უმაღლესი ლიგის III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
დასრულდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტური. ჩვენი პირველობა არდადეგებზე მიდის - უახლოესი დღეების განმავლობაში ქართული ფეხბურთის ქომაგის მთავარი საზრუნავი ეროვნული ნაკრები იქნება, შოტლანდია-ირლანდიასთან ორი უპრინციპულესი შეხვედრა რომ ელის...

მასპინძელთა დომინაციით
თუ რამ გამოარჩევდა მესამე ტურს, უპირველეს ყოვლისა, ალბათ, ის, რომ მასპინძლები შესანიშნავად გაისარჯნენ. სტატისტიკა ფეხბურთში ყველაფერზე როდი მეტყველებს, მაგრამ ჩვენ უბრალო სტატისტიკური მაჩვენებელი მოვიყვანოთ.

8 მატჩიდან შვიდში(!) მასპინძლებმა მოიგეს. მათი "ჰეგემონია" მხოლოდ ქუთაისში დაემხო, სადაც ადგილობრივმა "ტორპედომ" ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში 0:2 წააგო გორის "დილასთან". უჩა სოსიაშვილმა დუელი მოუგო შედარებით გამოცდილ,
თუმცა სამწვრთნელო ნიხრით ჯერაც ახალგაზრდა გიორგი დარასელიას.

აქვე ვთქვათ, რომ დასრულებული ტური, შედეგიანობის მიხედვით, "გოლუხვი" გამოდგა. გავიდა 27 გოლი (საშუალოდ - 3,4 გოლი ერთ შეხვედრაში), რაც სოლიდური ციფრია, მით უმეტეს, სეზონის სტარტის გათვალისწინებით.

ოსტატი, შეგირდი და მოულოდნელი სამტრედია
ტურის სხვა, გამორჩეულ შეხვედრაში თბილისის "დინამომ" შანსი არ დაუტოვა (4:0) "საბურთალოს". სატურნირო მდგომარეობის გარდა, ეს მატჩი სხვა რამითაც იყო ნიშანდობლივი - ერთმანეთს გია გეგუჩაძე და გია ჭიაბრიშვილი დაუპირისპირდნენ.

მკითხველს ემახსოვრება, რა ნაყოფიერად იღვწოდა ეს დუეტი "ზესტაფონში". ამჯერად, ყოფილმა ოსტატმა ყოფილ შეგირდს აჯობა. "დინამო" კი სულ სხვანაირ ფეხბურთს თამაშობს. ბურთი თვალსასეიროდ გორავს, ალექსანდრე იაშვილს კი მეორე სუნთქვა გაეხსნა - გოლებს "დახატულ" პასებს უნაცვლებს...

არ შეიძლება, არ აღინიშნოს "დინამოს" მსგავსად "ასპროცენტიანი" "სამტრედიის" ჩინებული სტარტი. გია ცეცაძის გაწვრთნილი ახალგაზრდული გუნდისგან ასეთ დასაწყისს ბევრი არ ელოდა.

ცეცაძემ, ძირითადად, ის ბიჭები შემოიკრიბა, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში რომ წვრთნიდა. გეზი ამართლებს - სამიდან 3 მოგება!

ლიდერებთან ახლოს არიან ბათუმის "დინამო", "დილა", "სიონი", "საბურთალო" , "ცხინვალი" და "ჩიხურა"...

სადებიუტო გოლები და დუბლები
ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომენტი, როცა მას სადებიუტო გოლი გააქვს ახალი გუნდის შემადგენლობაში. ეს ტური საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე რამდენიმე მოთამაშისთვის იყო "ფეხბედნიერი".

მაშ ასე, თავიანთ კლუბებში სადებიუტო გოლები გაიტანეს 21 წლის გიორგი ქვილითაიამ ("დინამო"), 25 წლის გიორგი ჯოხაძემ ("ჩიხურა"), 20 წლის ავთანდილ ენდელაძემ ("სამტრედია"), 21 წლის ბუდუ ზივზივაძემ ("სამტრედია"), 26 წლის დავით რაჟამაშვილმა ("სამტრედია"), 25 წლის ზვიად ქანთარიამ ("ლოკომოტივი", სადებიუტო გოლი უმაღლეს ლიგაში), შოთა ჯიქიამ ("გურია", თავი გამოიჩინა ექვსწლიანი პაუზის შემდეგ).

აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა ბათუმის "დინამოს" ფორვარდმა გიორგი ბერიაშვილმა, ვინც მართლაც რომ შესანიშნავ ფორმაშია და მოწინააღმდეგე მცველებსა და მეკარეებს რისხვად ევლინება. ამ დროისთვის, 28 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 5 გოლია, რაც 3 ტურის კვალობაზე ჩინებული შედეგია და თუ ასე გააგრძელა, საფუძვლიან პრეტენზიას განაცხადებს ჩვენი პირველობის ბომბარდირობაზე.

რაც შეეხება დუბლებს, ორი გატანილი გოლით გამოირჩა "ცხინვალის"ლიდერი ნიკა კაჭარავა. მან ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა დუბლი.

ასევე დუბლია 30 წლის ირაკლი მოდებაძის ("დილა") ანგარიშზე, რომელმაც ქუთაისში შესანიშნავად ითამაშა.

სხვა მოვლენები
ამ ტურში რამდენიმე სხვა ისეთი მოვლენაც მოხდა, ყურადღების გამახვილება რომ ღირს. ზედიზედ მეორე მატჩში 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა "დინამოს" 20 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა და ერთ-ერთმა ლიდერმა მათე ცინცაძემ.

შედგა ორი დებიუტი. საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში პირველად ითამაშეს 18 წლის ირაკლი ჟვანიამ ("ზუგდიდი") და 19 წლის ნიკოლოზ გაბაძემ ("ჩიხურა").

შეცვლაზე შესულმა ორმა ფეხბურთელმა შედეგიანი თამაშით გამოიჩინა თავი. ორივე შემთხვევაში ცვლილება "ჩიხურას" თავკაცმა სოსო ფრიუძემ გამოიცნო. გოლები გაიტანეს გიორგი ჯოხაძემ და თორნიკე მუმლაძემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ერთბაშად 4 გუნდს ("ლოკომოტივი", "კოლხეთი", "მერანი", "საპოვნელა") ქულათა გრაფაში ნული უწერია. ყველაზე მეტად "ლოკოსი" გვიკვირს - აქეთ კვალიფიციური მწვრთნელი, იქით ძალზე პერსპექტიული ბიჭები, თუმცა წარუმატებლობა მაინც დროებითი გვგონია.

აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს ჩემპიონატში პირველი გადადგომის მომსწრენიც გავხდით - გელა სანაიამ "შუქურა" დატოვა და ეს ჯერ კიდევ ამ ტურის წინ მოხდა.

ბოლნისში ფეხბურთი დაბრუნდა
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი "სიონმა" შესანიშნავად დაიწყო. ბევრისთვის მოულოდნელად, ვარლამ კილასონიას გუნდი სამი ტურის შემდეგ 7 ქულით მეხუთე ადგილზეა.

რაც მთავარია, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "თამაზ სტეფანიაზე" ფეხბურთი დაბრუნდა და დაბრუნდა რიხიანად - "სიონმა", საშინაო ასპარეზზე მუდამ ყოჩაღად რომ ირჯებოდა, საგრძნობლად გაძლიერებულ "შუქურას" შანსი არ დაუტოვა.

გია ტუხაშვილი
ალეკო კაკაურიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 2 /
თხოვნა-მუდარა ქუთაისის მერიას. ვიცი, რომ "ტორპედოს" ბათუმში წაგებას ელოდებით, ამ "ღვთის ნაჩუქარ" დარასელიას გუნდიდან გაუშვებთ. ნუ დაელოდებით 12 სექტემბერს, ახლავე გაუშვით იმ ტოტების მომჭრელი კაცი, რომელზეც მაღლა ყოფნისას იყო წამოსკუპული. ხელფასი რომ წინასწარ მოგთხოვათ და მიეცით, არ გინდათ, უკან არ მოთხოვოთ. როგორმე მაგ ერთ ცოდვას მოგიტევებთ ქუთაისელი გულშემატკივარი
მცოდნე ქუთაისელი
16:46 01-09-2015
0
აბა გეგუჩაძეს მიაწექით ყოველ კვირა ..... )))) ეეჰჰ
ჯუნა
17:45 01-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული