განახლებული "ვიტ ჯორჯია" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას უმიზნებს

AutoSharing Option
მართალია, საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა, დედაქალაქურმა "ვიტ ჯორჯიამ" უმაღლესი ლიგა დატოვა, მაგრამ თენგიზ კობიაშვილის შეგირდები პირველი ლიგის გათამაშებას ერთ-ერთი ფავორიტის რანგში იწყებენ.

ამ დროისთვის, "ვეტერინართა" რიგები ძირითადი შემადგენლობის ორმა ფეხბურთელმა დატოვა. ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას ქობულეთის "შუქურაში აგრძელებს, გიორგი გეთიაშვილი კი თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას დაიცავს.

რა თქმა უნდა, კობიაშვილმა შემადგენლობის გაძლიერებაზეც იზრუნა. გადაწყვეტილია, რომ მომავალ სეზონში "ვიტ ჯორჯიას" რამდენიმე ახალი ფეხბურთელი შეემატება. ასე მაგალითად, ვიტელთა შორის ვიხილავთ ზურაბ ღირდალაძეს, რომელიც ბოლოს "ბორჯომში" იყო, კარიერის ძირითადი ნაწილი კი "ზესტაფონში" აქვს გატარებული.

"ვიტ ჯორჯიაში" ითამაშებს გორის "დილას" ყოფილი ფეხბურთელი ნიკოლოზ ქარელიც.

კობიაშვილის განკარგულებაში იქნება ასევე პერსპექტიული ნახევარმცველი ივანე ხაბელაშვილი. ის ქართველ გულშემატკივარს რუსთავის "მეტალურგიდან" ემახსოვრება. ბოლოს ხაბელაშვილი გიორგი მიქაძის გაწვრთნილ "ზესტაფონში" თამაშობდა, ხოლო რაც შეეხება რევაზ ბარამიძეს, ისიც უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი "მეტალურგის" წევრი გახლდათ.

გადაწყვეტილი ამბავია, რომ "ვიტ ჯორჯიის" ძირითად გუნდში დაწინაურდებიან კლუბის დუბლშემადგენლობის ფეხბურთელები - თორნიკე ფანქველაშვილი, ვასილი ქისიევი, ლაშა მარგველაშვილი, გიორგი გვასალია და გიორგი რევაზიშვილი.

ამ დროისთვის მოლაპარაკება მიდის კიდევ ორ ფეხბურთელთან, რომელთა საკითხიც უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გადაწყდება.

რაც შეეხება გუნდის ამოცანებს, კობიაშვილის თქმით, "ვიტ ჯორჯიის" ერთადერთი მიზანი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაბრუნება იქნება.

"ვიტ ჯორჯიას" ტიტულები ნამდვილად არ აკლია - საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ყველა სინჯის ქართული მედლის მფლობელი, თასისა და სუპერთასის გამარჯვებული...

ბევრი ელოდა, რომ ცუდად დასრულებული სეზონის შემდეგ კლუბის პრეზიდენტი გურამ რუხაძე აქცენტს მხოლოდ ჭაბუკ ფეხბურთელებზე გააკეთებდა, მაგრამ ასე არ მოხდა და ძალიანაც კარგი, თუ "ვიტ ჯორჯია" უმაღლეს ლიგას ძველებური ამბიციებით დაუბრუნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ორი ფეხბურთელი შეემატა?
გიორგი
00:03 24-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული