უმაღლესი ლიგა. II ტურის წინ: ეპიცენტრშია ვაკე და გორი

AutoSharing Option
ფოტოზე: "დინამო"-"ლოკომოტივის" მატჩი 2008 წელს, უტევს მათე ვაწაძე
უმაღლესი ლიგის პირველი წრის კალენდარი ისე არის შედგენილი, რომ ყველა ტური, ფაქტობრივად, კვირის ბოლოს ტარდება; ანუ შუა კვირაში ჩემპიონატის მატჩები არ არის, სამაგიეროდ, უმაღლესი ლიგის გუნდების უმრავლესობას, "დილას", ბათუმის "დინამოს", თბილისის "დინამოსა" და "ცხინვალის" გარდა, 13-დან 30 აგვისტოს ჩათვლით, 5-5 ოფიციალური შეხვედრის (სათასო დაპირისპირებების ჩათვლით) ჩატარება მოუწევთ.

ამას აგვისტოსათვის დამახასიათებელი "ნორმაზე" მაღალი ჰაერის ტემპერატურაც დავუმატოთ და მერე უკვე ვეღარც გავამტყუნებთ იმ გუნდების მწვრთნელ-ფეხბურთელებს, სეზონის პირველსავე (!) თვეში გადატვირთულ კალენდარსა თუ გადაღლილობაზე რომ
დაიწყებენ წუწუნს...

ასე თუ ისე, დღეს და ხვალ მეორე ტურის მატჩები გაიმართება და ისე დაემთხვა, რომ ამ ტურში ყველაზე საინტერესო დაპირისპირებად მიჩნეული ორივე შეხვედრა დღეს ჩატარდება: ვაკეში, ხუთწლიანი პაუზის მერე დაბრუნებული თბილისური დერბი გველოდება, გორში კი ერთმანეთის პირისპირ საქართველოს ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი წარდგებიან!

იმედი დავიტოვოთ, რომ ამ ორივე ცენტრალურ მატჩს გულშემატკივარი არ დააკლდება, ისე, როგორც, საერთოდ, მეორე ტურის დანარჩენ შეხვედრებსაც; იმის იმედიც დავიტოვოთ, რომ პირველი ტურის მსგავსად, ჩვენი ფეხბურთელები მეორე ტურშიც შესაშურ (ამასთან, აგვისტოსათვის არადამახასიათებელ) შედეგიანობას გამოიჩენენ და ასევე პირველი ტურის მსგავსად, ახლაც ვიხილავთ ჰეთ-თრიკ(ებ)სა თუ "დუბლებს"...

21.08. თბილისი, "მიხეილ მესხი". 20:00
ლოკომოტივი-დინამო (თბ)
დისკვალიფიკაცია: რენე ფერეირა (დინამო თბ)
ურთიერთშეხვედრები
38: +6 =11 -21, 21:51

ხუთწლიანი პაუზის მერე კიდევ ერთი დედაქალაქური დერბი გვიბრუნდება, თანაც თავისებური ხიბლი უნდა ჰქონდეს მეორე ტურის ამ ცენტრალური მატჩის საღამოთი ჩატარებას (პლუს, ღამის განათების თანხლებით); აღარაფერს ვამბობთ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მოედნის საფრის მაღალ ხარისხზე და, აქედან გამომდინარე, ისღა დაგვრჩენია, რომ საინტერესო თამაშის მოლოდინი გვქონდეს.

ერთი შეხედვით, ამ წყვილში ფავორიტად "დინამო" უნდა მივიჩნიოთ: გია გეგუჩაძის გუნდმა ჩემპიონატი დამაჯერებელი მოგებით დაიწყო და დისკვალიფიცირებული ცენტრალური მცველის, რენე ფერეირას არყოფნაც არ უნდა იყოს სტუმართათვის სერიოზული საკადრო პრობლემა.

საერთოდაც, ამ სეზონისათვის "დინამო" ისეა დაკომპლექტებული, ფაქტობრივად, ყველა პოზიციაზე ორი ფეხბურთელი რომ აცხადებს პრეტენზიას; თუმცა, ეს ფაქტი გასაკვირი არც უნდა იყოს: გია გეგუჩაძეს სხვა გუნდებშიც ("ზესტაფონი", "ტორპედო") ხომ ანალოგიური მოთხოვნა ჰქონდა.

"დინამოსაგან" განსხვავებით, "ლოკომოტივს" ახალ სეზონში არასახარბიელო სტარტი ჰქონდა: ვასილ მაისურაძის ახალგაზრდულმა გუნდმა პირველი ტურის მატჩიც ("ჩიხურასთან") წააგო და თასის 1/16-ფინალის პირველი შეხვედრაც (სერიოზულად გაძლიერებულ ცხინვალის "ლიახვთან"); თუმცა ეს ორივე მატჩი "ლოკომოტივმა" სტუმრად და, რაც მთავარია, ოთხდღიან ინტერვალში ჩაატარა.

ახლა კი "ლოკომოტივის" ახალგაზრდა ფეხბურთელებს მეტად და მეტად სერიოზული გამომცდელი ეყოლება "დინამოს" სახით, სადაც, სხვათა შორის, საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებისდროინდელი თანაგუნდელებიც თამაშობენ.

ბოლოს და ბოლოს, დღევანდელი "დინამოს" ახალგაზრდა ლიდერები მათე ცინცაძე და ოთარ კაკაბაძე ხომ თავის დროზე საქართველოს იმ 17-წლამდელთა ნაკრებშიც გამოირჩეოდნენ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაზე რომ იასპარეზა; იმ ნაკრების მთავარი მწვრთნელი კი ვასილ მაისურაძე გახლდათ, უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი წინა ტურში რომ ჩაატარა.

..."ლოკომოტივი" უმაღლეს ლიგაში 1997 წელს აღზევდა და 2010 წლის ზაფხულამდე მუდამ უძლიერესთა შორის ასპარეზობდა; ერთი-ორჯერ საჩემპიონო ამბიციაც ჰქონდა იმ დროისათვის რკინიგზელთა გუნდს, თუმცა ოქროს მედლები მაინც ვერც ერთხელ ვერ მოიპოვა.

განსაკუთრებით მტკივნეული კი, რაღა თქმა უნდა, 2000/01 წლების სეზონის ბოლო იყო: გივი ნოდიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ლოკომოტივს" "დუბლის" შესრულების მშვენიერი შანსიც ჰქონდა, მაგრამ თასის ფინალიც წააგო და ჩემპიონატშიც II ადგილზე გავიდა. სხვათა შორის, იმ სეზონში "ლოკომოტივმა" სამჯერ მოუგო "დინამოს", ერთხელ კი - ფრედ ითამაშა.

..."ლოკომოტივისა" და "დინამოს" ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში რამდენიმე მართლაც დასამახსოვრებელი მატჩი ყოფილა, ერთი-ორი სკანდალური შეხვედრაც გვახსოვს, ისე, როგორც ამ გუნდებს შორის ჩატარებულ დაპირისპირებებში ყველაზე პოპულარული ანგარიში (0:0 ათჯერ დაფიქსირდა).

თუმცა, ერთი კონკრეტული მატჩი მაინც ყველაზე გამორჩეულია: 2007/08 წლების სეზონის მიწურულს, როცა "დინამომ" სამწლიანი პაუზის მერე მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა და უკვე ჩემპიონის რანგში, "ლოკომოტივს" საშინაო შეხვედრაში... 6:5 მოუგო!

21.08. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 17:00
დილა-დინამო (ბთ)
დისკვალიფიკაცია: რომან ტაკიძე (დინამო ბთ)
ურთიერთშეხვედრები
45: +9 =11 -25, 28:67

მეორე ტურის კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი გორში უნდა გაიმართოს, სადაც ჩემპიონი "დილა" ვიცე-ჩემპიონ ბათუმის "დინამოს" უნდა დაუპირისპირდეს.

ორივე გუნდმა სეზონი "მშრალი" მოგებით დაიწყო და საერთოდაც, "დილაც" და ბათუმის "დინამოც" ამ ჩემპიონატშიც მხოლოდ და მხოლოდ მაღალი მიზნებისათვის იბრძოლებენ.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "დილას" შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები მოხდა, თუმცა გუნდი უფრო გაძლიერდა, ვიდრე - დასუსტდა; ეგ კი არა, უმაღლესი ლიგის ყველაზე ახალგაზრდა თავკაცს, უჩა სოსიაშვილს ნამდვილად აქვს იმის ფუფუნება, თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში უმტკივნეულო როტაცია მოახდინოს.

აი, მისი გამოცდილი კოლეგა შოთა ჭეიშვილი კი (ისე, როგორც 90-იან წლებში) კვლავაც სტაბილურობას ანიჭებს უპირატესობას: ბათუმელთა გუნდში ახალ სეზონში მხოლოდ სამი ახალწვეულია (გიორგი გაბედავა, პაპუნა ფონიავა, ლუის ალბერტო მედინა) და სამივეს ძირითადში მოხვედრაზე აქვს პრეტენზია; თუმცა, ბათუმელთა გუნდში სხვაც არაერთი კვალიფიციური თუ ამბიციური ფეხბურთელია და ამის ნათელი მაგალითია პირველი ტურის მატჩი, როცა "დინამომ" დიდი ანგარიშით (5:0) მოუგო "მერანს".

შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა მასპინძელთა ცენტრფორვარდმა გიორგი ბერიაშვილმა, რომელიც გარკვეული პერიოდის (2013/14 წლების სეზონის მეორე ეტაპზე) განმავლობაში "დილაში" თამაშობდა.

II ტურის სხვა მატჩები
22.08. ქობულეთი. "ჩელე არენა". 17:00
შუქურა-გურია
ურთიერთშეხვედრები
4: +2 =1 -1, 5:3

22.08. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა". 17:00
მერანი-ცხინვალი
დისკვალიფიკაცია: ომარ მიგინეიშვილი (ცხინვალი)
ურთიერთშეხვედრები
6: +2 =0 -4, 5:9

22.08. თბილისი. "ბენდელა". 17:00, LIVE "პირველ არხზე"
საბურთალო-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან

22.08. ლანჩხუთი. "ევ. შევარდნაძე". 17:00
კოლხეთი-სიონი
ურთიერთშეხვედრები
38: +17 =10 -11, 52:37

22.08. ზუგდიდი. "ბაიას ბაზა". 17:00
ზუგდიდი-ტორპედო
დისკვალიფიკაცია: შალვა ფურცხვანიძე (ტორპედო)
ურთიერთშეხვედრები
18: +4 =5 -9, 10:21

22.08. ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 17:00
საპოვნელა-სამტრედია
დისკვალიფიკაცია: დავით ბერუაშვილი (საპოვნელა)
ურთიერთშეხვედრები
2: +0 =0 -2, 1:8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
წადით სტადიონზე იქ იწყება ფეხბურთი!
გივი
14:21 21-08-2015
0
ეს ურთიერთ შეხვედრები გარკვევით დაწერეთ..
dato
12:03 21-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული