უმაღლესი ლიგის IV ტურის წინ: მთავარი ინტრიგა ქობულეთშია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზა დასრულდა - 11 სექტემბერს IV ტური ორი შეხვედრით გაიხსნა.

"მერანმა" მარტვილში თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:4 დამარცხდა, ხოლო თბილისის "ლოკომოტივმა" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და 3:0 გაიმარჯვა.


ტურის დანარჩენი 6 შეხვედრა დღეს გაიმართება.

12.09. ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 16:00
საპოვნელა-სიონი
ურთიერთშეხვედრები: არ შეხვედრიან
ძნელი სათქმელია, თუ როგორი სტარტი ექნებოდა უმაღლეს ლიგაში 20-წლიანი პაუზის მერე დაბრუნებულ "საპოვნელას", საშინაო მატჩები თერჯოლაში რომ ჩაეტარებინა; თუმცა,
ეს თემა "სიონისთვისაც" არ არის უცხო, რამეთუ ქვემოქართლელებმა ორწლიანი პაუზის შემდეგ მხოლოდ ამ სეზონში მოახერხეს საშინაო შეხვედრების მშობლიურ ბოლნისში ჩატარება.

..."საპოვნელამ" სეზონის სტარტზე სამივე მატჩი დათმო; ახალი მწვრთნელის, ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სიონი" კი ჯერჯერობით წაუგებლად თამაშობს და ლიდერთა ჯგუფშიც სრულიად დამსახურებულად იმყოფება.

აქვე, იმასაც დავძენთ, რომ "საპოვნელა" და "სიონი" უმაღლეს ლიგაში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

12.09. თბილისი. "ბენდელა". 16:00
საბურთალო-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები: არ შეხვედრიან
"საბურთალო" და "სამტრედიაც" პირველად უნდა შეხვდნენ ერთმანეთს უმაღლეს ლიგაში, თუმცა მხოლოდ ამის გამო არ უნდა მივიჩნიოთ ეს დაპირისპირება ტურის ცენტრალურ მატჩად; შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოს" გარდა, მხოლოდ "სამტრედიაა", სეზონის სტარტზე სამივე მატჩი რომ მოიგო.

არადა, გუნდის ახალი თავკაცის, გია ცეცაძის ხელმძღვანელობით, "სამტრედიის" შემადგენლობაში თითქმის 99 პროცენტი ახალწვეულია; თუმცა, ახლო წარსულში საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები ფეხბურთელებით დაკომპლექტებული "სამტრედია" ჩინებულად ასპარეზობს და შედეგიანობასაც ვერ დავუწუნებთ იმერულ კლუბს.

ახალგაზრდულმა "საბურთალომაც" მშვენივრად დაიწყო სეზონი, მაგრამ გუნდმა წინა ტურში მტკივნეული მარცხი იგემა თბილისის "დინამოსგან"; ანუ იმის თქმა გვსურს, რომ "საბურთალოს" ახალგაზრდა თავკაცს, გია ჭიაბრიშვილს და მის ასევე ახალგაზრდა შეგირდებს რეაბილიტაცია ესაჭიროებათ საკუთარი ქომაგების წინაშე.

12.09. ზუგდიდი. "ბაიას საწვრთნელი ბაზა". 16:00
ზუგდიდი-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
8: +1 =1 -6, 7:14
გამოცდილი მწვრთნელების, ბესიკ შეროზიას ("ზუგდიდი") და სოსო ფრუიძის ("ჩიხურა") "დუელი" საინტერესოდ უნდა წარიმართოს და ეს იმის მიუხედავად, რომ მეტოქეებმა სხვაგვარი სტარტი აიღეს მიმდინარე ჩემპიონატში.

იმის გარდა, რომ "ზუგდიდს" ჯერჯერობით მხოლოდ 1 ქულა აქვს, გუნდმა ყველაზე მეტი გოლიც (11) გაუშვა; "ჩიხურა" კი არ ღალატობს ტრადიციას და, წინა სეზონების მსგავსად, ამჯერადაც საშინაო მატჩებში ასპარეზობს წარმატებულად.

12.09. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 16:00
კოლხეთი-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
4: +1 =2 -1, 9:8
მეზობლების დაპირისპირებაც არ უნდა გამოდგეს უინტერესო: "კოლხეთს" ქულაც არ აუღია ჯერჯერობით და, საერთოდაც, გოლიც არ გაუტანია!

არა გვგონია, რომ "შუქურას" ამბიციური ხელმძღვანელებიც კმაყოფილნი იყვნენ სეზონის სტარტით: საგრძნობლად გაძლიერებულმა გუნდმა მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო და ორი წააგო.

ვნახოთ, რამდენად შეცვლის მდგომარეობას ქობულეთურ გუნდში მომხდარი საკადრო ცვლილება: ამ ცოტა ხნის წინათ "შუქურაში" ახალი მთავარი მწვრთნელი, თემურ შალამბერიძე მივიდა.

12.09. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 16:00
დილა-ცხინვალი
დისკვალიფიკაცია: ომარ მიგინეიშვილი (ცხინვალი)
ურთიერთშეხვედრები
10: +3 =3 -4, 11:13
ორი ამბიციური გუნდის პაექრობა დიდ ინტერესს იწვევს: ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტი "დილა" ასევე მაღალი მიზნების მქონე "ცხინვალს" უნდა დაუპირისპირდეს.

ასევე საინტერესოდ უნდა წარიმართოს მწვრთნელების პაექრობაც: ახალგაზრდა უჩა სოსიაშვილი გამოცდილი კახა კაჭარავას წინააღმდეგ.

"დილას" ფავორიტობა ვახსენეთ და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩემპიონატში გამოცხადებული ამ პაუზის პერიოდში "დილა" საგრძნობლად გაძლიერდა ორი კვალიფიციური და უნივერსალი ფეხბურთელით: 32 წლის გოგიტა გოგუა გორელთა გუნდს ორწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა, 26 წლის გულვერდ თომაშვილი კი - ერთწლიანი შესვენების შემდეგ.

12.09. ქობულეთი. "ჩელე არენა". 16:00
დინამო (ბთ)-ტორპედო
დისკვალიფიკაცია: დათა სიჭინავა (ტორპედო)
ურთიერთშეხვედრები:
47: +13 =8 -26, 53:79
IV ტურის, უდავოდ, ყველაზე დამაინტრიგებელი მატჩი ქობულეთში უნდა გაიმართოს, სადაც ერთმანეთს ძველი მეტოქეები დაუპირისპირდებიან.

ორივე გუნდს მშვენიერი შემადგენლობა ჰყავს, აღარაფერს ვამბობთ მწვრთნელებზე: გამოცდილი შოთა ჭეიშვილი ("დინამო") და მისი კოლეგა გიორგი დარასელია ("ტორპედო") ჩვენს ჩემპიონატში გამორჩეულ სპეციალისტებად მიიჩნევიან.

"დინამომ" ისეთი სტარტი აიღო, როგორც ერთ-ერთ ფავორიტს ეკადრება. აი, "ტორპედოსგან" კი, ბევრი, ალბათ, უფრო მეტს ელოდა, თუმცა, ჯერ ხომ სეზონი წესიერად არც "გახურებულა".

ამ გუნდებს შორის ბოლო მატჩიც უნდა ვახსენოთ: წინა სეზონის მეორე წრეში, როცა ბათუმის "დინამოს" მშვენიერი სერია (ზედიზედ 6 მოგება) ჰქონდა, ეს სერია "ტორპედოსთან" საშინაო მატჩში შეწყდა...
მკითხველის კომენტარები / 2 /
სიონზე რატო არაფერი წერია რანაირიჟურნალისტები ხარტ რა არის
vaska
13:16 12-09-2015
0
მთავარი ინტრიგა თურმე ქობულეთში დინამო-ტორპედოს თამაში ყოფილა და არა სამტრედია -საბურთალოსი :)
მაგარი ჟურნალიუგები ხართ რა თქვენ :)
jango
10:13 12-09-2015
0

სიახლეები პოპულარული