დამაიმედებელი სიახლე საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში

AutoSharing Option
წინა კვირაში სტარტი აიღო XXVII ეროვნულმა ჩემპიონატმა და იმასაც შეგახსენებთ, რომ წინა სეზონის მსგავსად, უმაღლეს ლიგაში ამჯერადაც 16 გუნდი ორ წრედ იასპარეზებს.

უცვლელი დარჩა პირველ ლიგაში დაქვეითების პრინციპიც: ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი ავტომატურად ვარდება, XIV-ადგილოსანს კი უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი ოფის მატჩი მოუწევს პირველ ლიგაში მესამე ადგილზე გასულ გუნდთან.

მოკლედ, თითქმის ყველაფერი უცვლელია, ერთი მართლაც საინტერესო სიახლის გარდა...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით, უმაღლესი ლიგის გუნდები ოფიციალურ მატჩებში ვალდებულნი არიან, ძირითად შემადგენლობაში ათამაშონ 1994 წელს და მერე დაბადებული
ორი ფეხბურთელი.

ეს იდეა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, კახა ცხადაძეს ეკუთვნის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა კი ოფიციალურად "დააკანონა".

აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე ორი-სამი გუნდის წარმომადგენელი ამ ინიციატივას არ იწონებდა და თავის უკმაყოფილებას პრესის საშუალებითაც აცხადებდა, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა და პირველსავე ტურში 16-ვე გუნდის ძირითადში იმაზე მეტი ახალგაზრდა (21 წლის ან კიდევ უფრო უმცროსი) გამოჩნდა, ვიდრე მოველოდით.

თუმცა ყველამ თავიდანვე ვიცოდით, რომ ძირითადი შემადგენლობის შესარჩევად ეს ახალი "ვალდებულება" არანაირ პრობლემას არ შეუქმნიდა უმაღლესი ლიგის ყველაზე ახალგაზრდული გუნდების ("საბურთალოს", "ლოკომოტივის", "სამტრედიის", "მერანის") მთავარ მწვრთნელებს; არც თბილისის "დინამოში" უნდა დამდგარიყო ეს პრობლემა, არც - "კოლხეთში" და არც - "ზუგდიდში". თუმცა ეს ვარაუდები იყო, რეალურად კი...

პირველი ტურის ორი მატჩი ხუთშაბათს გაიმართა და ორივეგან სტუმართა გუნდების შემადგენლობებში აბსოლუტური უმრავლესობა სწორედაც ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო და ბევრ მათგანს სულაც დებიუტი ჰქონდა უმაღლეს ლიგაში!

ასე, მაგალითად, გიორგი ჭიაბრიშვილის დამოძღვრილ "საბურთალოს" ძირითადში იყვნენ: გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი ხარაიშვილი (ორივე - 19 წლის), ბექა ქურდაძე, გაგი მარგველაშვილი, ბექა გვარაძე, გურამ გოშთელიანი (ყველა - 18 წლის), ვლადიმერ მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი (ორივე - 17 წლის), ხოლო ირაკლი ბიძინაშვილი და ცოტნე ნადარაია (ორივე - 18 წლის) შეცვლაზე გამოჩნდნენ.

რაც შეეხება "საბურთალოს" მეტოქე "ცხინვალს", კახა კაჭარავამ ძირითადში 20 წლის ბაქარ ქარდავა და 21 წლის ნიკა კაჭარავა გაამწესა, 18 წლის აკაკი შულაია კი მოედანზე შესვენების მერე გამოჩნდა.

...როგორც მოსალოდნელი იყო, ახალგაზრდები ჭარბობდნენ "ლოკომოტივის" ძირითადშიც: ბაჩო მიქავა, კონსტანტინე ღაღანიძე, რევაზ ჩიტეიშვილი, დავით უბილავა (ყველა - 21 წლის), მამია გავაშელიშვილი (20 წლის), ვაჟა ქიქავა (19 წლის), დავით სამურკასოვი (17 წლის), ხოლო გიორგი ღვინაშვილი (18 წლის) და რატი არდაზიშვილი (17 წლის) შეცვლაზე შევიდნენ.

მოგეხსენებათ, რომ უმაღლეს ლიგაში ხუთწლიანი პაუზის მერე დაბრუნებულმა "ლოკომოტივმა" პირველ ტურში "ჩიხურასთან" წააგო, გუნდთან, რომელმაც, სხვებისგან განსხვავებით, ყველაზე გვიან დაიწყო ახალი სეზონისათვის მზადება.

თუმცა სიტყვა "მზადება", ვფიქრობთ, ცოტა უადგილოც უნდა იყოს - სხვადასხვა მიზეზის გამო "ჩიხურა" მხოლოდ ივლისის ბოლოს შეიკრიბა, ეგ კი არა, ახალგაზრდა ფეხბურთელთა "სავალდებულო კვოტა" ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შეივსო და საჩხერელთა გუნდის გამოცდილმა თავკაცმა სოსო ფრუიძემ ორი ახალწვეული ახალგაზრდა გამოიყვანა ძირითადში: 20 წლის ოთარ კუსიანი და 19 წლის ჭიაბერ ჭეჭელაშვილი.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ ამ ასაკის სხვა ფეხბურთელი "ჩიხურას" სათადარიგოთა სკამზე არც ჰყოლია...

თითქმის ანალოგიური სიტუაცია იყო ჩემპიონი გუნდის შემთხვევაშიც: უჩა სოსიაშვილმა ძირითადში 20 წლის გიგა სამხარაძე და 19 წლის მათე კვირკვია დააყენა; სამაგიეროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ახალგაზრდები ჭარბობდნენ "დილას" მეტოქის, "კოლხეთის" შემადგენლობაში: ნიკა სიჭინავა (21 წლის), ალეკო ჩაკვეტაძე, ცოტნე ქებურია, ზურაბ თევზაძე (სამივე - 20 წლის) ძირითადში იყვნენ, 19 წლის ახალწვეული გოჩა კვარაცხელია კი შეცვლაზე შემოვიდა.

ახალი სეზონი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო წინა ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა ბათუმის "დინამომ", რომლის მთავარ მწვრთნელს, შოთა ჭეიშვილს ნამდვილად "არ ეშლება" პერსპექტიული ახალგაზრდების აღმოჩენა თუ დაწინაურება.

პირველ ტურში ბათუმელთა ძირითადში 20 წლის ნიკა დიასამიძე და 18 წლის ბექა ჭკუასელი იყვნენ, 17 წლის ნიკა კვანტალიანი კი შეცვლაზე შემოვიდა.

სამი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოიყვანა ძირითადში "ზუგდიდის" თავკაცმა ბესიკ შეროზიამ: 21 წლის გიორგი ბულია, ცოტნე სამუშია, ნიკა ნარმანია (ორივე - 20 წლის); კიდევ ორი ჭაბუკი ფეხბურთელი, გიორგი ქანთარია და დიმიტრი თუთბერიძე (ორივე - 18 წლის), შეცვლაზე შემოვიდა.

პირველ ტურში ერთადერთი ფრე დაფიქსირდა და ყველაზე ნაკლები რაოდენობის ახალგაზრდა ფეხბურთელი სწორედ ამ შეხვედრაში იყო: "გურიის" ძირითადში გამოჩნდნენ ზურაბ გელაშვილი და ვანო წილოსანი (ორივე - 19 წლის), 20 წლის ლუკა კობერიძე შეცვლაზე შევიდა, "სიონის" ძირითადში კი 21 წლის პაპუნა მოსემღვდლიშვილი და 20 წლის გიორგი გაფრინდაშვილი გახლდნენ.

ასევე ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო "ტორპედოს" ძირითადში: ოლეგ მამასახლისი და ზაურ გოგუაძე (ორივე - 19 წლის); სამაგიეროდ, მეტოქის, "მერანის" ძირითად შემადგენლობაში მათი რიცხვი, მოლოდინისამებრ, მეტი იყო: ფირუზ მარაქველიძე (20 წლის), იმედა აშორტია, გიორგი გეგია (ორივე - 19 წლის), მიხეილ რუხაია, ლევან წოწონავა (ორივე - 18 წლის); ამათ გარდა, შეცვლაზე შემოვიდნენ 19 წლის ლაშა ჯღამაია და 18 წლის გიგა წურწუმია.

პირველი ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი სამტრედიაში გაიმართა და ორივე გუნდის შემადგენლობაში ახალგაზრდები მრავლად იყვნენ: გაბრიელ თებიძე, დავით მთივლიშვილი, ნიკა სანდოხაძე, ავთანდილ ენდელაძე, თეიმურაზ მარკოზაშვილი, ბუდუ ზივზივაძე, დავით ჯიქია, დაჩი ცნობილაძე (ყველა - "სამტრედია"), ლევან ინგოროყვა, ლევან გეგეჭკორი, ზურაბ მალანია, თენგიზ წიქარიძე (ყველა - "შუქურა").

დაბოლოს, პირველი ტურის ბოლო მატჩზეც, სადაც ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი თბილისის "დინამო" უმაღლეს ლიგაში 20-წლიანი პაუზის მერე დაბრუნებულ "საპოვნელას" ხვდებოდა.

თერჯოლელთა მთავარმა მწვრთნელმა მირიან გეწაძემ ძირითადში გიორგი მაკარიძე და მირიან რობაქიძე (ორივე - 20 წლის) დააყენა; აი, მასპინძელთა თავკაცმა გია გეგუჩაძემ კი ოთხი ახალგაზრდა - მათე ცინცაძე, ოთარ კაკაბაძე (ორივე - 20 წლის), ოთარ კიტეიშვილი (19 წლის), გიორგი თევზაძე (18 წლის).

...დასკვნის მაგივრად: პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში "ლელომ" 5 ახალგაზრდა ფეხბურთელი შეიყვანა! აი, ისინიც, ჩვენი რჩეულნი: გაბრიელ თებიძე, ოთარ კაკაბაძე, გიორგი ხარაიშვილი, ბექა ჭკუასელი, გურამ გოშთელიანი!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოვიდა ინვესტორი და კლუბში ფული ჩადო,რატომ ავალდებულებთ და ზღუდავთ თქვენი "კანონებით"?
chero
23:36 19-08-2015
0
იდეა ქეცბაიას ეკუთვნის და არა ცხადაძეს როროგრც მახსოვს
უჩა
10:13 20-08-2015
0

სიახლეები პოპულარული