13:44 17-08-2015
ტორპედო-მერანი 4:0 - შთამბეჭდავი დასაწყისი [VIDEO]
AutoSharing Option
ქუთაისელთაგან განსხვავებით, ვლადიმერ ლობასის გუნდი ჭაბუკთა ლიგიდან და დუბლშემადგენლობიდან დაწინაურებული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ცხადია, ამ მოთამაშეებს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის გამოცდილება არა აქვთ. ახალგაზრდა მერანელებმა "ტორპედოს" მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს გარკვეული წინააღმდეგობა, თუმცა, საბოლოოდ, დიდი ანგარიშით მარცხს მაინც ვერ გადაურჩნენ.
მატჩის დაწყებამდე, ტრადიციულად, გუნდის კაპიტნებმა ეროვნული ჰიმნის ფონზე საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს. შემდეგ სტადიონზე მყოფებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს "ტორპედოს" პრესსამსახურის თანამშრომლის, ტრაგიკულად დაღუპული აკაკი ჩიბურდანიძის ხსოვნას...
რაც შეეხება თავად მატჩს, ის ქუთაისელთა დიდი უპირატესობით წარიმართა. მასპინძლები დებიუტშივე დაწინაურდნენ - ბრწყინვალედ ითამაშა "ტორპედოს" მარჯვენა ნახევარმცველმა დავით კირკიტაძემ, რომელიც შემდეგაც ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ის მარჯვნიდან შეიჭრა საჯარიმოში და გიორგი გეგია ჩამოიცილა, მაგრამ ამ უკანასკნელმა აკრძალული ილეთით შეაჩერა. პენალტი გოლად დავით ოდიკაძემ აქცია.
ცოტა ხანში ოთარ კვერნაძეს შეეძლო ანგარიშის გაზრდა, მცველებს სისწრაფის ხარჯზე გასცდა და კარშიც დაარტყა, მაგრამ ბურთი თორნიკე ზარქუამ მოიგერია.
მარტვილელებიც ცდილობდნენ პასუხის გაცემას. განსაკუთრებით, მათი 17 წლის მარცხენაფლანგელი ლევან წოწონავა აქტიურობდა, მაგრამ მისი და ლევან კუტალიას სახიფათო შეტევები უშედეგოდ დასრულდა.
"ტორპედო" კი კვლავ დაეუფლა უპირატესობას, მეტოქე შეავიწროვა და პირველივე ტაიმში შეეძლო საქმის მოთავება. საგოლე მომენტები ჰქონდათ კვერნაძესა და ზაურ გოგუაძეს, მაგრამ ორივე შემთხვევაში მეკარე ზარქუამ ითამაშა დამაჯერებლად.
მარტვილელთა გოლკიპერმა მეორე ტაიმში გიორგი კახელიშვილისა და დათა სიჭინავას სახიფათო შეტევებიც მოიგერია, მაგრამ ირაკლი კლიმიაშვილის იუველური დარტყმის წინაშე უძლური აღმოჩნდა - გამოცდილმა ნახევარმცველმა შეცვლაზე შესული ლაშა შინდაგორიძისგან მიიღო ბურთი და მარცხენა მახვილი კუთხიდან წარმოუდგენელი "გასროლით" მეკარე სახტად დატოვა.
ტორპედოელებმა სტუმრებს გონზე მოსვლა არ აცალეს. ქიმაძემ კვერნაძე გაიყვანა მეკარესთან პირისპირ და ქუთაისელთა ცენტრფორვარდმა შეტევა გოლით დააგვირგვინა.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ კლიმიაშვილის მიერ კუთხურიდან პირდაპირ კარისკენ გაშვებული ბურთი, რომელიც ზარქუამ რის ვაივაგლახით მოიგერია...
"ტორპედო" სამ გოლზე არ გაჩერდა - ოდიკაძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ შეცვლაზე შესულმა თორნიკე კაპანაძემ მცველებს დაასწრო და სტუმართა განადგურებას წერტილი დაუსვა.
უმაღლესი ლიგა. I ტური
14.08.15. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 1 200 მაყურებელი
ტორპედო-მერანი 4:0
1:0 ოდიკაძე (5-პენ), 2:0 კლიმიაშვილი (68), 3:0 კვერნაძე (69. ქიმაძის პასით), 4:0 კაპანაძე (88. ოდიკაძის პასით)
ტორპედო (4-2-3-1): სომხიშვილი - ოდიკაძე, ადამაძე, მირცხულავა, კახელიშვილი (60. შინდაგორიძე) - მამასახლისი, კლიმიაშვილი - კირკიტაძე, სიჭინავა (75. კაპანაძე), გოგუაძე (46. ქიმაძე) - კვერნაძე.
სათადარიგოები: თევდორაძე, ბაბუნაშვილი, კუხიანიძე, ნერგაძე
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
მერანი (4-1-4-1): ზარქუა - მარაქველიძე, პაჭკორია, შალიკაშვილი, გეგია - გვაზავა - რუხაია (65. წურწუმია), ხორგუაშვილი, კუტალია (55. ჯღამაია), წოწონავა - აშორტია (57. ბროლაძე).
სათადარიგოები: სევასტიანენკო, დ. ციცხვაია, ი. ციცხვაია, ფაილოძე
მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი
გაფრთხილება: სიჭინავა (30), კუტალია (45), მარაქველიძე (64), ქიმაძე (90)
არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული