ლადო ბურდული: ევროთასის ჯგუფში მოხვედრას 2,5 მლნ ლარი მაინც სჭირდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო ორი მატჩი, ბოლნისის "სიონის" წაუგებელი კამპანია სეზონის დაწყების შემდეგ, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობა, ეროვნული ჩემპიონატი - ამ თემებზე ვესაუბრეთ ბოლნისის "სიონის" დირექტორ ლადო ბურდულს, ვისაც თავის დროზე საქართველოს ნაკრებში 21 მატჩი ჩაუტარებია და 2 გოლი გაუტანია...

- ლადო, საუბარი ნაკრების ბოლო ორი მატჩის შეფასებით დავიწყოთ...
- გიბრალტართან მატჩზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. რაც შეეხება გერმანიასთან შეხვედრას, კმაყოფილი დავრჩი. რაც მთავარია და ყველაზე კარგად მენიშნა, ეროვნული გუნდი პირველიდან ბოლო წუთამდე კონცენტრირებული იყო და ეს კონცენტრაცია წამითაც არ
განელებულა. ეს უკვე დიდი საქმეა და სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა.

ქართველებისთვის დამახასიათებელ ფეხბურთს ვთამაშობთ. კაცს ვატყუებთ, ბურთს ვაგორებთ, კარში ვურტყამთ... ესეც ძალიან კარგია. ბოლო წუთებზე რამდენიმე ფეხბურთელის შეცდომა რომ არა, დიდი ალბათობით, ქულას მოვიპოვებდით გერმანიასთან. მეტოქემ ბევრი მომენტი შეგვიქმნა. ეს სხვა თემაა. საერთოდ, ფეხბურთი და შეცდომა განუყოფელია. რომ არ იყოს, გოლიც არ გავიდოდა ძალიან ხშირად. ეს ასეა, მაგრამ ჩვენ რომ ჩვენი მომენტები გამოგვეყენებინა, მოგებაც არ იყო წარმოუდგენელი...

მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ტერმინის - "ღირსეული წაგება". ფეხბურთი ფასდება შედეგით და როცა აგებ, ვერ იქნები კმაყოფილი, მაგრამ როცა მსოფლიოს ჩემპიონს ეთამაშები, ბევრი რამაა გასათვალისწინებელი. თან წაგებაცაა და წაგებაც - შეიძლება 0:1 წააგო და მთელი შეხვედრის განმავლობაში არ დაარტყა კარში. ჩვენ კი ამდენი მომენტი გვქონდა გერმანიასთან შეხვედრაში...

ამ თამაშმა ჩვენს ფეხბურთელებს უნდა მისცეს რწმენა, რომ თამაში ყველასთან შეიძლება. მეც, ჩემი მხრივ, ვეტყვი მათ - ბიჭებო, თქვენ შეგიძლიათ!

- როგორ ფიქრობთ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებს შეუძლია წარმატებით თამაში?
- მე მჯერა, რომ ასეთი ცუდი შედეგი არც ერთ შესარჩევ ციკლში აღარ გვექნება. ამ ციკლის ბოლო მონაკვეთმა უკეთესის იმედი კი ჩაგვისახა, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ, რომ შედეგი მაინც მიუღებელია ჩვენთვის. კარგა ხანია, ვამბობთ, რომ გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები. ეს ასეცაა და ამ ბიჭებისთვის მომავალი ციკლი არის "ჭეშმარიტების მომენტი". მათ უნდა დაამტკიცონ, რომ შეუძლიათ, სიხარული მოუტანონ ქართველ გულშემატკივარს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიხაროთ. აგერ, ალბანეთი გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ჩრდილოეთი ირლანდია, ისლანდიაც იქაა...

- თავის დროზე, ჩვენ ერთად ვიყავით ტირანაში. მაშინ ალბანური ფეხბურთი არ იყო აღმავლობის გზაზე და იქაური ჩემპიონატიც დიდი ვერაფერი იყო. თუ გიფიქრიათ იმაზე, რის ხარჯზე მიაღწია ალბანეთმა ამას?
- ალბანელი მეგობრები მყავს ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა უკრაინაში ვთამაშობდი. ალბანეთის ჩემპიონატი დღეს ის აღარაა, რაც ადრე იყო. ავიღოთ თუნდაც "სკენდერბეუს" მაგალითი. ეს გამონაკლისი შემთხვევა არ არის. ალბანეთის ჩემპიონატში მასობრივად იდება ფული.

ხომ გახსოვთ, წინა სეზონში "სიონი" ევროპის ლიგიდან "ფლამურტარიმ" რომ გამოთიშა? იმ "ფლამურტარის" სპონსორი დღეს ერთ-ერთი ცნობილი ავიაკომპანიაა. გუნდში არაერთი ლეგიონერია, მათ შორის - ქართველებიც. რამდენადაც ვიცი, ამ კლუბში ხელფასი 7-10 ათასი ევროა. ასევე არიან სხვა ალბანური კლუბებიც. მათ სხვადასხვა ქვეყნიდან - პორტუგალიიდან, ბრაზილიიდან, ხორვატიიდან, არგენტინიდან - ჩაჰყავთ ლეგიონერები და მათ გვერდით ადგილობრივებიც უმატებენ. მერე, ჩემპიონატი რომ რაღაცას ჰგავს, უცხოური კლუბის სელექციონერებიც მეტი ნდობით ეკიდებიან ამ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს. ნაკრები რესურსს ჩემპიონატიდან იღებს.

- რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონატს არგებს კვალიფიციური ლეგიონერების გამოჩენა, მაგრამ აქ ორი მომენტია. ჯერ ერთი, რა უნდა მივცეთ მათ და მეორეც - საზოგადოების დიდმა ნაწილმა შეიძლება ამ პროექტში ქართველი ფეხბურთელების შეზღუდვის მცდელობა შენიშნოს...
- თუ ჩვენს გუნდებში ხელფასი იქნება 5-7 ათასი ლარი, ჭკვიანური მენეჯმენტის პირობებში შესაძლებელია კვალიფიციური ლეგიონერების პოვნა. ლათინოსი ფეხბურთელი ძალიან სხვანაირი ნატურაა. გეცოდინებათ, თავის დროზე კაკა კიევის "დინამოში" ვერ მოხვდა. კარიერის ასაწყობად ისინი არსად წასვლას არ თაკილობენ.

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა მალე ამოქმედდება და მოხარული ვარ, რომ სასიკეთო ძვრები ამ მხრივ უკვე შეიმჩნევა.

ჩვენ ზემოთ საქართველოს ნაკრებზე ვისაუბრეთ. მე ასე მგონია - საქართველოს ეროვნულმა გუნდმა აუცილებლად უნდა მიიღოს კადრები ქვეყნის ჩემპიონატიდან... რაც შეეხებათ ლეგიონერებს, უნდა ჩამოვიყვანოთ კლუბში 3-4 ფეხბურთელი - ისეთი მოთამაშეები, რომლებიც გუნდის შემტევ, შემოქმედებით პოტენციალს გაზრდიან. ამ ლეგიონერების გვერდით ქართველი ფეხბურთელებიც მალე გაიზრდებიან.

საერთოდ, ფეხბურთელი ვიღაცის მაგალითზე უნდა გაიზარდოს. ჩვენს თაობას რად უნდოდა ლეგიონერი გაზრდისთვის? - ყოველდღე ანჩაბაძეს, ქინქლაძეს, შოთას, ჯამარაულს ვუყურებდით... ახლა სხვა დროა. როგორ აიწია თავის დროზე რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატის დონემ? ლეგიონერების ხარჯზე. ჯერ კიდევ მაშინ, როცა უკრაინაში ვთამაშობდი, ამ ქვეყანაში სხვადასხვა ქვეყნიდან გამოჩნდნენ ლეგიონერები და ეს უმალ დაეტყო ჩემპიონატის დონეს.

- როგორც კლუბის დირექტორს, რა ბიუჯეტი გჭირდებათ საიმისოდ, რომ შექმნათ გუნდი, რომელიც რეალურად იბრძოლებს ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად?
- "სიონმა" რომ ევროთასებზე ითამაშა, ჩვენი ბიუჯეტი იმ დროს 1 900 000 ლარი იყო. მაშინ ფეხბურთელების ხელფასი იყო 2 000-2 500 ლარი. გეხსომებათ, რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე დავკარგე ზედ ევროპული სტარტის წინ. ისინი რომ მყოლოდა, ჩვენ აუცილებლად გავივლიდით "ფლამურტარის" ბარიერს და იქნებ მეტისთვისაც მიგვეღწია.

იმ მიზნისთვის ბრძოლას, თქვენ რომ მკითხეთ, ჩემი გაანგარიშებით, 2 მილიონ-ნახევარი ლარი მაინც სჭირდება. ეს ერთი და მეორე - გუნდი უნდა იყოს შეთამაშებული. ჩვენ ვნახეთ გორის "დილას" მაგალითი. ამ გუნდმა კარგი ფეხბურთელები აიყვანა - მარცვალაძე, ნავალოვსკი... "პარტიზანთან" გუნდს შეთამაშება არ ეყო. ახლა "დილა" უკეთესი გუნდია.

- ექვსთვიანი გუნდების თემა ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ასე არ არის?
- აბსოლუტურად გეთანხმებით. 6 თვეში გუნდში 15 ფეხბურთელი რომ შეიცვლება, რაზეა ლაპარაკი? ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება საშუალებას მოგვცემს, ფეხბურთელთან გავაფორმოთ, ვთქვათ, 3-წლიანი კონტრაქტი...

- "სიონზეც" ვთქვათ. სეზონი დაიწყო და გუნდს არც ერთ ფრონტზე არ წაუგია...
- დავიწყებ მწვრთნელით. ნურავის ეწყინება, მათ შორის, ნურც ვარლამს, მაგრამ მიმაჩნია, რომ დღემდე ის არ იყო საკმარისად რეალიზებული მწვრთნელი. ვგულისხმობ იმას, რომ აქამდე ის ფინანსურად ძალიან გაჭირვებულ კლუბს წვრთნიდა. მე გაცილებით დიდბიუჯეტიანი კლუბი რომ მყავდეს, ვთქვათ, 5-მილიონიანი, კილასონიას მივიყვანდი მწვრთნელად. ეს არის კარგი ადამიანი. აქვს დიდი ავტორიტეტი. მისი სიტყვა კაცური სიტყვაა...

ყველამ ვიცით, რუსთავში რა ვითარებაში მუშაობდა. გუნდში ხელფასები არ იყო და მას მაინც ჰქონდა შედეგი. ხანდახან ვეხუმრები ხოლმე, კრიზისული მართვის მენეჯერი ხარ-მეთქი...

ჩვენს გუნდში არის ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების სინთეზი. ყველაზე მაღალი ხელფასი 1 500 ლარია და ესეც გამოცდილ ფეხბურთელებს აქვთ. ჩვენ რასაც ვპირდებით ფეხბურთელებს, დროულად ვაძლევთ. 10 თამაში არ წაგვიგია და ეს კარგია. შეიძლება ვინმემ თქვას, ლიდერებთან არ უთამაშიათო, მაგრამ რთული მატჩები უკვე გვქონდა.

- თავის დროზე, ყველას გვეტკინა "ფლამურტარისთან" განცდილი ევრომარცხი. თუ გუნდმა ასე გააგრძელა, დიდი ალბათობით, ევროთასებზე მოხვდება...
- რაც სადღეისოდ გვაქვს დაფინანსება, ეს არ არის საკმარისი ევროთასებისთვის. ამას ალალად ვამბობ. გუნდი არის შეკრული თავიდან ბოლომდე და ვამბობთ: თვალს უხარია, ქომაგს უხარია, "სიონი" მეორე ადგილზე რომ არის, ვამხნევებთ ყველა ერთმანეთს და გვინდა, რომ ზამთრის შესვენებამდე კარგი შედეგით მივიდეთ...

მე ვიყავი ფეხბურთელი და ვიცი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ფეხბურთში ნდობას. მე ორი წაგების გამო არ გავუშვებ მწვრთნელს. 6 მწვრთნელი შეიცვალა, რაც სეზონი დაიწყო და ეს არ არის კარგი. ამ პირობებში რეალურად კმაყოფილი ვიქნები, თუ "სიონი" 8 საუკეთესო კლუბს შორის იტრიალებს, თუმცა ევროთასებზე გასვლა და იქ საქართველოს ღირსების დაცვა ვის არ უნდა?! უბრალოდ, მე გამოვდივარ რეალობიდან. ანუ იქიდან, რომ "სიონს" არ ჰქონია შეკრება, არ ჰქონია ორჯერადი ვარჯიშები...

ზამთარში, როცა ჩვენი მომავალი დაფინანსების საკითხი გაირკვევა, უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ ამ თემაზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
წინა ციკლის დროს სომხეთი მოგყავდათ მაგალითად,ისინი,ხომ პლეი ოფში იყვნენ,მაგრამ გამოვიდა ის,რომ ეს ყველაფერი შემთხვევითობა აღმოჩნდა,ამ ციკლში სად არის სომხეთი?ბოლო ადგილზე,ასე,როო ციკლში ერთი მატჩის ნორმალურად ჩატარება კი არაა შესაძლებელი, არამეD შეიძლება მთელი ციკლი იყოს შემთხვევითობა,ჩვენ ქვეყანაში თბილისს გარდა არსად ნორმალური სტადიონი არ არსებობს,თბილისშიც ძველი აშენებულებია ეს სტადიონება,თორემ ახალი რაა აშენებული,ყველა ხელისუფლება ძარცვავს ქვეყანას,ჩვენთან ხალხს საჭმლის პრობლემა აქვთ,მედიკამენტების პრობლემა აქვთ,უმეტესობას სახლ-კარიც არ გააჩნია,ბევრს ცივა, შია და უძლურია,სამაგიეროდ მთავრობები მდიდრდებიან,ასეთ ქვეყანაში რა ფეხბურთზე ლაპარაკობთ,მე პირადად არ მესმის.
roma
13:56 17-10-2015
0
ყველას თავისი აზრი აქვს და ადამიანებს უნდა შეეძლოთ აზრის გამოხატვა,ეს აქსიომაა,მაგრამ ბურდულის,ყაველაშვილის,ჯამარაულის,კალაძის და ბევრი სხვა ყოფილი ფეხბურთელის თავში ჩამახედა ერთი,ძალიან მაინტერესებს რა ...,

აზრზე არ ხართ რა ხდება ფეხბურთში,ალბანეთს,ირლანდიას,ისლანდიას,უელს,რომ ახსენებთ გაშიფრეთ მათი ფეხბურთელები სად თამაშობენ,რომელ გუნდებში და მათი სათამაშო დროსაც დააკვირდით და შემდეგ ილაპარაკეთ,მერე შეადარე ჩვენი ფეხბურთელები სად თამაშობენ,ხოლო ოქრიაშვილი,მჭედლიძე,ანანიძე კი თამაშობენ შედარებით სხვასთან რაღაც გუნდებში,მაგრამ მათი თამაშის პრაქტიკას დააკვირდით,სულ თითქმის სათადარიგოთა სკამზე ზიან,ხანდახან თუ შემოიყვანენ შეცვლაზე,აი ამაზე გასამახვილებელი ყურადღება,თორემ ერთ მატჩს ჩიკლში ყველა გუნდი ჩაატარებს,ეს პრობლემა არაა.
roma
13:01 17-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული