ტორპედო-ცხინვალი 1:3 - ცხელი ხუთი წუთი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ტორპედო" მიმდინარე სეზონს ძალზე არასტაბილურად ატარებს. წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებში უკმაყოფილება პიკს აღწევს. "ცხინვალთან" უიმედო მარცხის შემდეგ მათი ნაწილი მთავარ მწვრთნელსა და ქუთაისის მერ შოთა მურღულიას სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში შეხვდა და გუნდში შექმნილ ვითარებაზე პასუხი მოითხოვა.

მერის თქმით, "ტორპედოს" ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი, რომ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. გიორგი დარასელიამ კი მარცხის მთავარ მიზეზად ტრავმები და მცირეოდენი ჩავარდნა დაასახელა და გულშემატკივრებს მდგომარეობის გამოსწორების პირობა მისცა...

რაც შეეხება თავად მატჩს, კახა კაჭარავას გუნდმა მეტოქეს თითქმის ყველა საფეხბურთო კომპონენტში აჯობა და მნიშვნელოვანი 3 ქულა
მოიპოვა.

მატჩის საწყისი წუთები ტორპედოელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ქუთათურებს სახიფათო მომენტები არ შეუქმნიათ. სამაგიეროდ, სტუმართა შეტევა დასრულდა გიორგი ივანიშვილის სახიფათო დარტყმით, მაგრამ რევაზ თევდორაძე ნახტომში მისწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია.

ტორპედოელებმა მალევე სახიფათო შეტევით უპასუხეს, გიორგი კუხიანიძისა და ოლეგ მამასახლისის სანაქებო გარჯის შემდეგ ირაკლი კლიმიაშვილი ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ მისი ტექნიკური დარტყმა ხარიხას მცირედით გადასცდა.

თანდათან, უპირატესობა მეტოქის მხარეს გადავიდა და 30-ე წუთიდან სტუმართა "სპურტიც" დაიწყო - ცხინვალელებმა 5 წუთის ინტერვალში მასპინძლები სამჯერ დაამწუხრეს. სტუმრებმა ტორპედოელები, ძირითადად, ფლანგებიდან ააწიოკეს. ივანიშვილის გრძლივი გადაცემის შემდეგ ყველაზე მარჯვედ ირაკლი ლექვთაძე გაისარჯა, რომელმაც მცველებს დაასწრო და შეუჩერებელი დარტყმით კარის ბადე შეარხია.

ორიოდე წუთში ლექვთაძე ასისტენტად მოგვევლინა, როცა მისი კუთხურის შემდეგ ნიკა კაჭარავამ თავური დარტყმით ანგარიში გაზარდა.

ცოტა ხანში კაჭარავამ დუბლი გაიფორმა - ცერცვაძის ფლანგურ გადაცემას თავი შეაგება და ბურთი "ტორპედოს" კარში მოათავსა.

ცხინვალელთა ახოვან ფორვარდს ცოტა ხანში ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო, თანაგუნდელებმა კაჭარავა მეკარესთან პირისპირ გაიყვანეს, მაგრამ უკანასკნელ მომენტში მას ადამაძემ დაასწრო და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მეორე ტაიმში დარასელიამ გადაადგილებებს მიმართა და შეცვლაზე შესულმა დავით სიჭინავამ საჯარიმო დარტყმით ანგარიში შეამცირა.

დარჩენილ დროში გატანა ორივე გუნდს შეეძლო. გამოვარჩევთ ეპიზოდს, როცა მეკარესთან პირისპირ გასულ ივანიშვილს თევდორაძემ აჯობა და "ტორპედო" მეოთხე გოლისგან იხსნა.

შემდეგ დარასელიას შეგირდები გააქტიურდნენ და გოლის გატანასთანაც ახლოს იყვნენ. იყო მომენტი, როცა ისინი პენალტს ითხოვდნენ - ვაჟა ტაბატაძის დარტყმის შემდეგ ბურთი ერთ-ერთ ცხინვალელს ხელზე მოხვდა, თუმცა არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა.

მატჩის მიწურულს მამასახლისის თავური მაისაშვილმა ცარიელი კარიდან გამოიტანა, ბოლოს კი ცხინვალელთა მეკარემ კაპანაძის სახიფათო დარტყმაც მოიგერია და მსაჯის სასტვენმა ცხინვალელთა დამაჯერებელი გამარჯვება დაგვიდასტურა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VI ტური
26.09. ქუთაისი. "რ. შენგელია". 1 800 მაყურებელი
ტორპედო-ცხინვალი 1:3
გოლები: 0:1 ლექვთაძე (30. ივანიშვილის პასით), 0:2 კაჭარავა (32. ლექვთაძის პასით), 0:3 კაჭარავა (35. ცერცვაძის პასით), 1:3 დ. სიჭინავა (56)
ტორპედო (4-1-4-1): თევდორაძე - ოდიკაძე (46. დ. სიჭინავა), ადამაძე, ჭიჭინაძე, ქიმაძე - მამასახლისი - ტაბატაძე, კუხიანიძე, კლიმიაშვილი (72. ბაბუნაშვილი), შინდაგორიძე (46. ნერგაძე) - კაპანაძე.
სათადარიგოები: ხაინდრავა, ნაცვლიშვილი, ხურციძე, გოგუაძე
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
ცხინვალი (4-2-3-1): ნადირაძე - ცერცვაძე, კაკუბავა, მაისაშვილი, ბაჩიაშვილი - ქარდავა, მახარობლიძე (86. ბურძენაძე) - ივანიშვილი, ქოჩლაძე (57. ბეჭვაია), ლექვთაძე (44. ლობჯანიძე) - კაჭარავა.
სათადარიგოები: მიგინეიშვილი, ცაცკრიალაშვილი, ჯაფარიძე, ჯიშკარიანი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: მამასახლისი (34), კლიმიაშვილი (47), მახარობლიძე (49), სიჭინავა (70)
არბიტრი: ა. ბასლეჰლო.

ბომბარდირები:
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 6
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 6
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 5
ი. მოდებაძე (დილა) 5
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 4
ო. მარცვალაძე (დილა) 4
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 4

მომდევნო, VII ტური
3 ოქტომბერი, შაბათი
ცხინვალი-კოლხეთი
დინამო (თბ)-დინამო (ბთ)
საპოვნელა-ლოკომოტივი
სამტრედია-დილა

4 ოქტომბერი, კვირა
ჩიხურა-ტორპედო
შუქურა-საბურთალო
გურია-ზუგდიდი
სიონი-მერანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული