დინამო (თბ)-დინამო (ბთ) 1:0 - დაბრუნება ჩვეულ ადგილას [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
წესითა და რიგით, ძველი მეტოქეებისა და ამ ჩემპიონატის ფავორიტთა დაპირისპირებას ბევრად უფრო მეტი აუდიტორია უნდა ჰყოლოდა, მაგრამ მართლაც მშვენიერი "დინამო არენის" ტრიბუნებიც, ფაქტობრივად, ცარიელი იყო და პრესლოჟაშიც ერთ-ორ ჟურნალისტს თუ მოჰკრავდით თვალს. კოლეგების სიმცირე გასაგები იყო: სწორედ იმ დროისათვის ხომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობდა...

დინამოელთა დაპირისპირების დაწყებამდე მასპინძელთა მოტივაცია ერთიორად გაიზარდა: ჩემპიონატის ლიდერმა "დილამ", ბევრისთვის მოულოდნელად, 0:5 წააგო "სამტრედიასთან" და ბათუმელებთან გამარჯვების შემთხვევაში გია გეგუჩაძის გუნდი პირველ ადგილს იბრუნებდა.

თავისი გეგმები ჰქონდათ სტუმრებსაც: საკადრო პრობლემებმოძალებულ ბათუმის "დინამოს" ხომ
ჩემპიონატში სამი მოუგებელი მატჩი მოუგროვდა. ამ შეხვედრის შემდეგ სტუმართა წარუმატებელი სერია გაგრძელდა, თანაც ტრავმის გამო უკვე პირველსავე ტაიმში კიდევ ერთი საკვანძო ფეხბურთელიც გამოაკლდათ - თეიმურაზ შონია...

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ზემოტივირებული მასპინძლები სწრაფ გოლს ეშურებოდნენ და თავიდანვე შეუტიეს მეტოქეს; საწყის წუთებში აქტიურობდა საბა ლობჟანიძე, რომელიც ამ სეზონში პირველად ვიხილეთ თბილისელთა გუნდის განაცხადში; იმავეს თქმა შეიძლება ოთარ კიტეიშვილზეც, რომელმაც, გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ მიმდინარე სეზონში, უდავოდ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

19 წლის კიტეიშვილი თამაშს ხშირად ამწვავებდა, რამდენჯერმე ინდივიდუალურად გაიბრწყინა და პარტნიორებსაც ხშირად ამარაგებდა ზუსტი გადაცემებით. სწორედ მისი ჩინებული რეიდის მერე შეიქმნა პირველი ტაიმის ყველაზე სახიფათო მომენტი სტუმართა კართან, როცა მისი ეფექტური პასის შემდეგ გიორგი ქვილითაია ბურთს ქუსლით უცვლიდა მიმართულებას, მაგრამ სტუმრები მათი კარის ძელმა გადაარჩინა.

საერთოდ კი, მთლიანობაში, პირველი ტაიმი არცთუ სანახაობრივი გამოდგა. სტუმრებს რაც შეეხებათ, მხოლოდ ერთხელ ანერვიულეს მასპინძელთა ქომაგები, როცა ანზორ სუხიაშვილმა მარცხენა ფლანგიდან სახიფათო რეიდი განახორციელა.

მეორე ტაიმის დასაწყისიც, ცოტა არ იყოს, მოსაწყენი გამოდგა და ასე გრძელდებოდა მანამდე, ვიდრე მოედანზე დავით ვოლკოვი არ გამოჩნდა; ახალგაზრდა ფორვარდმა მასპინძელთა შეტევებს მრავალფეროვნება შესძინა და რამდენჯერმე მწვავედაც შეუტია: ერთ ეპიზოდში მის მიერ საშუალო მანძილიდან დარტყმული ბურთი სტუმართა კარის ძელს მოხვდა!

სასურველი შედეგის მისაღწევად გია გეგუჩაძემ მოედანზე კიდევ ერთი ფორვარდი, ბაჩანა არაბული შემოიყვანა. მასპინძლებიც მეტოქეზე დაწოლას აგრძელებდნენ და რომ არა სტუმართა მეკარის, მიხეილ ალავიძის სანაქებო რეაქცია, გოლ(ებ)საც ბევრად უფრო ადრე გაიტანდნენ; განსაკუთრებით ის ეპიზოდია აღსანიშნავი, როცა სტუმართა მეკარემ ლაშა პარუნაშვილის ძლიერი დარტყმა მოიგერია.

...და მაინც, მასპინძელთა აქტიურობამ შედეგი გამოიღო: მარჯვენა ფლანგიდან არჩილ ტვილდიანის გამჭოლი გადაცემის შემდეგ დავით ვოლკოვი და ბაჩანა არაბული სტუმართა კარის სიახლოვეში აღმოჩნდნენ. მიხეილ ალავიძემ პირველ ჯერზე მაინც მოასწრო რეაგირება, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ მცირე რიკოშეტის შემდეგ ბურთი ოთარ კიტეიშვილს მიუვიდა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, თურმე მატჩის ერთადერთი გოლიც გასულა.

სხვათა შორის, ეს იყო ოთარ კიტეიშვილის პირველი გოლი თბილისის "დინამოს" მაისურით...

მასპინძლებს კიდევ ერთი გოლის გატანის შანსი ჰქონდათ: კიტეიშვილის კუთხურის შემდეგ ვოლკოვი ბურთს თავით გზავნიდა მეტოქის კარის მიმართულებით, მაგრამ მცირეოდენ არაზუსტად დაარტყა. აი, სტუმრებმა კი მასპინძელთა კარის მიმართულებით პირველად... 83-ე წუთზე დაარტყეს, როცა ამირან აბუსელიძის შორეული დარტყმა ლიბორ ჰრდლიჩკამ ცოტა არადამაჯერებლად, მაგრამ მაინც მოიგერია.

საერთოდ, აბუსელიძე აქტიურად ჩაერთო თამაშში და მატჩის ბოლო წუთზე კიდევ ერთ მწვავე ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა და ამ მომენტში სტუმრები პენალტსაც ითხოვდნენ; თუმცა, ამით ყველაფერი არ დასრულებულა: უკვე არბიტრის მიერ დამატებული დრო იწურებოდა, შეტევაში წასული ბორის მახარაძის პასს უცნაური გაგრძელება მოუძებნა მასპინძელთა ცენტრალურმა მცველმა რენე ფერეირამ და სტუმართა საუკეთესო ბომბარდირს, გიორგი ბერიაშვილსაც სულ მცირედი დააკლდა, ანგარიში რომ გაეთანაბრებინა.

თუმცა, ასე არ მოხდა და თბილისის "დინამომ" ერთი კვირის წინათ დაკარგული ლიდერობა ისევ დაიბრუნა!

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VII ტური
03.10. თბილისი, დინამო არენა.
დინამო (თბ)-დინამო (ბთ) 1:0
გოლი: 1:0 კიტეიშვილი (73)
თბილისი (4-2-3-1): ჰრდლიჩკა - ტვილდიანი (90. ზ. ჭელიძე), გველესიანი, რენე ფერეირა, გ. თევზაძე - მ. ცინცაძე, პარუნაშვილი - ჯიღაური, კიტეიშვილი, ს. ლობჟანიძე (58. ვოლკოვი) - გ. ქვილითაია (69. არაბული).
სათადარიგოები: ჯანელიძე, იაშვილი, გ. გურული, გუგეშაშვილი
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ბათუმი (4-1-4-1): ალავიძე - ქათამაძე, მახარაძე, გოგიტიძე, სუხიაშვილი - მგელაძე - ქავთარაძე, შონია (19. ვარშანიძე), ჩირიკაშვილი (80. აბუსელიძე), ნ. დიასამიძე (57. ლუის მედინა) - ბერიაშვილი.
სათადარიგოები: ვ. თევდორაძე, კვანტალიანი, ვარშანიძე, ტაკიძე
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
არბიტრი: ლ. სილაგავა

ბომბარდირები
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 6
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 6
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 5
ი. მოდებაძე (დილა) 5

მომდევნო, VIII ტური
17 ოქტომბერი, შაბათი
კოლხეთი-ლოკომოტივი
საბურთალო-საპოვნელა
მერანი-შუქურა
ზუგდიდი-სიონი
დინამო (ბთ)-სამტრედია
ტორპედო-დინამო (თბ)

18 ოქტომბერი, კვირა
დილა-გურია
ცხინვალი-ჩიხურა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული