ლობასს დროებით ადგილობრივი სპეციალისტი გალაკტიონ ჭუბაბრია წვრთნის. მისი დებიუტი იღბლიანი გამოდგა - "მერანმა" შინ 2:0 მოუგო ლანჩხუთის "გურიას" და ეს იყო მარტვილელთა პირველი 3 ქულა საწყის ექვს ტურში.
სამწვრთნელო საკითხთან დაკავშირებით "მერანის" დირექტორ ელდარ ბაკურიას განმარტებები ვთხოვეთ:
"ლობასი საბოლოოდ არ წასულა გუნდიდან. ის ჯერ უკრაინაშია და სამწვრთნელო ცოდნას იღრმავებს. მისი საკითხი უახლოეს 4-5 დღეში გადაწყდება.
არ დავმალავ, რომ უფრო დიდი შანსია, წავიდეს.
სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი, დარჩება თუ არა გალაკტიონ ჭუბაბრია მთავარ მწვრთნელად. არის რამდენიმე ვარიანტი და მათ განვიხილავთ. ამ ეტაპზე, ჭუბაბრია დროებით ასრულებს მთავარი მწვრთნელის მოვალეობას. ვნახოთ, მერე რა იქნება...
რაც შეეხებათ ლეგიონერებს, ისინი კარგი ფეხბურთელები არიან და გუნდში რჩებიან...
ხელფასები? რაც გვაქვს, სტაბილურად გვაქვს. ანაზღაურება დიდი არ არის, მაგრამ რაც არის, იმას დროულად იღებენ ბიჭები.
სასიხარულო იყო "გურიასთან" გამარჯვება. უკან დასახევი გზა აღარ გვქონდა. ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ...
რაც შეეხება მომავალს, ვეცდებით, რომ ასე გავაგრძელოთ. ჩვენი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, თუმცა ეს არ იქნება იოლი. თქვენც იცით, ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს. ბევრისთვის ეს პირველი სეზონია უმაღლეს ლიგაში".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"