13:30 14-09-2015
მერანი-დინამო (თბ) 1:4 - "დინამო" ოთხ-ოთხით მიქრის [VIDEO]
AutoSharing Option
საზეიმო განწყობამ "მურთაზ ხურცილავაზე" გადაინაცვლა, სადაც ადგილობრივი გულშემატკივრები საყვარელი გუნდის პირველ გამარჯვებას ელოდნენ, თუმცა მათი მოლოდინი არ გამართლდა. "მერანი", რომელიც ტრადიციისამებრ, შინ უბრძოლველად არაფერს თმობდა, ამჯერადაც დამარცხდა.
ვლადიმირ ლობასის გუნდი რთულ მდგომარეობაშია, რაზეც სატურნირო მდგომარეობაც მიუთითებს. ახალგაზრდული კოლექტივი დამარცხებულის ფსიქოლოგიის წნეხიდან გამოსვლას, ჯერჯერობით, ვერ ახერხებს.
საპირისპირო სიტუაციაა თბილისის "დინამოში" - გია გეგუჩაძის შეგირდებმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს (თან ყველა ამ შეხვედრაში 4-4 გოლი გაიტანეს) და ერთპიროვნულად ლიდერობენ.
უშუალოდ შეხვედრას რაც შეეხება, მატჩის პირველი წუთები გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მასპინძლებს გოლის გატანის რამდენიმე ჩინებული შანსი ჰქონდათ. დათა ციცხვაიამ შენიშნა, რომ სტუმართა კარის დარაჯი გიორგი ბეგაშვილი კარიდან იყო გამოსული და თითქმის მოედნის შუაგულიდან სცადა მისთვის ბურთის თავზე გადაგდება, თუმცა მიზანმა ოდნავ უმტყუნა. "დინამო" აშკარა და თან კურიოზულ გოლს გადაურჩა.
სამიოდე წუთში ლევან კუტალია დაემუქრა მეტოქის კარს, დამატებაზე კი ბურთი რუხაიას მიუვიდა, რომელმაც კონცენტრაცია დაკარგა და წაიქცა.
კარის მიმართულებით პირველი დარტყმა დინამოელებმა 30-ე წუთზე განახორციელეს - გიორგი თევზაძის "ნასროლი" პიოტრ სევოსტიანენკომ გააუვნებლა. სხვათა შორის, ამ უკანასკნელისთვის ეს მატჩი სადებიუტო იყო. "მერანის" ძირითადი მეკარე თორნიკე ზარქუა ხომ ტრამვირებულია...
ამის შემდეგ მოედანზე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, შეხვედრა საშუალო ტემპში, მეტ-ნაკლები სახიფათო მომენტებით მიმდინარეობდა. აი, ტაიმის მიწურულს კი სტუმრებმა გატანა მაინც მოახერხეს: მარცხენა ფრთაზე უბერებელმა ალექსანდრე იაშვილმა გაილაღა, რის შემდეგაც ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, იქ კი ყველას გიორგი ქვილითაიამ დაასწრო - 0:1.
"გასახდელში" გაშვებულმა გოლმა "მერანზე" უარყოფითად იმოქმედა. ლობასს ვერც ცვლილებებმა უშველა. მეორე ნახევარში "დინამო" კიდევ უფრო გააქტიურდა და მოწინააღმდეგის კარში 3 ბურთი გაიტანა. 56-ე წუთზე დუბლი ქვილითაიამ გაიფორმა, ასისტენტობა კი კვლავ იაშვილმა გაუწია.
საერთოდაც, ვიდრე შეცვლიდნენ, იაშვილი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში. როგორც ყოველთვის, ვეტერანმა ამ ჯერზეც უაღრესად შრომატევადი სამუშაო გასწია...
20-წუთიანი მონაკვეთი სტუმართა კოლოსალური უპირატესობით აღინიშნა, ჯერ ოთარ კიტეიშვილი, მოგვიანებით კი ვახტანგ ჭანტურიშვილი დაემუქრა მასპინძელთა კარს, თუმცა მეკარემ მათი დარტყმები მოიგერია.
76-ე წუთზე რუხაიამ საკუთარ საჯარიმოში ცუდად ითამაშა, რის შედეგადაც ბურთი მათე ცინცაძეს მიუვიდა და ამანაც ძლიერი დარტყმით მესამედ აიღო მარტვილელთა კარი.
ერთადერთი, რაც "მერანმა" შეძლო, ეს იყო პრესტიჟის გოლი - ლაშა ჯღამაია ცრუ მოძრაობით ორ მცველს გასცდა და თავის ყოფილ თანაგუნდელ გიორგი ბეგაშვილს ახლო მანძილიდან შანსი არ დაუტოვა.
საფინალო ანგარიში ზედ შეხვედრის მიწურულს დაფიქსირდა - ჭანტურიშვილის დარტყმული ძელმა აისხლიტა, შეტევა ჯაბა ჯიღაურის დარტყმით დასრულდა. წესით სევოსტიანენკოს ამ ბურთის აღება არ უნდა გასჭირვებოდა, თუმცა შეცდა და - 1:4.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. IV ტური
11.09. მარტვილი. მურთაზ ხურცილავა. 1 700 მაყურებელი
მერანი-დინამო თბ 1:4
გოლები: 0:1 ქვილითაია (45. იაშვილის პასით), 0:2 ქვილითაია (56. იაშვილის პასით), 0:3 ცინცაძე (76. პარუნაშვილის პასით), 1:3 ჯღამაია (81. რუხაიას პასით), 1:4 ჯიღაური (90. პარუნაშვილის პასით)
მერანი (4-4-2): სევოსტიანენკო - რუხაია, პაჭკორია, შალიკაშვილი, ი. ციცხვაია - შალამბერიძე (75. პაპადოპულოსი), ხორგუაშვილი, ჯღამაია, აშორტია (46. გოგოლაძე) - კუტალია, დ. ციცხვაია (68. წურწუმია).
სათადარიგოები: დარციმელია, წოწონავა, გვაზავა, ფაილოძე
მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი
დინამო (4-4-2): ბეგაშვილი - კაკაბაძე (46. ტვილდიანი), ჭელიძე, რენე, თევზაძე - ცინცაძე, პარუნაშვილი, ჯიღაური, ჭანტურიშვილი - იაშვილი (62. კიტეიშვილი), ქვილითაია (77. არაბული).
სათადარიგოები: ჰრდლიჩკა, ჯანელიძე, ლობჟანიძე, გურული
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ჭელიძე (63), ჯღამაია (63), ხორგუაშვილი (66)
არბიტრი: ა. ბასლეჰლო
ბომბარდირები
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 5
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 4
ო. მარცვალაძე (დილა) 4
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 4
15-16 სექტემბერი
დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/8 ფინალი. I მატჩები
V ტური
20 სექტემბერი, კვირა
სიონი-ლოკომოტივი
შუქურა-საპოვნელა
ტორპედო-კოლხეთი
ცხინვალი-დინამო (ბთ)
ჩიხურა-დილა
დინამო (თბ)-ზუგდიდი
სამტრედია-მერანი
გურია-საბურთალო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული