მერანი-შუქურა 1:2 - არბიტრის როლი

AutoSharing Option
"მერანი" მიმდინარე სეზონს ძალზე არასტაბილურად ატარებს. მარტვილელებმა ერთადერთი და ჯერჯერობით უკანასკნელი 3 ქულა დაახლოებით ერთი თვის წინათ, მათი ამჟამინდელი დამრიგებლის, ბადრი კვარაცხელიას მიერ გაწვრთნილი "გურიის" წინააღმდეგ მოიპოვეს. კვარაცხელიას მარტვილური დებიუტი კი ქობულეთის "შუქურასთან" შედგა...

თამაში "მერანის" იერიშებით დაიწყო. ცოტა ხანში "შუქურაც" გააქტიურდა, თუმცა სახიფათო დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა. რამდენიმე იოლი ბურთის მოგერიება მეკარეებს არ გასჭირვებიათ. მათგან დასამახსოვრებელი კუტალიას ჩინებული გადაცემის შემდეგ დათა ციცხვაიას თავური იყო, მცირე მანძილით რომ ასცდა ჯიოევის კარს.

25-ე წუთზე მასპინძლებმა მაინც გაიტანეს: კუტალიას აქტიურობას მეტოქის საჯარიმოში
არეულობა მოჰყვა, ბურთი უკანასკნელად სტუმართა მცველ ბაგაევს მოხვდა და კარის ბადეც შეირხა - 1:0.

ტაიმის შუა პერიოდში მოედანზე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, გუნდები ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებასა და ბურთზე კონტროლის დაწესებას ცდილობდნენ. მე-40 წუთზე ექსმერანელმა ლევან გეგეჭკორმა შესანიშნავი სოლო-რეიდი განახორციელა, რომელიც პუკანიჩის არაზუსტი დარტყმით დასრულდა. გეგეჭკორმა ამ ეპიზოდში ადგილობრივი პუბლიკის აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

ორიოდე წუთში მასპინძლებს შეეძლოთ ანგარიშის ორამდე გაზრდა - მარჯვენა ფრთიდან პაპადოპულოსის ჩაწოდებულს კუტალია გამოეხმაურა, თუმცა მიზანმა ოდნავ უმტყუნა. სტუმრებმა მასპინძლებს რეალური მომენტის გაფლანგვა არ აპატიეს და დასაჯეს კიდეც - ჩელებაძის მიერ ძლიერად შესრულებული "სტანდარტი" ჯერ ძელს, შემდეგ მეკარე ზარქუას ზურგზე მოხვდა და კარში შეგორდა - 1:1.

მეორე ტაიმში მოედანზე, როგორც საფეხბურთო, ისე არასაფეხბურთო თვალსაზრისით, ბევრი რამ მოხდა. ყველაფრის დეტალურად აღწერას, რასაკვირველია, არ შევუდგებით. თუმცა ფაქტია, რომ "ტემპერატურის მომატებაში" გარკვეული როლი მატჩის არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმაც ითამაშა.

მანამდე კი ანგარიშში კორექტივის შეტანა ორივე გუნდს შეეძლო. ჯერ სტუმართა შემტევი კერძევაძე აღმოჩნდა მეკარესთან პირისპირ, თუმცა ზარქუას ვერ აჯობა. მოგვიანებით კი "მერანს" ორჯერ ჰქონდა დაწინაურების შანსი - აშორტიას მიერ ძლიერად დარტყმული უზუსტო გამოდგა, ხოლო კუტალიას კუთხურიდან ბურთი ძელს მოხვდა.

რაც შეეხება მარტვილელთა პრეტენზიებს, მათი აღშფოთება პირველად 78-ე წუთზე მარაქველიძის გაძევებამ გამოიწვია. გულშემატკივრების აზრით, ხარიტონაშვილს "ბოლო იმედის" ჯარიმა არ უნდა დაეფიქსირებინა, რადგან ამ ეპიზოდში სტუმართა თავდამსხმელი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მღელვარებამ პიკს მატჩის ბოლო წუთებზე მიაღწია: ერთ-ერთმა ქობულეთელმა მოედნის ცენტრის სიახლოვეს წურწუმია წააქცია, წამოდგომისას კი ხელი ჰკრა. ეპიზოდს ფეხბურთელებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. არბიტრმა კამათში აქტიურად მონაწილე "შუქურას" ორი ფეხბურთელი ყვითელი ბარათით, ხოლო "დაზარალებული" წურწუმია... წითელი ბარათით დასაჯა (რაც ავტომატურად მოჰყვა მეორე ყვითელ ბარათს).

9 კაცით დარჩენილი "მერანისთვის" კომპენსირებული დრო ჯოჯოხეთური გამოდგა. სტუმრები მთელი ძალებით წავიდნენ წინ. შეტევებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მეორე ტაიმში შესულმა ფეხბურთელებმა შარიქაძემ და ლობჯანიძემ. ამ უკანასკნელმა მაღალ ბურთზე მეკარის შეცდობით ისარგებლა და თავური დარტყმით, ზედ საფინალო სასტვენის წინ გამარჯვებისა გაიტანა - 1:2.

ამრიგად, "შუქურამ", სხვადასხვა ფაქტორის შეჯერებით, მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა და სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში იმყოფება, "მერანი" კი, ბრძოლისუნარიანობის მიუხედავად, ქულებს თავს ვერაფრით უყრის და ცხრილის ფსკერზეა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VIII ტური
17.10. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
მერანი-შუქურა 1:2
გოლები: 1:0 ბაგაევი (26-საკ. კარში), 1:1 ჩელებაძე (45), 1:2 ლობჯანიძე (90+3)
მერანი (4-4-2): ზარქუა - მარაქველიძე, შალიკაშვილი, ი. ციცხვაია, გეგია - გაზდელიანი (56. აშორტია), გვაზავა, წურწუმია, პაპადოპულოსი - კუტალია (90. ჯღამაია), დ. ციცხვაია (85. რუხაია).
სათადარიგოები: სევოსტიანენკო, შალამბერიძე, პაჭკორია, გოგოლაძე
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
შუქურა (4-3-2-1): ჯიოევი - გეგეჭკორი, ბაგაევი, ჭეიშვილი, ჩალაძე - თარხნიშვილი, პუკანიჩი (56. შარიქაძე), წიქარიძე (42. ურიდია) - დოლიძე (83. ლობჯანიძე), კერძევაძე - ჩელებაძე.
სათადარიგოები: სტურუა, კომახიძე, ცხოვრებოვი, გეწაძე
მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე
გაფრთხილება: წურწუმია (61), კუტალია (74), ბაგაევი (81), შალიკაშვილი (84), თარხნიშვილი (90), ურიდია (90)
გაძევება: მარაქველიძე (78), წურწუმია (90)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.

ბომბარდირები
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
ო. მარცვალაძე (დილა) 7

მომდევნო, IX ტური
23 ოქტომბერი, პარასკევი
ჩიხურა-კოლხეთი
დინამო (თბ)-ცხინვალი
გურია-დინამო (ბთ)
სიონი-დილა
სამტრედია-ტორპედო
შუქურა-ზუგდიდი

24 ოქტომბერი, შაბათი
საპოვნელა-მერანი

25 ოქტომბერი, კვირა
ლოკომოტივი-საბურთალო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ერთი უნდა გითხრად ბატონებო,ახალგაზრდა მსაჯები ნუთუ არ გყავთ ხალხოო?იმან იმსაჯოს შეეშალოს და ხვალ ზეგ ისწავლის..მაგრამ რასაც მე პირადად მარტვილში შევხედე და უყურე ამ ბიჯს ხარიტონაშვილს მარტო მერანის საწიინააგმდეგოდ ეშლებოდა,
elguja
20 ოქტომბერი 2015 13:02
0
ხარიტონაშვილმა არ უნდა იმსაჯოს სირცხვილია..ვერ დარბის ვერ დადის,დავერ ხედავს,მარტვილს და მის გუნდს წაგვარტვა მინიმუნ 1ქულა,მაგრამ მაგის ბრალიც არაა მტლად ვინც მაგნაირ მსაჯებს ნიშნავენ მაგათი ბრალია 90 პროცენტით
zaza111
20 ოქტომბერი 2015 09:18
0
ამ მსაჯს სულ ქობულეტის ტამასზე ესლება ჰერ გურიას,ახლა მარტვილი..
cicia
20 ოქტომბერი 2015 06:34
0
როგორც ყოველთვის სამტრედიის თამაში არიდება აქ. მანდამაინც 5-0უნდა მოიგოს ან რამე ამგვარი უნდა მოხდეს რო დაიდოს სამტრედიაზე სტატია?
სმტ
19 ოქტომბერი 2015 15:33
0
ხალხო შეხედეთ მსაჯის სიფათს, სიფათზე იკითხება თუ რაოდენ მტრულად არის განწყობილი მერანის მიმართ. იარაღი, რომ ქონოდა ალბათ დაბრიდავდა ორივეს მერანის ფეხბურთელს. ფედერაციას, სამსაჯო კომიტეტმა უნდა განიხილოს ეს თამაში და საერთოდ უნდა მოკვეთონ ხარიტონაშვილი. ვფიქრობ წითლებზე ქონდა გამაზული თვითონ მსაჯს. კობი, ნახე რა ვიდეო მერანი-შუქურასი. როდემდე უნდა აზარალონ ამ უნამოსოებმა მერანის გუნდი. და თითეული ფეხბურთელი.
beso
19 ოქტომბერი 2015 15:02
0
გთხოვთ ყველამ ნახოთ მერანი-შუქურას თამაში, თუ რა თავხედობით გამოირჩევოდა დავით ხარიტონაშვილი(მსაჯი) ეს იყო მაგალითი იმისა თუ როგორ არ უნდა იმსაჯოს მსაჯმა ფეხბურთი. საშინელება ჩაიდინა. სამი ქულა წაართვა მერანს. ეს მიმდინარე შემპიონატში მსაჯების გამო წართმეული ექვსი ქულაა მერანისთვის. პირველი ცხინვალთან წართვეს ახლა შუქურასთან. მერანს მიმდინარე შემპიონატში მინიმუმ 9 ქულა ექნებოდა რომ არა ეს მაიმუნი მსაჯობა. და ცხრილშიც ნახეთ თუ სად იქნებოდა. ლევან კობიაშვილს ვთხოვ უშვალოდ თვითონ ნახოს მერანი-შუქურას თამაში ბოლომდე და მერე მიიღოს გადაწყვეტილება ხარიტონაშვილი უნდა იყოს თუ არა მსაჯი.
gulshematkivari
19 ოქტომბერი 2015 14:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული