უმაღლესი ლიგის V ტურის წინ: აბა, ვინ დაიწუწუნებს?..

AutoSharing Option
წინა პარასკევ-შაბათს IV ტურის მატჩები ჩატარდა, შუა კვირაში (ოთხშაბათს) თასის მერვედფინალის პირველი შეხვედრები გაიმართა, კვირას, 20 სექტემბერს კი უკვე მორიგი ტურის დაპირისპირებები გველოდება.

ვნახოთ, როგორ გაუძლებენ ასეთ "არანორმალურ" და "მეტად და მეტად" გადატვირთულ გრაფიკს ჩვენი გუნდების მწვრთნელ-ფეხბურთელები; უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მართლაც საინტერესოა, თუ რამდენი მწვრთნელი თუ ფეხბურთელი გადააბრალებს საკუთარ წარუმატებლობას ზემოხსენებულ გრაფიკს: ათ დღეში სამი ოფიციალური მატჩის ჩატარება მართლაც მეტისმეტიაო.

შუა კვირაში გამართული სათასო დაპირისპირებები ვახსენეთ და ისიც უნდა ვთქვათ, რომ უმაღლესი ლიგის თითქმის ყველა გუნდმა პირველ მერვედფინალურ მატჩებში,
ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობა გამოიყვანა. არადა, იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ რვა მატჩიდან, სულ მცირე, ორი სენსაციური შედეგიც დაფიქსირდა.

თუმცა, ალბათ, სჯობს, რომ ისევ ჩემპიონატს, კერძოდ, V ტურს დავუბრუნდეთ, რამდენიმე მეტ-ნაკლებად საინტერესო დაპირისპირება რომ გველოდება.

20.09. თბილისი. დინამო არენა. 18:00
დინამო (თბ)-ზუგდიდი
ურთიერთშეხვედრები
26: +18 =6 -2, 58:14
ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერისა და ერთ-ერთი აუტსაიდერის დაპირისპირებაში ფავორიტად, რაღა თქმა უნდა, "დინამო" უნდა მივიჩნიოთ: გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა აგვისტოს დასაწყისიდან მოყოლებული ზედიზედ ექვსი ოფიციალური მატჩი მოიგო, "ზუგდიდს" კი ჩემპიონატში ჯერ არც ერთი შეხვედრაში არ გაუმარჯვია.

ამას გარდა, სტატისტიკაც მასპინძელთა მხარესაა: უკვე სამი წელიწადია (ზედიზედ 7 მატჩი) "დინამოს" ერთი "კინკილა" ქულაც არ დაუკარგავს "ზუგდიდთან" დაპირისპირებებში. ისიც საინტერესოა, შეძლებს თუ არა "დინამო" ზედიზედ მეხუთე მატჩში კვლავაც 4 გოლის გატანას.

თუმცა, "ზუგდიდის" არასახარბიელო სტარტი ობიექტური მიზეზებით რომ იყო განპირობებული, შუა კვირაში გამართულმა სათასო მატჩმაც დაადასტურა: გამოცდილი სპეციალისტის, ბესიკ შეროზიას დამოძღვრილმა გუნდმა სტუმრად მოუგო, ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობით მოასპარეზე "დილას".

20.09. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე. 16:00
გურია-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იქნება ამ მატჩის წინ მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი: შუა კვირაში, "სიონთან" საშინაო სათასო მატჩის წაგების შემდეგ ლანჩხუთის გამგებელმა და ამავდროულად "გურიას" პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ ხომ, ფაქტობრივად, ულტიმატუმი წაუყენა თავისი გუნდის სამწვრთნელო შტაბს!

ანუ, კვირის მატჩში "გურიამ" თუ კვლავ წარუმატებლად ითამაშა, გუნდის სამწვრთნელო შტაბი მთლიანად შეიცვლებაო.

სამაგიეროდ, მეტოქისაგან რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა "საბურთალოში": ამ ახალგაზრდული გუნდის ასევე ახალგაზრდა თავკაცს გიორგი ჭიაბრიშვილს თავის კლუბის ხელმძღვანელებისგან "ნდობის მანდატის" პრობლემა ნამდვილად არა აქვს.

ამას გარდა, "საბურთალოს" შუა კვირაში თასზე არ უთამაშია და წინა ტურში "სამტრედიასთან" ჩატარებული უმძიმესი მატჩის შემდეგ ძალების აღდგენაც, წესითა და რიგით, უნდა მოესწრო.

20.09. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 18:00
ტორპედო-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
59: +26 = 6 -17, 91:67
ძველისძველი მეტოქეები სეზონის სტარტზე არასტაბილურად ასპარეზობენ: "ტორპედო" უკვე სამი ტურია მოგებას ვერ ახერხებს, "კოლხეთმა" კი ჩემპიონატში პირველად მხოლოდ წინა ტურში გაიმარჯვა.

სხვათა შორის, ფოთელთა გუნდმა მართლაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა სულ ახალახან, თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ ჩატარებულ პირველ სათასო მატჩში; ქუთათურებს კი თასზე გაცილებით იოლი მეტოქე (პირველლიგელი "ჭიათურა") ჰყავდათ და, როგორც მოსალოდნელი იყო, "ტორპედო", ფაქტობრივად, უკვე მეოთხედფინალშია.

თუმცა, გიორგი დარასელიას განკარგულებაში ისეთი შემადგენლობაა, "ტორპედოს" ჩემპიონატშიც რომ უნდა ჰქონდეს საკმარისზე მეტი ამბიცია...

20.09. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 16:00
სამტრედია-მერანი
დისკვალიფიკაცია: დავით მთივლიშვილი (სამტრედია)
ურთიერთშეხვედრები
2: +1 =1 -0, 4:2
ამ სეზონის დასაწყისში თბილისის "დინამოს" შემდეგ ყველაზე შედეგიანი გუნდი "სამტრედიაა": გია ცეცაძის შეგირდებმა უკვე 7 მატჩი (სათასო შეხვედრების ჩათვლით) ჩაატარეს და თითოეულ შეხვედრაში ორ გოლზე ნაკლები არ გაუტანიათ.

ასევე შედეგიანი გამოდგა ამ მეტოქეების უკანასკნელი დაპირისპირებაც, წინა სეზონის ბოლო ტურში რომ გაიმართა ("სამტრედიამ" 4:2 მოიგო), თუმცა იმდროინდელი შემადგენლობიდან "სამტრედიას" შემადგენლობაში ერთადერთი ფეხბურთელიღაა დარჩენილი: გამოცდილი ნახევარმცველი გიორგი დათუნაიშვილი.

"სამტრედიას" მსგავსად ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია "მერანშიც", თუმცა, ჩვენს ჩემპიონატში მოღვაწე ერთადერთი ლეგიონერი მწვრთნელის, უკრაინელი ვლადიმირ ლობასის დამოძღვრილი გუნდი, თავისი მეტოქისაგან განსხვავებით, წარუმატებლად ასპარეზობს: ამ სეზონში ერთადერთი მხოლოდ "მერანია", ჯერ ქულა რომ არ აუღია.

20.09. ივანწმინდა. 16:00
ჩიხურა-დილა
ურთიერთშეხვედრები
10: +3 =2 -5, 11:20
ამ ტურის ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი მატჩი ივანწმინდაში უნდა გაიმართოს, სადაც ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

არანაკლებ ინტერესს იწვევს სამწვრთნელო "დუელიც": მასპინძელთა გამოცდილი თავკაცი სოსო ფრუიძე უმაღლეს ლიგაში ყველაზე ახალგაზრდა თავკაცის, უჩა სოსიაშვილის წინააღმდეგ!

"ჩიხურა" ამ ბოლო დროს ჩინებულად ათამაშდა, აი, მოქმედი ჩემპიონი კი შუა კვირაში მართლაც სენსაციურად დამარცხდა საკუთარ მოედანზე პირველ სათასო მერვედფინალში "ზუგდიდთან".

20.09. ქობულეთი. ჩელე არენა. 16:00
შუქურა-საპოვნელა
დისკვალიფიკაცია: თორნიკე თარხნიშვილი (შუქურა)
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
ამ სეზონის სტარტის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა "შუქურას" წარუმატებელი სტარტია: ქობულეთელთა გუნდი ჩემპიონატის დაწყების წინ ხომ საგრძნობლად გაძლიერდა რამდენიმე "ცნობადი" ახალწვეულით.

თუმცა, შემადგენლობის რადიკალურმა ცვლილებამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა და "შუქურაში" მომხდარი სეზონის პირველი სამწვრთნელი გადაადგილებაც, ალბათ, ამის "გამოძახილიც" იყო.

უმაღლეს ლიგაში 20-წლიანი პაუზის მერე დაბრუნებულ "საპოვნელას" რომ გაუჭირდებოდა სეზონის სტარტზე, აი, ეს კი მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი იყო: მირიან გეწაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა მხოლოდ წინა ტურში შეძლო პირველი ქულის მოპოვება.

20.09. თბილისი. მიხეილ მესხი (სათად). 16:00
ცხინვალი-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
4: +2 =0 -2, 2:2
კვირას, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე, საინტერესო მატჩი უნდა გაიმართოს: "ცხინვალიც" და ბათუმის "დინამოც" ხომ ამ ზაფხულს ევროტურნირებზე მონაწილეობდნენ და წინა სეზონის მსგავსად, ამ ჩემპიონატშიც საპრიზო ადგილების კანდიდატებად მიიჩნევიან.

რა თქმა უნდა, ჯერ სეზონის დასაწყისია, მაგრამ ორივე გუნდს რომ ბევრად უკეთესი შედეგის ჩვენება შეუძლია, ეს ფაქტია; მით უფრო, რომ ორივე გუნდს კვალიფიციური მწვრთნელებიც (კახა კაჭარავა, შოთა ჭეიშვილი) ჰყავს და ფეხბურთელებსაც ნამდვილად არაფერი დაეწუნებათ.

20.09. ბოლნისი. თამაზ სტეფანია. 16:00
სიონი-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
35: +12 =9 -14, 28:43
ეს გუნდები უმაღლეს ლიგაში ერთმანეთს ხუთწლიანი პაუზის მერე დაუპირისპირდებიან და ისეთი წყვილია, ფავორიტის სტატუსს ვერც ერთ გუნდს ვერ მიანიჭებ; "სიონმა" ჩინებული სტარტი აიღო: ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე ბოლნისელთა გუნდს ჩემპიონატსა და თასზე უკვე შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

ვასილ მაისურაძის დამოძღვრილმა ახალგაზრდულმა "ლოკომოტივმა" კი სასტარტო სამი მარცხის შემდეგ მხოლოდ წინა ტურში შეძლო პირველი და თანაც დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული