თუმცა ჩემპიონატის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ ამ სეზონში თითქმის ყოველ ტურში უნდა ველოდოთ, სულ მცირე, ერთ-ორ მეტ-ნაკლებად არაპროგნოზირებად შედეგს. ამის დასტურად პირველი ტურიც გამოდგება, როცა ბევრისთვის მოულოდნელად, შედეგიანობაც (23 გოლი) მაღალი იყო და რვა შეხვედრიდან სამი მატჩის შედეგიც, მთლად სენსაციურად თუ არა, გარკვეულწილად მოულოდნელობადაც შეიძლება შეფასდეს.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც შესაშური შედეგიანობა იყო, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, თუ რა
და კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორიც - ჯერჯერობით მხოლოდ პირველი ტური ჩატარდა, მაგრამ მაინც მეტისმეტად ულამაზოდ მოჩანდა თითქმის ყველა მატჩის, ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარება...
თუმცა, მოდით, ეს ყველაფერი აგვისტოს პაპანაქებას დავაბრალოთ და შესავლისთვის ესღა ვთქვათ - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე პირველი ტურის სამ მატჩს დაესწრო: "ცხინვალი"-"საბურთალოს" (ხუთშაბათს), "დილა"-"კოლხეთს" და "დინამო"-"საპოვნელას" (ორივე - პარასკევს).
ამ სამივე მატჩში საქართველოს ნაკრების წევრებიც მონაწილეობდნენ და პოტენციური კანდიდატებიც...
პირველი: გოლი, დუბლი, ჰეთ-თრიკი...
XXVII ჩემპიონატი ხუთშაბათს 2 მატჩით, ერთსა და იმავე დროს დაიწყო; პირველი გოლი კი თბილისურ შეხვედრაში გავიდა: "ცხინვალი"-"საბურთალოს" მატჩის პირველი ტაიმი მთავრდებოდა, როცა მასპინძელთა 21 წლის შემტევმა რატი ცაცკრიალაშვილმა ამ შეხვედრის და, საერთოდ, ახალი სეზონის პირველი გოლი გაიტანა!...ტურის მეორე დღე კი მოვლენებით უფრო "დახუნძლული" აღმოჩნდა: გაცუდებულ პენალტებსა თუ გაძევებებზე ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი ის ფეხბურთელები გვინდა გამოვარჩიოთ, მშვენიერი შედეგიანობა რომ უჩვენეს.
უპირველეს ყოვლისა, ბათუმის "დინამოს" 28 წლის ცენტრფორვარდი გიორგი ბერიაშვილი უნდა ვახსენოთ, რომელმაც პირველსავე ტურში შეძლო ჰეთ-თრიკის შესრულება! აღსანიშნავია, რომ ამ გამოცდილ თავდამსხმელს საქართველოს ჩემპპიონატში სადაც ("ვიტ ჯორჯია", "ოლიმპი", "ტორპედო", "დილა") კი უთამაშია, იმ გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირიც ყოფილა, მაგრამ უმაღლეს ლიგაში ერთ მატჩში 3 გოლი აქამდე არასდროს ჰქონდა გატანილი.
ბერიაშვილს "ოდნავ ჩამორჩნენ" ირაკლი სიხარულიძე და ჯაბა ჯიღაური, რომლებმაც "დუბლი" შეასრულეს.
"სამტრედიის" 25 წლის ცენტრფორვარდმა სიხარულიძემ თავის ახალ გუნდში პირველსავე მატჩში გამოიჩინა თავი და მისმა წყვილმა გოლმა შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. თბილისის "დინამო", "მეტალურგი", ბათუმის "დინამო", "ზესტაფონი" - სიხარულიძეს სადაც კი უთამაშია, დუბლი ყველგან შეუსრულებია და ახლა ამ გუნდთა რიცხვს "სამტრედიაც" შეემატა.
აი, რაც შეეხება 23 წლის ჯაბა ჯიღაურს, თბილისის "დინამოს" უნივერსალმა ნახევარმცველმა უმაღლეს ლიგაში პირველი "დუბლი" შეასრულა.
გოლები ახალი გუნდის მაისურით...
ირაკლი სიხარულიძის გარდა, სასტარტო ტურში სხვა ფეხბურთელებმაც შეძლეს ახალ გუნდში პირველივე მატჩში თავის გამოჩენა; 25 წლის გიორგი გაბედავამ, 23 წლის ლუის ალბერტო მედინამ (ორივე - ბათუმის "დინამო"), 34 წლის დავით ოდიკაძემ ("ტორპედო"), 31 წლის დიმიტრი ტატანაშვილმა ("სიონი"), 24 წლის გიორგი ჭანკოტაძემ ("ჩიხურა"), 23 წლის ლაშა ჩაფიძემ ("გურია"), 31 წლის ოთარ მარცვალაძემ, 29 წლის გიორგი ნავალოვსკიმ (ორივე - "დილა"). ეს რაც შეეხება გოლებს, თორემ ჩვენ რომ ახლა ის ფეხბურთელები ჩამოვთვალოთ, ახალ გუნდში პირველი მატჩები ვინც ჩაატარეს, ძალიან გრძელი სია გამოვა!
ეგ კი არა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველა გუნდის ძირითადში ახალწეულები თამაშობდნენ. თუმცა, ეს ხომ ქართული საკლუბო ფეხბურთისათვის ჩვეულებრივი ამბავია და უკვე ის გვიკვირს, თუ როგორ შეძლო ბათუმის "დინამომ" წინა სეზონის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება...
სადებიუტო მატჩები, სადებიუტო გოლები...
თბილისის "საბურთალოს" უმაღლეს ლიგაში მართლაც მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა: უმაღლესი ლიგის ყველაზე ახალგაზრდულმა გუნდმა წინა სეზონის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდთან, "ცხინვალთან" მეორე ტაიმში ისეთი მატჩი შემოატრიალა, შესვენებამდე რომ აგებდა! ამ ზაფხულს დამატებული ჯაბა დვალისა და ლაშა თოთაძის გარდა, "საბურთალოს", ფაქტობრივად, ყველა ფეხბურთელმა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა: 18 წლის ბექა ქურდაძემ, გაგი მარგველაშვილმა (18), გრიგოლ ჩაბრაძემ (19), გიორგი ხარაიშვილმა (19), ვლადიმერ მამუჩიშვილმა (17), ბექა გვარაძემ (18), სანდრო ალთუნაშვილმა (18), ირაკლი ბიძინაშვილმა (18), ცოტნე ნადარაიამ (18), გურამ გოშთელიანმა (18).
ამათგან ორმა, ხარაიშვილმა და გოშთელიანმა, სულაც გოლებით აღნიშნეს უმაღლეს ლიგაში დებიუტი. ამათ გარდა, უმაღლეს ლიგაში დებიუტი ჰქონდათ: 20 წლის ოთარ კუსიანს ("ჩიხურა"); ლოკომოტიველებს - ბაჩო მიქავას (21), რატი არდაზიშვილს (17), გიორგი ღვინაშვილს (18), დავით სამურკასოვს (17); გოჩა კვარაცხელიას (19, "კოლხეთი"), ლევან წოწონავას (18, "მერანი"), გიორგი ქანთარიას (18, "ზუგდიდი"), ნიკა კვანტალიანს (17, ბათუმის "დინამო") და, რა თქმა უნდა, თერჯოლის "საპოვნელას" ფეხბურთელთა თითქმის 90 პროცენტს.
დაბოლოს, კიდევ ერთ ჭაბუკ ფეხბურთელზე, ლომის წვლილი რომ შეიტანა თავისი გუნდის გამარჯვებაში: ბათუმის "დინამოს" 18 წლის მარცხენა გარემარბმა ბექა ჭკუასელმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, პენალტიც "მოინადირა" და, საერთოდაც, ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ მოედანზე.
სამწვრთნელო თემა
ფეხბურთელთა გარდა, რამდენიმე მწვრთნელსაც ჰქონდა უმაღლეს ლიგაში დებიუტი: ვასილ მაისურაძეს ("ლოკომოტივი"), მირიან გეწაძეს ("საპოვნელა"). ამათ გარდა, ზოგი მწვრთნელი უმაღლეს ლიგას გარკვეული პაუზის მერე დაუბრუნდა და წარმატებითაც - გია ცეცაძე ("სამტრედია") თითქმის 4 წლის შემდეგ, ხოლო გიორგი ჭიაბრიშვილი ("საბურთალო") 3 წლის შემდეგ. წინა სეზონისგან განსხვავებით, სხვა გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში მოგვევლინნენ კახა გოგიჩაიშვილი ("გურია") და ვარლამ კილასონია ("სიონი"). სხვათა შორის, სწორედ ამ გუნდებს შორის ჩატარებულ მატჩში დაფიქსირდა პირველი ტურის ერთადერთი ფრე.
უიღბლონი...
უცნაურობა "დაებედა" ამ ზაფხულიდან თბილისის "დინამოს": ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა სამი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და სამივე... კაცნაკლულმა ჩაამთავრა! შეგახსენებთ, რომ ევროპალიგაზე აზერბაიჯანულ "გაბალასთან" გამართულ პირველ შეხვედრაში დინამოელებს გიორგი გველესიანი გაუძევეს, მეორეში კი - ლაშა თოთაძე.
ახლა კი, "საპოვნელასთან" სასტარტო ტურში, დინამოელთა ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა, 23 წლის რენე ფერეირამ სრულიად უწყინარ სიტუაციაში ორჯერ "დასტყუა" ყვითელი ბარათი არბიტრს და თავისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა.
ასევე ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო გააძევეს ფოთის "კოლხეთის" 24 წლის მარცხენაფლანგელი გიორგი ლემონჯავა, ხოლო "ცხინვალის" ემოციურ თავკაცს, კახა კაჭარავას "საბურთალოსთან" მატჩის მიწურულს არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა...
პირველი ტური უიღბლო გამოდგა კიდევ ორი ფეხბურთელისათვის; "საპოვნელას" 24 წლის მცველი ზურაბ ენდელაძე უმაღლეს ლიგაში ოთხწლიანი პაუზის მერე დაბრუნდა და თბილისის "დინამოსთან" მატჩში, თავისდა უნებურად, კურიოზული ავტოგოლი მიითვალა.
ამ შეხვედრაში მასპინძლები ისედაც უპირობო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ და სტუმართა ფეხბურთელის საკუთარ კარში გატანილ გოლს მატჩის საბოლოო შედეგზე იმდენად არ უმოქმედია, როგორც სხვა შემთხვევაში მოხდა...
"სამტრედია"-"შუქურას" მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს, როცა ანგარიში 0:0 იყო, სტუმართა "შტატიანმა" პენალტისტმა" გიორგი ჩელებაძემ 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა, შესვენების შემდეგ კი მასპინძლებმა 2 უპასუხო გოლი გაიტანეს.
...და ისევ "საპოვნელაზე" - უმაღლეს ლიგაში 20-წლიანი პაუზის მერე დაბრუნებული გუნდი დიდი ანგარიშით კი დამარცხდა, მაგრამ რამდენჯერმე გვარიანად ანერვიულა ფავორიტი მეტოქე: სანდრო შუღლაძის სახიფათო დარტყმა ლიბორ ჰრდლიჩკამ მოიგერია, გიორგი ბუხაიძემ კი ჯერ ძელს გაარტყა ბურთი, ხოლო მეორე ტაიმში გოლიც გაიტანა, ოღონდ არ ჩაუთვალეს...
ხმაურიანი დაბრუნებები
31 წლის ოთარ მარცვალაძემ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოს შარშან, მაისში ითამაშა, როცა თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში გამოდიოდა; ახლა კი "დილას" შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა ჩემპიონატის მატჩში და შეცვლაზე შემოსულმა გოლიც გაიტანა. ასევე შეცვლაზე შესულმა შეძლო თავის გამოჩენა "ტორპედოში" წელიწადნახევრის მერე დაბრუნებულმა 23 წლის თორნიკე კაპანაძემ. უფრო კი არა, ბევრად ხანგრძლივი პაუზის მერე დაუბრუნდა თავის მშობლიურ გუნდს თბილისის "დინამოს" ქართული ფეხბურთის მართლაც დამსახურებული ვეტერანი, 37 წლის ალექსანდრე იაშვილი!
ჰოდა, დაბრუნებაც ასეთი უნდა - "იაშკა" გუნდის კაპიტნადაც მოგვევლინა, ოსტატური გოლიც გაიტანა და თითქმის ყველა საგოლე ეპიზოდშიც (მარჯვენა მცველის, ოთარ კაკაბაძის მსგავსად) მიიღო მონაწილეობა.
...საქართველოს ნაკრების ენერგიული მარცხენაფლანგელი, 29 წლის გიორგი ნავალოვსკი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თითქმის რვაწლიანი პაუზის მერე დაბრუნდა, გორის "დილას" შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრაც ჩაატარა და გოლიც გაიტანა!
აღსანიშნავია, რომ ეს იყო ნავალოვსკის პირველი გოლი საქართველოს ჩემპიონატებში...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"