დამატებითი სტიმული - ახალი ნომინანტების მოლოდინი

AutoSharing Option
...წინა სეზონის დასრულების შემდეგ გაზეთმა "ლელომ" და ტოტალიზატორმა "ლიდერბეთმა", ერთობლივი ძალისხმევით, XXVI ჩემპიონატის ნომინანტები გამოავლინეს და ამ ყველაფერს ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიალიც მოჰყვა, რომელსაც თბილისში, ჭავჭავაძის 7 ნომერში მდებარე წიგნების მაღაზია "ბიბლუს გალერიმ" უმასპინძლა.


იმ მართლაც დასამახსოვრებელ ღონისძიებას ჩვეული ორატორობით ჩვენი კოლეგა, პოპულარული კომენტატორი ჯამლეთ ხუხაშვილი უძღვებო
და. ლაურეატთა და ნომინანტთა გარდა, დაჯილდოების ცერემონიალს ქართული მასმედიისა და ქართული საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ "ლელოსა" და ტოტალიზატორ "ლიდერბეთის" ერთობლივი პროექტის მიხედვით, 12 ნომინაცია იყო და აქვე ლაურეატებსაც დავასახელებთ. საუკეთესო მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი ("დილა") მივიჩნიეთ, საუკეთესო მეკარედ - მიხეილ ალავიძე (ბათუმის "დინამო"), საუკეთესო მცველად - ლაშა თოთაძე (თბილისის "დინამო"), საუკეთესო ნახევარმცველად - ნიკა კვეკვესკირი ("დილა"), საუკეთესო თავდამსხმელად - ირაკლი მოდებაძე ("დილა"), საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად - გიორგი პაპუნაშვილი (თბილისის "დინამო"), საუკეთესო დებიუტანტად - გიორგი ჩელებაძე ("შუქურა"), სეზონის აღმოჩენად - გუგა ფალავანდიშვილი ("დილა"), საუკეთესო ლეგიონერად - ლუის ალბერტო მედინა ("სიონი"), სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად კი - XXVI ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი მოდებაძე.

ამას გარდა, კიდევ ორი ნომინაცია იყო: საუკეთესო "საფეხბურთო დინასტიად" მამა-შვილი, კახა და ნიკა კაჭარავები ("ცხინვალი") მივიჩნიეთ; ხოლო "სეზონის დაბრუნების" ნომინაციაში ერთდროულად 2 გამარჯვებული გვყავდა, ორივე ქართული ფეხბურთის დამსახურებული ვეტერანი, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ხანგრძლივზე-ხანგრძლივი პაუზის მერე დაუბრუნდნენ: ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი შოთა ჭეიშვილი და მეორე წრიდან "სამტრედიაში" ჩარიცხული ალექსანდრე იაშვილი!..

სხვადასხვა მიზეზის გამო ზემოთ ჩამოთვლილ ლაურეატთაგან ოთხმა თავისი კუთვნილი პრიზები ვერ მიიღო, რადგანაც იმ დროისათვის თბილისში არ იმყოფებოდნენ; თუმცა ეს პრიზები არც "დაკარგულა" და უახლოეს პერიოდში (მაქსიმუმ, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში) ოთხივე ლაურეატი (შოთა ჭეიშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლაშა თოთაძე, გიორგი პაპუნაშვილი) გაზეთ "ლელოსა" და ტოტალიზატორ "ლიდერბეთის" მიერ დაწესებულ პრიზებს მიიღებს.

...იმავე საზეიმო დაჯილდოებაზე "საჯაროდ" დაანონსდა, რომ ეს არ იქნებოდა "ერთჯერადი აქცია" და ანალოგიური ღონისძიება მომავალ წელსაც ჩატარდებოდა. შესაძლოა, ერთი-ორი ნომინაციის "შინაარსი" შეიცვალოს, ანდა ერთი-ორი ნომინაცია გამოაკლდეს ან მიემატოს კიდეც; თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, რომ "ლელო" და "ლიდერბეთი" ამ ყველაფრის ტრადიციად ქცევას აპირებენ და ამის დასტურად ეგრეთ წოდებული საშუალედო ნომინანტების გამოვლენაც უნდა მივიჩნიოთ.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, გაზეთი "ლელო" და ტოტალიზატორი "ლიდერბეთი" ყოველი თვის დასაწყისში, სულ მცირე, ორ ლაურეატს დააჯილდოებენ: წინა თვის შედეგების გათვალისწინებით, გამოვავლენთ "თვის საუკეთესო მწვრთნელსა" და "თვის საუკეთესო ფეხბურთელს"; დაჯილდოების ცერემონიალის ადგილიც, ძალიან დიდი ალბათობით, უცვლელი დარჩება: "ბიბლუს გალერი"!

მოკლედ, XXVII ჩემპიონატში მონაწილე გუნდების მწვრთნელებსა თუ ფეხბურთელებს უკვე აგვისტოდანვე ექნებათ საკმარისზე მეტი სტიმული...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა აბაა?
Malkhaz
17:17 20-08-2015
0

სიახლეები პოპულარული