უმაღლესი ლიგის VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს და სწორედ ეს არის კიდეც გასული ტურის უმთავრესი მოვლენა!

რა თქმა უნდა, ჯერ მხოლოდ 2 თვე არ არის გასული ჩემპიონატის დასაწყისიდან და სეზონის ბოლომდე კი არა, პირველი წრის დასრულებამდეც კიდევ არაერთხელ მოხდება სატურნირო ცხრილში გადაადგილებები, თუმცა ჩვეულებრივი ვერაფრით იქნება ის ფაქტი, რომ გასული ტურის და, საერთოდ, პირველი წრის ცენტრალურ მატჩში ჩემპიონატის ორი უმთავრესი ფავორიტი ხვდებოდა ერთმანეთს.

აქედან გამომდინარე, ადვილი მისახვედრი იქნება, რატომაც ვიწყებთ გასული ტურის მიმოხილვას სწორედ "დილა"-"დინამოს" მატჩით.

მეორედ ისტორიაში...
საქართველოს ჩემპიონატების 25-წლიან ისტორიაში თბილისის "დინამოსთვის"
ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მეტოქე "დილა" იყო: 1990 წლიდან მოყოლებული 2012 წლამდე, გორელთა გუნდი ვერაფრით ახერხებდა "დინამოს" დამარცხებას.

მხოლოდ 2012 წლის 15 ოქტომბერს გატყდა ნავსი, როცა გიორგი დარასელიას დამოძღვრილმა "დილამ" შეძლო და თავის ყველაზე უხერხულ მეტოქეს 2:0 მოუგო.

სიტუაცია იმის შემდეგაც არ შეცვლილა, თუმცა წინა სეზონში "დილამ" სტუმრად რომ ფრედ ითამაშა "დინამოსთან" (მეორე წრის შეხვედრას ვგულისხმობთ), იმ ერთ ქულას, ფაქტობრივად, ჩემპიონობის ფასი ჰქონდა!

და აი, ამ გუნდებს შორის 54-ე დაპირისპირებაში "დილამ" ისევ 2:0 მოიგო და, იმის გარდა, რომ დინამოელებისათვის ეს პირველი მარცხი იყო ჩემპიონატში, ჩემპიონატში ლიდერიც შეიცვალა: მომავალ ტურამდე ცხრილის სათავეში კვლავ გორელები იქნებიან.

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ სეზონის ბოლომდე ძალიან დიდი დროა დარჩენილი, თუმცა არავინ იცის, მაისის ბოლოსათვის ამ სამ ქულას რამხელა მნიშვნელობა ექნება, მით უფრო, რომ თანაბარი ქულების შემთხვევაში უმთავრესი პრიორიტეტი ხომ ურთიერთშეხვედრებშია.

მოდებაძე და პარალელები
ისევ ლიდერთა მატჩს დავუბრუნდეთ. სამი წლის წინანდელის მსგავსად, "დილამ" ამჯერადაც 2:0 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ახლანდელ შეხვედრაში ორივე გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც 2012 წლის 15 ოქტომბერსაც მონაწილეობდა "დილა"-"დინამოს" დაპირისპირებაში.

ლაპარაკია ირაკლი მოდებაძეზე, რომელმაც სამი წლის წინათაც გაიტანა გოლი "დინამოს" კარში, ახლა კი სულაც დუბლი შეასრულა! მოდებაძემ უკვე მეორე დუბლი შეასრულა ამ სეზონში და ბომბარდირთა დავაშიც ჩაერთო.

იმასაც შეგახსენებთ, რომ ირაკლი მოდებაძე საქართველოს ჩემპიონატის წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირია და დუბლი ოთხჯერ შეასრულა.

მოდებაძის მსგავსად, "დილა"-"დინამოს" ახლანდელ და სამი წლის წინანდელ დაპირისპირებებში კიდევ ერთი პერსონა მონაწილეობდა; თანაც, ფიფას არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ, ისევე, როგორც მაშინ, ახლაც დანიშნა პენალტი დინამოელთა კარში.

თუმცა, სამი წლის წინათ გამართულ შეხვედრაში მოედნიდან არავინ გაუძევებია, ახლა კი წითელი ბარათი უჩვენა სტუმართა მეკარეს, გიორგი ბეგაშვილს...

"სიონის" სერია გრძელდება!
ექვსი ტურის შემდეგ ჩემპიონატში ორად-ორი დაუმარცხებელი გუნდიღა დარჩა: ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "დილა" და "სიონი", რომელსაც წინა სეზონში არცთუ სახარბიელო ფინიში ჰქონდა.

თუმცა, დაიწყო ახალი სეზონი და "სიონის" ასპარეზობას, ფაქტობრივად, ყოველ ტურში სასიამოვნო მოულოდნელობად ვაფასებთ. მაგრამ, მეორე მხრივ, ძნელია ქვემოქართლელთა გუნდის ასეთ დამაჯერებელ გამოსვლას შემთხვევითობა ვუწოდოთ: ჩემპიონატსა თუ თასზე, შინ თუ გარეთ, "სიონი" წაუგებლად ასპარეზობს და ამ წარმატებაში, ფეხბურთელებთან ერთად, ლომის წილი გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, ვარლამ კილასონიას მიუძღვის.

კილასონიას დამოძღვრილმა "სიონმა" ამჯერად სტუმრად იმარჯვა, თანაც, ჩემპიონატის ერთ-ერთ სიმპათიურ გუნდთან, "საბურთალოსთან" (3:2). აქვე, ერთი დეტალიც: "სიონს" სეზონის დაწყების წინ არც უცხოური შეკრება გაუვლია და არც ახლა აქვს განსაკუთრებული პირობები; სამაგიეროდ, შედეგი ნამდვილად არ დაეწუნება.

არის ოთხი დუბლი!
გასულ ტურში ოთხმა ფეხბურთელმა შეასრულა დუბლი. ირაკლი მოდებაძეზე ზემოთ მოგახსენეთ, დანარჩენებზე კი ახლა ვთქვათ.

ჩინებული მატჩი ჩაატარა სტუმრად "ტორპედოსთან" "ცხინვალმა" და კერძოდ, ამ გუნდის 21 წლის ცენტრფორვარდმა ნიკა კაჭარავამ. უმცროსმა კაჭარავამ ქუთაისელთა გუნდის კარში ერთმანეთზე უკეთესი ორი გოლი (ორივე - თავით) გაიტანა და ბომბარდირთა დავაში გიორგი ბერიაშვილსაც (ბათუმის "დინამო") გაუთანაბრდა.

აღსანიშნავია, რომ ნიკა კაჭარავამ ამ ჩემპიონატში 6 გოლი გაიტანა და სამჯერ შეასრულა დუბლი.

სხვათა შორის, "ტორპედო"-"ცხინვალის" მატჩში კიდევ ერთი შთამბეჭდავი გოლი გავიდა: მასპინძელთა შემტევმა დათა სიჭინავამ თავისი "საფირმო" ცაციათი ჩინებულად შეასრულა "სტანტარტული"...

ასევე დუბლით გამოირჩა "სიონის" 24 წლის შემტევი ვილი ისიანი, რომელმაც მშობლიური ქალაქის გუნდის მაისურით პირველად შეძლო ერთ მატჩში 2 გოლის გატანა.

აი, რაც შეეხება "ზუგდიდის" 21 წლის თავდამსხმელ გიორგი ბულიას, ამ ახალგაზრდა შემტევმა უმაღლეს ლიგაში პირველი დუბლი შეასრულა.

სადებიუტო მატჩები, გოლები...
გასულ ტურში ერთი სამწვრთნელო დებიუტიც შედგა და წარმატებულადაც: "მერანმა" ჩემპიონატში პირველი მატჩი ახალი თავკაცის, გალაკტიონ ჭუბაბრიას ხელმძღვანელობით მოიგო!

...სწორედ ამ ტურში ჰქონდათ უმაღლეს ლიგაში დებიუტი თბილისის "ლოკომოტივის" ახალგაზრდა ფეხბურთელებს: 21 წლის ერეკლე სულთანიშვილსა და 17 წლის გიორგი პაპუაშვილს, ხოლო 19 წლის იმედა აშორტიამ უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

აქვე, ის ფეხბურთელებიც ვახსენოთ, ახალი გუნდის მაისურით პირველად რომ გამოიჩინეს თავი: ჯაბა დვალმა და ნიკა საბანაძემ "საბურთალოს" მაისურით პირველი გოლები გაიტანეს.

ყოჩაღი შემცვლელები
იმედა აშორტიამ შეცვლაზე შემოსულმა იყოჩაღა, ისე, როგორც დათა სიჭინავამ; მათ მსგავსად, ასევე შეცვლაზე შემოვიდნენ და თავიანთ გუნდებს ქულა მოუტანეს ირაკლი სიხარულიძემ ("სამტრედია") და თორნიკე მუმლაძემ ("ჩიხურა").

უიღბლონი
გასული ტური რამდენიმე ფეხბურთელისათვის მართლაც უიღბლო გამოდგა: ერეკლე კილაძემ ("გურია") ავტოგოლი გაიფორმა, გიორგი ბეგაშვილი (თბილისის "დინამო") და ოთარ კუსიანი ("ჩიხურა") მოედნიდან გააძევეს, გიორგი ბერიაშვილმა (ბათუმის "დინამო") კი პენალტი ვერ გამოიყენა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ტუხაშვილი თუ გეზარება სტატისტიკის გადახედვა დაანაბე თავი მაშინ წერას,,რატომგაც მგონია რო დილას ერთ მოგებას აკლებ დინამოსთან არაა?აბა კარგად გადახედე,,არა ეხლა თუ შენ 2012-მდე არ ტვლი ეგ სხვა საკითხია.
gori
13:21 29-09-2015
0
gori-ს: ყველაფერს აქვს საზღვარი, თუმცა ამდენი შეურაცხმყოფელი და უაზრო ბრალდებებით გაჯერებული კომენტარები უკვე მეტისმეტია. თანაც, ეს მხოლოდ gori-ს არ ეხება. ბევრ ქართველ ფეხბურთელსა თუ მწვრთნელს ხშირად დაუჩივლია ამ ვებ-გვერდზე მათ მიმართ გამოთქმული შეურაცხყოფების გამო; მაგრამ არც "ლელოს" ჟურნალისტებს გვინდობენ და უაზრო თუ უსაფუძვლო კომენტარებით ხშირ შემთხვევაში შეურაცხყოფას გვაყენებენ. ამჯერად ეს ვიკმაროთ. ახლა კი კონკრეტულად gori-ს: გორის დილას თბილისის დინამოსთან საქართველოს ჩემპიონატების 25-წლიან ისტორიაში მხოლოდ ორჯერ აქვს მოგებული. რაც შეხება "ერთი მოგების დაკლებას", ალბათ 1998 წელს თასის პირველ ნახევარფინალს გულისხმობთ, როცა დილამ სტუმრად მოუგო დინამოს... ტურის მიმოხილვაში კი ჩემპიონატის სტატისტიკაზე იყო ლაპარაკი.
gia tukhashvili
14:30 29-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული