"ლელო" თბილისის "დინამოს" თავკაცს გაესაუბრა...
- უპირველეს ყოვლისა, სუპერთასის მატჩი შევაფასოთ...
- ამ შეხვედრას დადებითად შევაფასებდი. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ "დინამოს" თამაშში პროგრესს ვხედავ. ჯერ მაინც ახალი გუნდი გვყავს, მხოლოდ ფრაგმენტულად ჩანს ის ფეხბურთი, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ და რომლისკენაც მივისწრაფვით, მაგრამ პროგრესი
ეს იმას ნიშნავს, რომ სწორი გზით მივდივართ და ამაში ბოლომდე ვარ დარწმუნებული.
- რა იყო ის მთავარი მომენტი, რამაც ამ შეხვედრაში "დინამოს" წარმატება განაპირობა?
- მოწინააღმდეგედ ძალიან გამოცდილი გუნდი გვყავდა. გამახარა იმან, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში ხელიდან არ გაგვიშვია თამაშის სადავეები. საჭირო დროს ვუტევდით და როცა საჭირო იყო, რაციონალურად ვანაწილებდით ძალებს. რაც მთავარია, გუნდი მინდორზე აზროვნებდა, ფიქრობდა...
- ორი ტურის შემდეგ "დინამო" უდანაკარგოა საქართველოს ჩემპიონატში...
- კარგია, სტარტი უდანაკარგოდ რომ ავიღეთ. ეს მშვენიერი წინაპირობაა ჩემპიონატში "შესასვლელად". ამის მიუხედავად, ალბათ, თქვენც დამეთანხმებით, რომ მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა.
- შეიძლება თუ არა ითქვას, რომ მწვრთნელის ბოლომდე ესმის გუნდს?
- ამ მხრივ, მე ვერ ვხედავ პრობლემას. ერთი კია - ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს საიმისოდ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ.
- გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და ცვლილებებს ვერაფრით გამოვრიცხავთ. ხომ არ არის მოსალოდნელი მატება "დინამოში"?
- თქვენ სწორად დასვით კითხვა: ვერაფერს გამოვრიცხავთ. პირდაპირ გეტყვით - არის პოზიციები, რომლებიც გაძლიერებას საჭიროებენ და ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს. შეიძლება, ეს პროცესი ცოტა რთულად მიდის, მაგრამ მაინც. მე არ ვამბობ, რომ იქნება ძირეული ცვლილებები, მაგრამ სასელექციო მუშაობა გაგრძელდება და ეს ბუნებრივიცაა.
ძირითად ბირთვს აუცილებლად შევინარჩუნებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ "დინამო" გაძლიერდეს. შეიძლება, ეს მაინცდამაინც ამ ზაფხულს არ მოხდეს და ზამთრამდე მოვიცადოთ...
- საქართველოს ჩემპიონატის განვლილი ორი ტური თუ გვაძლევს მასალას განსჯისთვის? საით მიდის ჩვენი პირველობა? წინაზე უკეთესი ჩანს თუ უარესი?
- ჩემი აზრით, მართებული იქნება, ეს კითხვა ცოტა მოგვიანებით დავსვათ. მაშინ მეტი მასალა გვექნება განსჯისთვის.
- "დინამოში" ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია - ისინი, ვინც ჩვენი ფეხბურთის ხვალინდელი დღე უნდა განაპირობოს. კმაყოფილი ხართ მათი განვითარებით, თუნდაც ყოველდღიური ცხოვრების წესით? "მიჰყვებიან" ისინი ბოლომდე გუნდის მთავარ მწვრთნელს? ითავისებენ თქვენს მოთხოვნებს?
- გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ამ კუთხით ჯერ პრობლემა არ შემქმნია. აქვე გეტყვით, რომ საქართველოში დგას ეს პრობლემა და ამის უარყოფა შეუძლებელია. ჩემი მოთხოვნა არის ის, რა პირობებსაც თანამედროვე ფეხბურთი აყენებს. ეს არის მეტი პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული...
ფეხბურთელმა ფეხბურთით უნდა იცხოვროს. ოღონდ, ეს რომ მხოლოდ ერთი გუნდის ფარგლებში ხდებოდეს, არაფერი შეიცვლება. იმედი მაქვს, ასე ფიქრობენ და ასეც ხდება სხვა ქართულ კლუბებში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"