ქართველ ჟურნალისტებსაც (პლუს, უამრავ უცხოელ კოლეგას) ხომ არაფერი უნდა ჰქონოდათ საწუწუნო, რომ აღარაფერი ვთქვათ გულშემატკივრებზე, 120 წუთის განმავლობაში ობიექტურად რომ აფასებდნენ
და ყველაზე მთავარიც: ქართველების ამბავი ხომ იცით, "რაღაცას" მაინც მოვძებნით ხოლმე და ეს "რაღაც" კი, ისევ და ისევ, თითოეული ქართველი გულშემატკივრის დიდი ხნის გულისტკივილია!
ხვდებით, ალბათ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობას ვგულისხმობთ: ღრმად ვართ დარწმუნებულნი, იმ ლამაზ საღამოს ბევრი ქართველი ქომაგი ინატრებდა, ერთ-ერთი მონაწილე რომ ... რომელიმე ჩვენი გუნდი ყოფილიყო!
არადა, მართლაც იყო ისეთი დრო, როცა ერთიანად გადავსებულ (75 000-იანი!) იმდროინდელ "დინამოს" სტადიონზე მოსული გულშემატკივარი სწორედაც რომ ჩვენი გუნდის მორიგი ტრიუმფით ხარობდა; თუმცა, მერე და მერე, სიტუაცია უარესობისაკენ ისეთი სისწრაფით წავიდა, რომ სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე, ლამის ნებისმიერ მეტოქესთან აუტსაიდერის სტატუსი გვქონდა ხოლმე.
კი, ყოფილა ერთი-ორი გამონათება, მაგრამ დღესდღეობით ძალიან მწარე რეალობის წინაშე ვდგავართ და ისღა დაგვრჩენია, რომ სხვა ქვეყნის გუნდების თამაშის ცქერითა და ჩვენებურთა ახლო თუ შორეულ წარსულში მიღწეული წარმატებებით დავტკბეთ.
აი, თუნდაც, უეფას სუპერთასთან კავშირში რომ არის: საბედნიეროდ, ქართველებსაც გვყავს სუპერთასის მფლობელი ფეხბურთელი! 2007 წელს ალესანდრო ნესტას, ანდრეა პირლოს, კაკას, კლარენს ზეედორფისა და ფილიპო ინძაგისთან ერთად "მილანის" ძირითადში კახა კალაძეც თამაშობდა და თავისი წვლილიც შეიტანა იტალიური გრანდის ტრიუმფში.
სხვათა შორის, კალაძეს უფრო ადრეც ჰქონდა შანსი, ეს ტიტული მოეგო, მაგრამ 2003 წლის სუპერთასის მატჩი ("მილანი"-"პორტო") ტრავმის გამო გამოტოვა. მაგრამ ეს ყველაფერი იყო, ახლა კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დღევანდელ რეალობას უნდა შევეგუოთ და "ბარსელონა"-"სევილიის" დაუვიწყარი სანახაობიდან... საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე "გადმოვერთოთ"!
დღეს საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატი იწყება...
I ტური
ცხინვალი-საბურთალო
13.08. თბილისი, მიხეილ მესხი (სათადარიგო). 17:00
ურთიერთშეხვედრები: -
ცხინვალი-საბურთალო
13.08. თბილისი, მიხეილ მესხი (სათადარიგო). 17:00
ურთიერთშეხვედრები: -
XXVII ჩემპიონატის პირველი ტური ორი მატჩით იწყება და სეზონის პირველი გოლიც ან თბილისში უნდა გავიდეს, ან - საჩხერეში; თუმცა, მოდი, ჯერ თბილისურ მატჩზე ვისაუბროთ, სადაც წინა სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა "ცხინვალი" უმაღლესი ლიგის დებიუტანტს, "საბურთალოს" დაუპირისპირდება.
გუშინაც ვწერდით, რომ ამბიციურ "ცხინვალს", დიდი ალბათობით, ამ სეზონშიც უნდა ჰქონდეს ევროტურნირების საგზურის მოპოვების ამბიცია. "ცხინვალის" ძირითად შემადგენლობაში ამ ზაფხულს გარკვეული ცვლილებები კი მოხდა (ლაშა შინდაგორიძის, ვარლამ კილასონიასა და თორნიკე თარხნიშვილის წასვლას ვგულისხმობთ), მაგრამ გამოცდილი მწვრთნელის, კახა კაჭარავას გუნდში რამდენიმე ცნობადი ახალწვეულიც (დავით ბოლქვაძე, ლაშა ჯაფარიძე, ომარ მიგინეიშვილი, ზვიად ლობჯანიძე, აკაკი შულაია) გამოჩნდა და ამას გარდა, ხანმოკლე პაუზის მერე ლევან კაკუბავა და მერაბ გიგაურიც დაბრუნდნენ.
მოკლედ, "ცხინვალს" დაკომპლექტების პრობლემა არ უნდა ჰქონდეს, ისე, როგორც "საბურთალოს", რომლის დებიუტსაც უმაღლეს ლიგაში მართლაც ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით.
შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში "საბურთალომ", ფაქტობრივად, ერთი ამოსუნთქვით გაიარა პირველი ლიგის გათამაშება და სრულიად დამსახურებულად მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზურიც.
საინტერესო გუნდია "საბურთალო", საკლუბო სისტემაში პროფესიონალები რომ არიან დასაქმებულნი და ამას გარდა, სწორ სატრანსფერო კამპანიას რომ აწარმოებს.
გუნდს, ასევე, საინტერესო სპეციალისტი წვრთნის - გიორგი ჭიაბრიშვილი უმაღლეს ლიგას სამწლიანი პაუზის მერე უბრუნდება; "საბურთალოს" ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას სწორედ დღევანდელ მატჩში უნდა ჰქონდეს დებიუტი უმაღლეს ლიგაში და იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს 18-19 წლის ბიჭები საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრები არიან.
თუმცა ამ სეზონის დაწყების წინ "საბურთალომ" ორი გამოცდილი ახალწვეული დაიმატა: 30 წლის ცენტრფორვარდი ჯაბა დვალი და 26 წლის მცველი ლაშა თოთაძე, აგრეთვე, 21 წლის გარემარბი გიორგი ფანცულაია.
I ტური
ჩიხურა-ლოკომოტივი
13.08. ივანწმინდა. 17:00
ურთიერთშეხვედრები:
2: +0 =2 -0, 1-1
ჩიხურა-ლოკომოტივი
13.08. ივანწმინდა. 17:00
ურთიერთშეხვედრები:
2: +0 =2 -0, 1-1
უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური კლუბი "ჩიხურა" ამ სეზონს, ფაქტობრივად, შეკრებაგაუვლელი ხვდება.
ეგ კი არა, უმაღლესი ლიგის გუნდებიდან ყველაზე გვიან (თანაც, ივლისის ბოლოს!) მზადება სწორედ "ჩიხურამ" დაიწყო და საჩხერელთა გამოცდილ თავკაცს, სოსო ფრუიძეს სერიოზული საფიქრალიც ექნება გუნდის ძირითადი ბირთვის ჩამოსაყალიბებლად - ამ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "ჩიხურადან" ბევრი წამყვანი ფეხბურთელი წავიდა, ახალწვეულებზე კი, სჯობს, შემდგომში ვისაუბროთ.
თბილისის "ლოკომოტივი" უმაღლეს ლიგაში ხუთწლიანი პაუზის მერე ბრუნდება; თანაც ბრუნდება ახალგაზრდული გუნდითა და, დიდი ალბათობით, გარკვეული ამბიციებითაც!
ჯერ ერთი, ამ გუნდის ფეხბურთელთა უმრავლესობა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ასპარეზობს, ხოლო მთავარ მწვრთნელს, ვასილ მაისურაძეს საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში წარმატებული მუშაობით ყველა იცნობს.
სხვათა შორის, ვასილ მაისურაძეს უმაღლეს ლიგაში მთავარი მწვრთნელის რანგში სწორედ დღეს უნდა ჰქონდეს დებიუტი...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტაში კუკურიიიიი... ჟორდანია არა იხვი