ლოკომოტივი-დინამო (თბ) 1:4 - სავსე ტრიბუნები მოუხდებოდა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხუთწლიანი პაუზის მერე კიდევ ერთი დედაქალაქური "დერბი" დაგვიბრუნდა: უმაღლეს ლიგაში აღზევებულმა ახალგაზრდულმა "ლოკომოტივმა" ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდს უმასპინძლა.

სამწუხაროდ, მეორე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი, ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდა; არადა, ამინდიც იდეალური იყო და თამაშის დაწყების დროც (20 საათი), მაგრამ ეს უხვგოლიანი და სანახაობრივი მატჩი თითქმის უმაყურებლოდ ჩატარდა...

პირველ ტურთან შედარებით, ორივე გუნდის თავკაცმა გარკვეული გადაადგილებები მოახდინა თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში; მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ სამი ახალი ფეხბურთელი (ლაზარე კუპატაძე, გიორგი ხიდეშელი, გიორგი
კიკნაძე
) გამოიყვანა, მისმა კოლეგამ, გია გეგუჩაძემ კი - ორი (გიორგი ბეგაშვილი, არჩილ ტვილდიანი).

თუმცა "დინამოს" ცვლილებები უფრო იძულებით ხასიათს ატარებდა: ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დედაქალაქურ "დერბის" ლიბორ ჰრდლიჩკა და ოთარ კაკაბაძე ტოვებდნენ. თუმცა, ეს დინამოელთა თამაშზე ნეგატიურად არ ასახულა: ჩემპიონობის ერთ-ერთმა ფავორიტმა ზედიზედ მეორედ მოიგო და ზედიზედ მეორედ შეძლო მეტოქის კარში 4 გოლის გატანა.

ეგ კი არა, კიდევ... ორჯერ ამდენის გატანა შეეძლო (განსაკუთრებით - მეორე ტაიმში), თუმცა, ხან მასპინძელთა 19 წლის მეკარე ლაზარე კუპატაძე თამაშობდა უშეცდომოდ, ხან კიდევ დინამოელები ვერ ურტყამდნენ ზუსტად.

ეს ყველაფერი კი, გარკვეულწილად, იმანაც გამოიწვია, რომ "ლოკომოტივი" თითქმის ტაიმ-ნახევარი კაცნაკლული თამაშობდა და "დინამოს" შემტევებიც ერთობ იოლად პოულობდნენ თავისუფალ სივრცეებს და მომენტს-მომენტზეც ქმნიდნენ.

არადა, მატჩის დასაწყისი ისეთი იყო, მეტი ინტრიგა რაღა უნდა ყოფილიყო: მეექვსე წუთი იყო, მასპინძელთა შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელის, ალექსი ბენაშვილის კუთხურს ის მოჰყვა, რომ "ლოკომოტივის" მარჯვენა გარემარბმა გიორგი დიასამიძემ დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან ზუსტად დაარტყა და ანგარიშიც გახსნა!

თუმცა, ფავორიტ სტუმრებს ათიოდე წუთი დასჭირდათ სიტუაციის გამოსასწორებლად: "დინამოს" ახალწვეულმა, 18 წლის მარცხენა მცველმა გიორგი თევზაძემ დაახლოებით 35 მეტრიდან მძლავრი "ცაციათი" ბურთი მეკარისაგან მარცხენა მაღალ კუთხეში ზუსტად გაგზავნა!

ისეთი ეფექტური გოლი იყო, სეზონის საუკეთესოობაზე რომ ექნება პრეტენზია.

არანაკლებ ლამაზი ეპიზოდი ვნახეთ სულ მალე: მართლაც უბერებელი ალექსანდრე იაშვილი ბურთიანად მარცხნივ წავიდა და მერე "ცაციათი", რბილი დარტყმით 25 მეტრიდან ბურთს მეკარეს თავზე უგდებდა, მაგრამ სულ მცირედი დააკლდა გოლ-შედევრამდე...

ამის მერე მოედანზე იაშვილის შოუ დაიწყო: დინამოელთა 37 წლის კაპიტანმა ჯერ ოთარ კიტეიშვილი გაიყვანა უზადო პასით დასარტყამ პოზიციაზე, მერე კი არანაკლებ დიდოსტატური გადაცემა გაუკეთა გიორგი ქვილითაიას, რომელიც მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, როცა უკნიდან მოცელეს. ფიფას არბიტრ ლაშა სილაგავას ვერდიქტი მკაცრი, თუმცა სამართლიანი იყო: პენალტიც დანიშნა და მასპინძელთა ცენტრალური მცველი კონსტანტინე ღაღანიძეც გააძევა.

11-მეტრიანი კი აუღელვებლად და ზუსტად შეასრულა მათე ცინცაძემ, რომელმაც ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა...

რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნის მიუხედავად, "ლოკომოტივს" უკან არ დაუხევია და დროდადრო მწვავე კონტრიერიშებსაც ახორციელებდა; აქტიურობდა გიორგი დიასამიძე, მერე დავით უბილავა და უმცროსი გიორგი კიკნაძე ურტყამდნენ შეუჩერებლად; თუმცა "დინამომ" პირველ ტაიმშივე გადაწყვიტა მატჩის ბედი: კიტეიშვილი-თევზაძის კომბინაცია ჯაბა ჯიღაურმა ახლო მანძილიდან გატანილი გოლით დაასრულა.

მეორე ტაიმში თამაში "გაიხსნა" და მცირერიცხოვანი გულშემატკივარიც "ღია" თამაშის მომსწრე გახდა; სახიფათო მომენტების ჩამოთვლა კი შორს წაგვიყვანს და მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ლაშა პარუნაშვილსა და შეცვლაზე შემოსულ ახალგაზრდა ფორვარდს, დავით ვოლკოვს ჰეთ-თრიკის შესრულება შეეძლოთ.

ერთი-ორჯერ მასპინძლებმაც შეუტიეს მწვავედ და ის ეპიზოდი გვინდა გამოვყოთ, როცა "ლოკომოტივის" 17 წლის საყრდენმა დავით სამურკასოვმა ასაკთან შეუფერებელი დიდოსტატური პასით მამია გავაშელიშვილი ხელსაყრელ პოზიციაზე დატოვა, მაგრამ წინა სეზონში პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა ბურთი "დინამოს" კარს გარედან გაარტყა.

ბოლოს კი "იაშკას" მორიგი საგოლე პასი ვნახეთ, რასაც სტუმართა გამოცდილი ახალწვეულის, ზაზა ჭელიძის ზუსტი თავური დარტყმა მოჰყვა...

საქართველოს XXVII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II ტური
21.08. თბილისი. "მიხეილ მესხი". 400 მაყურებელი
ლოკომოტივი-დინამო (თბ) 1:4
გოლები: 1:0 გ. დიასამიძე (6), 1:1 გ. თევზაძე (16), 1:2 ცინცაძე (26-პენ), 1:3 ჯიღაური (36. თევზაძის პასით), 1:4 ზ. ჭელიძე (82, ა. იაშვილის პასით).
ლოკომოტივი (5-4-1): კუპატაძე - ბენაშვილი, გეთიაშვილი, ღაღანიძე, ხიდეშელი, უბილავა - გ. დიასამიძე (70. ჩიხლაძე), სამურკასოვი (78. ქანთარია), ქიქავა, კიკნაძე (57. არდაზიშვილი) - მ. გავაშელიშვილი.
სათადარიგოები: მაკასარაშვილი, დუმბაძე, თექთურმანიძე, მიქავა
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
დინამო (4-4-2): ბეგაშვილი - ტვილდიანი, გველესიანი, ზ. ჭელიძე, გ. თევზაძე - ჯიღაური, პარუნაშვილი, ცინცაძე (55. ჯანელიძე), კიტეიშვილი (62. ჭანტურიშვილი) - ა. იაშვილი, გ. ქვილითაია (70. ვოლკოვი).
სათადარიგოები: გ. გურული, არაბული, კაკაბაძე, კულუა
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: უბილავა (14), იაშვილი (45), ქიქავა (52), ბეგაშვილი (72)
არბიტრი: ლ. სილაგავა

ბომბარდირები:
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 4
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 3
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 2
ო. მარცვალაძე (დილა) 2
გ. გოშთელიანი (საბურთალო) 2
თ. წიქარიძე (შუქურა) 2

სუპერთასი
25 აგვისტო
დილა-დინამო (თბ)

25-26 აგვისტო
დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/16-ფინალი. საპასუხო მატჩები

უმაღლესი ლიგა. III ტური
29 აგვისტო, შაბათი
დინამო (თბ)-საბურთალო

30 აგვისტო, კვირა
დინამო (ბთ)-კოლხეთი
ტორპედო-დილა
ცხინვალი-ზუგდიდი
ჩიხურა-მერანი
სამტრედია-ლოკომოტივი
გურია-საპოვნელა
სიონი-შუქურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ისედაც ცოტა ხალხი დადის ხალხო და კიდევ აკლებთ იმ გულშემატკივარს? 800-900 კაცი ხო მაინც იქნებოდა მინიმუმ და თქვენ ნახევარს რატომ წერთ?
დათო
12:43 24-08-2015
0
მეტი რეკლამაა საჭირო მაყურებლები რომ მიიზიდოთ, ხანდახან ტური ისე ჩაივლის საერთოდ ვერ გაიგებ თუ განსაკუთრებით არ შეხვედი ს.ფ.ფ. ვებგვერდზე.
ფეხბურთში ფულის დახარჯვა არავის არ უნდა და ჰაერზე თავისთვის არაფერი გამოსწორდება...
qomagi
13:01 24-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული