უმაღლესი ლიგა. VI ტურის წინ: "დილა" VS "დინამო" (თბ)

AutoSharing Option
25 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის VI ტურის ორი მატჩი გაიმართა. "ბენდელას" სტადიონზე "საბურთალომ" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა. დღის მეორე მატჩში კი თბილისის "ლოკომოტივი" და ქობულეთის "შუქურა" უგოლოდ დაშორდნენ - 0:0.

დღეს, 26 სექტემბერს ტურის დანარჩენი შეხვედრები გაიმართება. მთავარი ინტრიგა, რაღა თქმა უნდა, მოქმედი ჩემპიონის, გორის "დილასა" და მიმდინარე გათამაშების ერთპიროვნული ლიდერის, თბილისის "დინამოს" დაპირისპირება იქნება, იმ გუნდების, XXVI ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტებად რომ მიიჩნევიან.

ეს ტური სხვა მხრივაც უნდა იყოს საინტერესო: ორ გუნდს ("გურია", "მერანი")
ახალი მწვრთნელი დამოძღვრავს.

26.09. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 16:00
დილა-დინამო (თბ)
დისკვალიფიკაცია: უჩა სოსიაშვილი (დილა, მთავარი მწვრთნელი)
ურთიერთშეხვედრები
53: +1 =11 -41, 26:144

ჩემპიონისა და ერთპიროვნული ლიდერის მატჩი, უდავოდ დიდ ინტერესს იწვევს და ეს იმის მიუხედავად, რომ ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია. რაღა შორს მივდივართ: წინა ჩემპიონატის მეორე წრეში ამ გუნდებს შორის მატჩი რომ ჩატარდა, სეზონის დასრულებამდე 8 ტური იყო დარჩენილი, მაგრამ, ბევრი დაგვეთანხმება, რომ სწორედ იმ შედეგმა (2:2) დიდწილად განაპირობა კიდეც ოქროს მედლების ბედი.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში, პირველ წრეში ამ გუნდების გორში ჩატარებული მატჩიც ფრედ (0:0) დამთავრდა და სწორედ ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობა უნდა აღმოჩენილიყო გადამწყვეტი ფაქტორი თანაბარი ქულების შემთხვევაში.

მოკლედ, საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ სწორედ ამ გუნდებს შორის ჩატარებულმა მატჩებმა გადაწყვიტა კიდევაც წინა სეზონის გამარჯვებულის ვინაობა. თანაც, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ეს იყო "დილას" პირველი საჩემპიონო ტრიუმფი საქართველოს ჩემპიონატების 25-წლიან ისტორიაში!

...არახალი ამბავია, რომ ჩემპიონობაზე ძნელი ამ ტიტულის შენარჩუნებაა და ეს "დაუწერელი კანონი", რაღა თქმა უნდა, ყველაზე კარგად "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა იცის, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან თვალს ვერ მიადევნებს.

ცალკე საუბრის თემაა "დილას" იმ ფეხბურთელების მოტივაცია, ახლო წარსულში თბილისის "დინამოში" რომ თამაშობდნენ: ირაკლი მოდებაძე, ოთარ მარცვალაძე, გიორგი პაპავა, თეიმურაზ ღონღაძე, ირაკლი ძარია, დავით ხურცილავა, გულვერდ თომაშვილი, გოგიტა გოგუა (ამ სიას გიორგი ნავალოვსკი და ამჟამად ტრავმირებული დავით კვირკველიაც უნდა დავუმატოთ)...

...საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში თბილისის "დინამოსათვის" ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მეტოქე "დილა" იყო: ამ 25 წლის განმავლობაში ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა თავის ხვალინდელ მეტოქესთან! თუმცა, ეს მხოლოდ სტატისტიკაა და ეს ჩვენზე უკეთ დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ იცის, მით უფრო, რომ "დინამო" ყველანაირად შეეცდება ისედაც მშვენიერი სერიის გაგრძელებას: მიმდინარე გათამაშების ლიდერი ხომ 100-პროცენტიანი შედეგით ასპარეზობს!

ისე, თბილისის "დინამოს" ერთმანეთზე მიყოლებით სამი ურთულესი მატჩი ელოდება: ჯერ - "დილასთან", მერე - ბათუმის "დინამოსთან", შემდეგ კი - "ტორპედოსთან"...

VI ტურის სხვა მატჩები:
26.09. ზუგდიდი. ბაიას ბაზა. 16:00
ზუგდიდი-სამტრედია
დისკვალიფიკაცია: დავით მთივლიშვილი (სამტრედია)
ურთიერთშეხვედრები
10: +5 =2 -3, 15:12

26.09. მარტვილი. მ. ხურცილავა. 16:00
მერანი-გურია
დისკვალიფიკაცია: ლევან კუტალია (მერანი)
ურთიერთშეხვედრები
4: +1 =0 -3, 2:4

26.09. ლანჩხუთი. ევ. შევარდნაძე. 16:00
კოლხეთი-საპოვნელა
დისკვალიფიკაცია: გიორგი კილასონია (კოლხეთი)
ურთიერთშეხვედრები
2: +2 =0 -0, 7:1

26.09. ქობულეთი. ჩელე არენა. 16:00
დინამო (ბთ)-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
6: +2 =1 -3, 4:6

26.09. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 18:00
ტორპედო-ცხინვალი
დისკვალიფიკაცია: ოთარ კვერნაძე (ტორპედო)
ურთიერთშეხვედრები
12: +8 =2 -2, 14:8.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული