მერანი-შუქურა 1:2 - არბიტრის როლი

AutoSharing Option
"მერანი" მიმდინარე სეზონს ძალზე არასტაბილურად ატარებს. მარტვილელებმა ერთადერთი და ჯერჯერობით უკანასკნელი 3 ქულა დაახლოებით ერთი თვის წინათ, მათი ამჟამინდელი დამრიგებლის, ბადრი კვარაცხელიას მიერ გაწვრთნილი "გურიის" წინააღმდეგ მოიპოვეს. კვარაცხელიას მარტვილური დებიუტი კი ქობულეთის "შუქურასთან" შედგა...

თამაში "მერანის" იერიშებით დაიწყო. ცოტა ხანში "შუქურაც" გააქტიურდა, თუმცა სახიფათო დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა. რამდენიმე იოლი ბურთის მოგერიება მეკარეებს არ გასჭირვებიათ. მათგან დასამახსოვრებელი კუტალიას ჩინებული გადაცემის შემდეგ დათა ციცხვაიას თავური იყო, მცირე მანძილით რომ ასცდა ჯიოევის კარს.

25-ე წუთზე მასპინძლებმა მაინც გაიტანეს: კუტალიას აქტიურობას მეტოქის საჯარიმოში
არეულობა მოჰყვა, ბურთი უკანასკნელად სტუმართა მცველ ბაგაევს მოხვდა და კარის ბადეც შეირხა - 1:0.

ტაიმის შუა პერიოდში მოედანზე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, გუნდები ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებასა და ბურთზე კონტროლის დაწესებას ცდილობდნენ. მე-40 წუთზე ექსმერანელმა ლევან გეგეჭკორმა შესანიშნავი სოლო-რეიდი განახორციელა, რომელიც პუკანიჩის არაზუსტი დარტყმით დასრულდა. გეგეჭკორმა ამ ეპიზოდში ადგილობრივი პუბლიკის აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

ორიოდე წუთში მასპინძლებს შეეძლოთ ანგარიშის ორამდე გაზრდა - მარჯვენა ფრთიდან პაპადოპულოსის ჩაწოდებულს კუტალია გამოეხმაურა, თუმცა მიზანმა ოდნავ უმტყუნა. სტუმრებმა მასპინძლებს რეალური მომენტის გაფლანგვა არ აპატიეს და დასაჯეს კიდეც - ჩელებაძის მიერ ძლიერად შესრულებული "სტანდარტი" ჯერ ძელს, შემდეგ მეკარე ზარქუას ზურგზე მოხვდა და კარში შეგორდა - 1:1.

მეორე ტაიმში მოედანზე, როგორც საფეხბურთო, ისე არასაფეხბურთო თვალსაზრისით, ბევრი რამ მოხდა. ყველაფრის დეტალურად აღწერას, რასაკვირველია, არ შევუდგებით. თუმცა ფაქტია, რომ "ტემპერატურის მომატებაში" გარკვეული როლი მატჩის არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმაც ითამაშა.

მანამდე კი ანგარიშში კორექტივის შეტანა ორივე გუნდს შეეძლო. ჯერ სტუმართა შემტევი კერძევაძე აღმოჩნდა მეკარესთან პირისპირ, თუმცა ზარქუას ვერ აჯობა. მოგვიანებით კი "მერანს" ორჯერ ჰქონდა დაწინაურების შანსი - აშორტიას მიერ ძლიერად დარტყმული უზუსტო გამოდგა, ხოლო კუტალიას კუთხურიდან ბურთი ძელს მოხვდა.

რაც შეეხება მარტვილელთა პრეტენზიებს, მათი აღშფოთება პირველად 78-ე წუთზე მარაქველიძის გაძევებამ გამოიწვია. გულშემატკივრების აზრით, ხარიტონაშვილს "ბოლო იმედის" ჯარიმა არ უნდა დაეფიქსირებინა, რადგან ამ ეპიზოდში სტუმართა თავდამსხმელი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მღელვარებამ პიკს მატჩის ბოლო წუთებზე მიაღწია: ერთ-ერთმა ქობულეთელმა მოედნის ცენტრის სიახლოვეს წურწუმია წააქცია, წამოდგომისას კი ხელი ჰკრა. ეპიზოდს ფეხბურთელებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. არბიტრმა კამათში აქტიურად მონაწილე "შუქურას" ორი ფეხბურთელი ყვითელი ბარათით, ხოლო "დაზარალებული" წურწუმია... წითელი ბარათით დასაჯა (რაც ავტომატურად მოჰყვა მეორე ყვითელ ბარათს).

9 კაცით დარჩენილი "მერანისთვის" კომპენსირებული დრო ჯოჯოხეთური გამოდგა. სტუმრები მთელი ძალებით წავიდნენ წინ. შეტევებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მეორე ტაიმში შესულმა ფეხბურთელებმა შარიქაძემ და ლობჯანიძემ. ამ უკანასკნელმა მაღალ ბურთზე მეკარის შეცდობით ისარგებლა და თავური დარტყმით, ზედ საფინალო სასტვენის წინ გამარჯვებისა გაიტანა - 1:2.

ამრიგად, "შუქურამ", სხვადასხვა ფაქტორის შეჯერებით, მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა და სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში იმყოფება, "მერანი" კი, ბრძოლისუნარიანობის მიუხედავად, ქულებს თავს ვერაფრით უყრის და ცხრილის ფსკერზეა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VIII ტური
17.10. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
მერანი-შუქურა 1:2
გოლები: 1:0 ბაგაევი (26-საკ. კარში), 1:1 ჩელებაძე (45), 1:2 ლობჯანიძე (90+3)
მერანი (4-4-2): ზარქუა - მარაქველიძე, შალიკაშვილი, ი. ციცხვაია, გეგია - გაზდელიანი (56. აშორტია), გვაზავა, წურწუმია, პაპადოპულოსი - კუტალია (90. ჯღამაია), დ. ციცხვაია (85. რუხაია).
სათადარიგოები: სევოსტიანენკო, შალამბერიძე, პაჭკორია, გოგოლაძე
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
შუქურა (4-3-2-1): ჯიოევი - გეგეჭკორი, ბაგაევი, ჭეიშვილი, ჩალაძე - თარხნიშვილი, პუკანიჩი (56. შარიქაძე), წიქარიძე (42. ურიდია) - დოლიძე (83. ლობჯანიძე), კერძევაძე - ჩელებაძე.
სათადარიგოები: სტურუა, კომახიძე, ცხოვრებოვი, გეწაძე
მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე
გაფრთხილება: წურწუმია (61), კუტალია (74), ბაგაევი (81), შალიკაშვილი (84), თარხნიშვილი (90), ურიდია (90)
გაძევება: მარაქველიძე (78), წურწუმია (90)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.

ბომბარდირები
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
ო. მარცვალაძე (დილა) 7

მომდევნო, IX ტური
23 ოქტომბერი, პარასკევი
ჩიხურა-კოლხეთი
დინამო (თბ)-ცხინვალი
გურია-დინამო (ბთ)
სიონი-დილა
სამტრედია-ტორპედო
შუქურა-ზუგდიდი

24 ოქტომბერი, შაბათი
საპოვნელა-მერანი

25 ოქტომბერი, კვირა
ლოკომოტივი-საბურთალო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ერთი უნდა გითხრად ბატონებო,ახალგაზრდა მსაჯები ნუთუ არ გყავთ ხალხოო?იმან იმსაჯოს შეეშალოს და ხვალ ზეგ ისწავლის..მაგრამ რასაც მე პირადად მარტვილში შევხედე და უყურე ამ ბიჯს ხარიტონაშვილს მარტო მერანის საწიინააგმდეგოდ ეშლებოდა,
elguja
13:02 20-10-2015
0
ხარიტონაშვილმა არ უნდა იმსაჯოს სირცხვილია..ვერ დარბის ვერ დადის,დავერ ხედავს,მარტვილს და მის გუნდს წაგვარტვა მინიმუნ 1ქულა,მაგრამ მაგის ბრალიც არაა მტლად ვინც მაგნაირ მსაჯებს ნიშნავენ მაგათი ბრალია 90 პროცენტით
zaza111
09:18 20-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული