გელა სანაია: პირველ ტურში ჩემი გუნდის წარმატებული თამაში ძალიან მნიშვნელოვანია

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურა" ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში "სამტრედიას" ესტუმრება. ორივე გუნდი ამბიციურია, მაგრამ წლეულს ქობულეთელთა მადა მაინც გამორჩეულად გაიზარდა - გუნდის მიზანი ევროთასებზე გასვლაა.

"შუქურას" მთავარი მწვრთნელი გელა სანაია "ლელოს" სეზონისთვის სამზადისსა და სხვა თემებზე ელაპარაკა...

- როგორ მოემზადა "შუქურა" ახალი სეზონისთვის?
- მეტ-ნაკლებად ნორმალურად მოვემზადეთ, საქართველოშიც და თურქეთშიც კარგი შეკრებები გვქონდა. მშვენიერი პირობები იყო, სპარინგებიც საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან გვქონდა, ტაქტიკა და კომბინაციები დავამუშავეთ და ბირთვი გამოვკვეთეთ. თუმცა, როგორ მოვემზადეთ, ამას ყველაზე უკეთ სეზონის მსვლელობა გამოაჩენს. ხომ იცით, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან
და მეც არ ვიჩქარებ...

- მოსამზადებელ ეტაპზე საკმაოდ ბევრი საკონტროლო შეხვედრა კი ჩაატარეთ, მაგრამ ფაქტობრივად ახალი გუნდით შეთამაშება მოასწარით?
- შემადგენლობის 80 პროცენტი რომ განახლდა, საკონტროლო შეხვედრებს ხშირად ზუსტად ამისთვის ვატარებდით.

უკვე გითხარით, რომ წინასწარ დასკვნების გაკეთებას ვერიდები, მაგრამ მიმაჩნია, რომ "შუქურა" ურიგო გუნდად არ ყალიბდება. შემადგენლობის ხშირ ცვლას კი ქართველი მწვრთნელები შეჩვეულები ვართ. რას ვიზამთ, გუნდი ყველა ვარიანტში უნდა შეთამაშდეს.

- ყველაფერი გაკეთდა, რომ შემადგენლობის 80 პროცენტი არ შეცვლილიყო?
- მცდელობა როგორ არ იყო, მაგრამ უკეთესი წინადადებებით მიმართეს ხოჭოლავას და ოდესის "ჩერნომორეცში" გადავიდა. ტვილდიანი და გურული თბილისის "დინამოში" მიიწვიეს, ბრაზილიელები აღარ ჩამოვიდნენ და სხვა რა გზა გვქონდა? სხვათა შორის, მიმაჩნია, რომ სამივე მათგანი ახალ კლუბში თავს დაიმკვიდრებს, რადგან ამის პოტენციალი გააჩნიათ. თუმცა, საკმაოდ კარგი შევსებაც მივიღეთ და არა მგონია, სუსტი გუნდი გვყავდეს.

- გიორგი ჩელებაძე რჩება თუ უცხოეთში მიდის?
- გიორგი პირველი ტურისთვის ემზადება და მერე არ ვიცი, დაგვეხმარება თუ არა. არადა, ჩვენი კაპიტანია და მასზე ბევრად არის "შუქურას" თამაში დამოკიდებული. სამწუხაროა, რომ ხოჯავამ დაგვტოვა, მაგრამ ეს მისი არჩევანია.

- გოჩა ხოჯავას წასვლამ გეგმები აგირიათ?
- ის ჩვენთვის დიდი ძალა იქნებოდა. გოჩა შეკრებაზე ფორმაში შედიოდა და წონაც დაიგდო, მაგრამ რუსეთში დაბრუნება და ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" თამაში გადაწყვიტა. მას წარმატებებს ვუსურვებ. სხვა რა გზაა, ახლანდელი კონტინგენტი უნდა გამოვიყენოთ.

- კი მაგრამ, ხოჯავას ხომ კონტრაქტი ჰქონდა?
- კონტრაქტების გაფორმებას სეზონის დაწყებამდე ვაპირებდით და სწორედ ამ დროს მიიწვიეს რუსეთში.

- წლეულს "შუქურას" ამბიციები რომ გაეზარდა, ეს "ლელოს" თქვენი კლუბის დირექტორმა რევაზ ჩელებაძემაც უთხრა. კონკრეტულად რას უმიზნებთ?
- მინიმუმ, შარშანდელზე უკეთესი შედეგის ჩვენება გვსურს, ფიქრად კი სამეულში მოხვედრა გვაქვს. ეს რამდენად რეალური იქნება, დრო და სეზონის მსვლელობა გამოაჩენს.

- პირველ ტურში "სამტრედიას" ხვდებით. როგორც ამბობენ, თქვენს ყოფილ გუნდთან სათამაშოდ საგანგებოდ ემზადებით, რადგან იქიდან წამოსვლით განაწყენებული ხართ...
- დამიჯერეთ, ეს ჭორია და მეტი არაფერი. "სამტრედია" ჩემთვის "ყოფილი გუნდი" არასოდეს იქნება, რადგან ამ ქალაქთან, გუნდთან და მის გულშემატკივრებთან დიდი სიყვარული მაკავშირებს. მაგრამ ახლა "შუქურაში" ვმუშაობ. პირველ ტურში ჩემი გუნდის წარმატებული თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და ცხადია, მოგება მსურს. მგონი, ეს ბუნებრივია და არა - საწყენი. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ "სამტრედია" ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არ იქნება.

- ჩვენს გულშემატკივარს კიდევ დიდხანს გაჰყვება სუპერთასის მატჩიდან მიღებული შთაბეჭდილება. ამ ეიფორიის ფონზე, საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე ქომაგთა მომრავლება კიდევ უფრო საძნელო საქმე ჩანს...
- საქართველომ მართლაც მაღალი დონის მატჩს უმასპინძლა და ეს ემოციებიც ბუნებრივია, მაგრამ ჩვენი სურვილი და მუშაობის მიზანი რა უნდა იყოს? ის, რომ ნელ-ნელა ჩვენი ფეხბურთის დონე გავზარდოთ, ჩემპიონატი ფეხზე დავაყენოთ და მაყურებელს მივცეთ საშუალება, ქართული ფეხბურთით ისიამოვნოს.

საამისოდ, კლუბებს პირობები უნდა შეუქმნან და ჩემპიონატი დაძაბული რომ იქნება, ეს იქნება ერთადერთი გამოსავალი, რომ სტადიონებზე ხალხი მომრავლდეს. სხვაგვარად მაყურებელს ვერ მოვიზიდავთ... ეს იმდენად სერიოზული თემაა, ერთ ინტერვიუში ვერც ვილაპარაკებთ. ამ ყველაფერს სხვა რამ უნდა. მთავარი მაინც სახელმწიფო პროგრამაა, რომლის გარეშეც არაფერი გამოვა.

ვიცით, რომ სახელმწიფოს ფეხბურთის განვითარების გეგმა აქვს და იმედია, მისი განხორციელება მალე დაიწყება. კარგია, რომ სპორტის მინისტრი ფეხბურთის ასეთი მოყვარულია. ეს ყველაფერი მაფიქრებს, რომ მალე ორი ნაბიჯით წინ მაინც წავალთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დაშლილმა სამტრედიამ დაგანგრიათ, საგოლ ცეცაზე
0
გელა ჯიგარი ხარ.
გუშინ პირველ ტაიმში შუქურამ დატანჯა და დასცინა სამტრედიას, თუმცა მეორე ტაიმი სულ სხვა იყო. შუქურას აქვს პოტენციალი და იმედია კარგად ითამაშებს. სამტრედიიდან კი თუკი ახლანდელი შემადგენლობის ნახევარს ახლავე გაყრიან,ახლებს სასწრაფოიდ მოიძიებენ, სამეულის შანსი დიდი ექნებათ.
jango
09:36 15-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული