დავყავით და 3 ძალიან კარგი საკონტროლო შეხვედრა ჩავატარეთ.

პირველი
სპარინგი ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვქონდა - თურქეთის სუპერლიგის კლუბ "ქაისერისთან". ამის მიუხედავად, საკმაოდ კარგად ვითამაშეთ და ერთადერთი გოლით რომ დავმარცხდით, ბავშვური შეცდომის ბრალი იყო.

მეორე შეხვედრა იმავე "ქაისერის" დუბლებთან გვქონდა და 2:0 გავიმარჯვეთ. მესამე მატჩი კი თურქეთის მესამე ლიგის კლუბ "დერსიმსფორთან" გავმართეთ და ესეც მოვიგეთ. ამ თამაშს განსაკუთრებულად უნდა გაესვას ხაზი, რადგან ბიჭებმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და 0:2-დან მატჩის შემოტრიალება მოახერხეს.

ერთი სიტყვით, ძალზე ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა.

- გუნდის დაკომპლექტება დასრულდა?
- დიახ, დასრულდა და ვფიქრობ, ბესიკ შეროზიამ საკმაოდ საინტერესო შემადგენლობა შეკრიბა. ბევრი კარგი მოთამაშეც დავიმატეთ, მაგრამ აქცენტი მაინც ახალგაზრდებზე ავიღეთ. ძალიან მახარებს, რომ ნიჭიერი ბიჭები დავაწინაურეთ. ძალიან პერსპექტიული ზუგდიდელები გამოჩნდნენ და ბევრ მათგანს უკვე პროგრესიც დაეტყო.

საერთოდაც, გუნდში ისეთი საქმიანი განწყობა იყო, შეუძლებელია, ეს შედეგებზე არ აისახოს.

Sportall.Ge
ფოტოზე: "ზუგდიდი" თურქულ შეკრებაზე

- ახალწვეულებზე ვილაპარაკოთ...

- დავიმატეთ მეკარე მამალაძე, წყაროზია, გავაშელიშვილი, ჯავაშვილი, თიბილაშვილი, გურამ სამუშია, ელიავა, ფიფია და ვახტანგ კვარაცხელია. ამას გარდა, ძალიან მოგვწონს გიორგი ქანთარია, რომელიც თბილისის "დინამოს" დუბლებში გამოდიოდა. ახალწვეულია ჩანადირიც, რომელსაც ესპანეთის მეორე დივიზიონის გუნდში უთამაშია.

- მართალია, თითქოს სომხური "ულისის" ნახევარმცველი გიორგი ხუბუა თქვენთან ვარჯიშობდა?
- დიახ, ის ჩვენთან ვარჯიშობდა, რადგან ზუგდიდელია და ეს ფორმის შესანარჩუნებლად გვთხოვა. მისი დამატება გაგვახარებდა, მაგრამ ჩვენთან არ რჩება, ისევ უცხოეთში წასვლას გეგმავს.

- იყო დრო, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ბევრ ზუგდიდელს იწვევდნენ, თუმცა ბოლო წლებში მათმა რაოდენობამ აშკარად იკლო...
- გეთანხმებით, მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ ჩვენი აღზრდილები სხვა გუნდებში მიდიოდნენ. ნიჭიერი ბიჭები ახლაც მოდიან. მაგალითად, 2000-02 წლებში დაბადებულთა შორის გამორჩეული ტალანტები არიან და დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ ზუგდიდი თავს ისევ მოიწონებს.

- ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ გუნდს ჯერ კიდევ არ აქვს სტადიონი. როდის ითამაშებს "ზუგდიდი" საკუთარ არენაზე?
- ზუგდიდის მერთან, ირაკლი გოგოხიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიასთან ერთად, ზედა ეწერში გუნდის ბაზის საკითხთან დაკავშირებით ვიმყოფებოდი. იქ ბაზა მოეწყობა, გაკეთდება მოედანი, გასახდელები, საშხაპეები... იქნება პატარა ტრიბუნაც. იდეაში, ზედა ეწერი დუბლების სათამაშოდ იდეალური ადგილია.

მშენებლობა იგეგმება რუხშიც, სადაც კლუბს ასევე აქვს ტერიტორია. ახალი სტადიონი კი ზუგდიდში 2017 წლისთვის გვექნება - ქაღალდკომბინატის ტერიტორიაზე. ის 7500 მაყურებელზე იქნება გათვლილი და უეფას სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ხოლო მის გვერდით სათადარიგო, ხელოვნურსაფარიანი მოედანი და ათას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა მოეწყობა.

ამ პროექტზე 16 მილიონი გამოიყოფა, რადგან პრემიერ-მინისტრი შეგვპირდა და მჯერა, ზუგდიდს ლამაზი სტადიონი დაამშვენებს. საამისოდ, მალე ტენდერიც ჩატარდება და თანხაც გამოიყოფა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ესენი სიმონ დასიცხულები ხომ არ არიან?
100 000-იან ქალაქს და იმხელა რეგიონს 7500 -იანი სტადიონი? გამობნელდნენ საერთოდ? მანდ მინიმუმ უნდა იყოს 15 000 იანი , როგორც ქუთაისში.
გუადუა
22:35 04-08-2015
0
ჯერ 7 500 იანი გაავსეთ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ
გუადუას
09:07 05-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული