თუმცა ტურის არც სხვა მატჩებს აკლდა ინტრიგა და, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩემპიონატში ლიდერი კვლავ შეიცვალა: "ქართულ კლასიკოში" დაფიქსირებული საყაიმო ანგარიშიდან გამომდინარე, მოქმედ ჩემპიონს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადასვლის მშვენიერი შანსი გაუჩნდა და "დილამაც" ეს შანსი ხელიდან აღარ გაუშვა!
ჩემპიონობის ორ გამოკვეთილ ფავორიტს დღესდღეობით ერთნაირი ქულა აქვს, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა
აქვე, ისიც უნდა ითქვას, რომ სადღეისოდ პოტენციური ლიდერი... სულ სხვა გუნდია: ამ ჩემპიონატში მართლაც მშვენივრად მოასპარეზე "სიონი"!
შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდისა" და "სიონის" ამ ტურის მატჩი სამწუხარო ამბის, მასპინძელთა გუნდის სპორტული დირექტორის, მალხაზ მალანიას გარდაცვალების გამო გადაიდო და როდის გაიმართება ეს შეხვედრა, ჯერჯერობით უცნობია.
ვსარგებლობთ შემთხვევით და გვინდა თანავუგრძნოთ გარდაცვლილის ოჯახს. ისე, ოქტომბერში უკვე მეორედ გვიწევს ასეთ სამწუხარო ამბებზე წერა: თვის დასაწყისი იყო, "გურიის" მეკარე მიხეილ გოგუაძე ტრაგიკულად რომ დაიღუპა...
ჩემპიონის რეაბილიტაცია
მიმდინარე სეზონში რამდენიმე მოულოდნელობა მოხდა და ჯერჯერობით ყველაზე "მყვირალა" სენსაცია წინა ტურში "დილას" დიდი ანგარიშით მარცხი იყო "სამტრედიასთან" გასვლით შეხვედრაში. შეგახსენებთ, რომ იმ მატჩამდე "დილას" ექვს შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გაშვებული, "სამტრედიამ" კი 5 უპასუხო ბურთი გაუტანა მოქმედ ჩემპიონს!
და აი, სანაკრებო პაუზა აშკარად დადებითად წაადგათ გორელებს და "დილამ" საკუთარი ქომაგების თვალწინ, ფაქტობრივად, სრული რეაბილიტაცია მოახდინა: წინა ტურის 0:5-ს ამჯერად 5:0 "მოაყოლა"!
აღსანიშნავია, რომ "დილას" ახალგაზრდა თავკაცმა უჩა სოსიაშვილმა სამტრედიაში განცდილი მწარე მარცხის შემდეგ თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში 5 გადაადგილება მოახდინა (ერთი იძულებითი იყო - გუგა ფალავანდიშვილი დისკვალიფიცირებული გახლდათ) და, როგორც აღმოჩნდა, ეფექტიანადაც: გორელთა გუნდმა თითქმის ორწელიწადნახევრიანი პაუზის მერე პირველად მოიგო ხუთბურთიანი სხვაობით! თანაც, ამ მატჩში ჰეთ თრიკი შეასრულა "დილას" გამოცდილმა ფორვარდმა ოთარ მარცვალაძემ; თუმცა, ეს ისეთი თემაა, მართლაც ცალკე აღნიშვნას რომ იმსახურებს...
მარცვალაძის ზეობა
ამ ტურამდე ჩვენს ჩემპიონატში მხოლოდ ერთი ჰეთ თრიქი იყო დაფიქსირებული: პირველ ტურში, ბათუმის "დინამოს" თავდამსხმელმა გიორგი ბერიაშვილმა "ზუგდიდის" კარში 3 გოლი გაიტანა; და აი, ორთვიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში კვლავ ვნახეთ ჰეთ თრიქი: "დილას" 31 წლის ფორვარდმა ოთარ მარცვალაძემ "გურიის" კარში 3 გოლი გაიტანა, თანაც, სამივე ერთმანეთზე უკეთესი!პირველი გოლი ტექნიკის სრული დემონსტრირება იყო, მეორე გოლი ეფექტურად შესრულებული საჯარიმოს შემდეგ გავიდა, მესამე კი იმის მაგალითი იყო, თუ როგორ უნდა გამოიყენოს კლასიანმა ფორვარდმა მეტოქის მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენა...
ოთარ მარცვალაძე ხანგრძლივი პაუზის მერე 2013/14 წლების სეზონში დაბრუნდა საქართველოს ჩემპიონატში და დიდი წვლილიც შეიტანა თბილისის "დინამოს" ჩემპიონობაში. მერე ისევ რუსეთს მიაშურა, მაგრამ ამ სეზონის დაწყების წინ კვლავ საქართველოში დაბრუნდა და ამჯერად უკვე "დილასთან" ერთად სურს მორიგი ტიტულის მოპოვება.
აღსანიშნავია, რომ ეს ჰეთ თრიკი მარცვალაძისათვის მეორე იყო საქართველოს ჩემპიონატში; პირველი შემთხვევა კი 2005/06 წლების სეზონში მოხდა, როცა "ვიტ ჯორჯიის" იმდროინდელმა ლიდერმა, 21 წლის ოთარ მარცვალაძემ "ზესტაფონთან" სტუმრად მოგებულ მატჩში (4:0) სამი გოლი გაიტანა.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის იმ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ ოთარ მარცვალაძე გახდა, არადა, მხოლოდ პირველი ეტაპი ითამაშა...
ბომბარდირთა დავა
ოთარ მარცვალაძის ჰეთ თრიკმა ბომბარდირთა დავას ინტრიგა კიდევ უფრო შემატა: "დილას" ფორვარდი 7 გოლით ამჟამად მესამე პოზიციაზეა და მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება ნიკა კაჭარავასა და გიორგი ბერიაშვილს. ამ ტურში უმცროს კაჭარავას გოლი არ გაუტანია, სამაგიეროდ, ბათუმის "დინამოს" ფორვარდმა გიორგი ბერიაშვილმა იყოჩაღა და სწორედ მისი "დუბლით" მოუგეს აჭარლებმა ამ ბოლო დროს მშვენიერ ფორმაში მყოფ "სამტრედიას".ბერიაშვილს "დუბლი" სხვა გუნდებში ("დილა", "ტორპედო", "ვიტ ჯორჯია") ასპარეზობის დროსაც შეუსრულებია, აი, მერაბ გიგაურმა კი უმაღლეს ლიგაში პირველად მიაღწია ასეთ წარმატებას!
ფოთის "კოლხეთის" 22 წლის ნახევარმცველმა თავისი 2 გოლით დიდი წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდის წარმატებაში.
აქვე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობის სხვა კანდიდატებიც უნდა ვახსენოთ: ირაკლი მოდებაძეს ("დილა") ამ ტურში არ უთამაშია, სამტრედიელ ირაკლი სიხარულიძეს კი ამ ტურში გოლი არ გაუტანია.
ისინი დაბრუნდნენ...
V ტურის შემდეგ "მერანის" მთავარი მწვრთნელის პოსტი უკრაინელმა ვლადიმირ ლობასმა დატოვა და უმაღლესი ლიგაც უცხოელი სპეციალისტების გარეშე დარჩა, ოღონდ მცირე ხნით: ამ ტურში ორი უცხოელი მწვრთნელი გამოჩნდა ჩვენს ჩემპიონატში და ორივე გარკვეული პაუზის მერე დაბრუნდა. "ტორპედო" ალექსანდრ შტელინმა ჩაიბარა წინა კვირაში და ეს იყო უკრაინელი სპეციალისტის დაბრუნება 13 წლის შემდეგ..."ლოკომოტივს" კი ორწლიანი პაუზის მერე ესპანელი ჟერარდ სარაგოსა დაუბრუნდა, თუმცა, იმავე შტელინისაგან განსხვავებით, წარუმატებლად: "ლოკომოტივი" სტუმრად დიდი ანგარიშით (0:4) დამარცხდა "კოლხეთთან".
აი, შტელინი კი ძალიან ახლოს იყო, მართლაც ტრიუმფული დაბრუნება მოეწყო, მაგრამ 2002-03 წლების სეზონისაგან განსხვავებით, ქუთათურთა გუნდში ამჟამად აღარც მალხაზ ასათიანის დონის პლეიმეიქერები თამაშობენ და აღარც ზურაბ იონანიძის დონის გოლეადორები; ამის მიუხედავად, შტელინის ხელმძღვანელობით, "ტორპედოს" ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია, რამდენიმე ფეხბურთელი განსხვავებულ ამპლუაშიც ვიხილეთ და ეს ყველაფერი იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ ქუთაისელთა გუნდს სულ მალე ბევრად უფრო ამბიციური მიზნები ექნება.
კიდევ ერთი, ოღონდ "ადგილობრივი მასშტაბის" დაბრუნება კი ნამდვილად წარმატებული გამოდგა: ეს სეზონი გელა სანაიამ "შუქურაში" დაიწყო, საიდანაც II ტურის შემდეგ წამოვიდა და აი, თითქმის ორთვიანი უქმობის მერე "კოლხეთში" მივიდა და თანაც, როგორი დებიუტი ჰქონდა: კიდევ ერთ თავის ყოფილ გუნდს, "ლოკომოტივს" 4:0 მოუგო!..
სხვა ფაქტები
გასულ ტურში შეცვლაზე შემოსული სამი ფეხბურთელის ზუსტმა დარტყმამ ორი მატჩის ბედი გადაწყვიტა: "მერანი"-"შუქურას" დრამატული შეხვედრის ბოლო წუთზე სტუმართა ახალწვეულმა, 23 წლის ცენტრფორვარდმა ელგუჯა ლობჯანიძემ თავის გუნდს მოაგებინა. "ცხინვალი"-"ჩიხურას" დაპირისპირების ასევე მიწურულს, სტუმართა გარემარბმა გიორგი კორიფაძემ საჩხერელებს ქულა მოუტანა, ისევე, როგორ ბაჩანა არაბულმა - თბილისის "დინამოს".ამ ტურში რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი უმაღლეს ლიგაში: 19 წლის გიორგი ხორხელს, 18 წლის ირაკლი რუხაძეს (ორივე - "საბურთალო"), 18 წლის შალვა ფურცხვანიძეს ("ტორპედო"), 18 წლის შერმადინ ართმელაძეს ("ლოკომოტივი"); "დილას" 20 წლის მცველმა გიგა სამხარაძემ და "საბურთალოს" 22 წლის მარჯვენა მცველმა ნოდარ იაშვილმა კი უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლები გაიტანეს.
აქვე მეგოლეების თემა უნდა განვავრცოთ და "კოლხეთის" ვეტერან ნახევარმცველზე, ალექსანდრე კოშკაძეზეც გვინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვათ; 33 წლის კოშკაძემ თავის ახალ გუნდშიც შეძლო გოლის გატანა, ისე, როგორც ადრე გაჰქონდა სხვადასხვა ქართული გუნდის მაისურით: "გურია", ბათუმის "დინამო", "ზუგდიდი", თბილისის "დინამო", "ტორპედო", "სიონი", "მესხეთი", "ოლიმპი", "ბორჯომი", "მერანი 91"...
სამსაჯო თემა
ამ ტურის მთავარი მოვლენა, რაღა თქმა უნდა, "ტორპედო"-"დინამოს" დაპირისპირება იყო. მასპინძლებს რამდენიმე წამი (!) აშორებდათ პრინციპული მეტოქის დასამარცხებლად, როცა გიორგი ქიმაძისა და გიორგი კუხიანიძის აქტიურობითა და დათა სიჭინავას ეფექტური გოლით "ტორპედო" 1:0-ს უგებდა "დინამოს", მაგრამ ლაშა პარუნაშვილი-გიორგი ქვილითაია-ბაჩანა არაბულის კომბინაცია ამ უკანასკნელის ზუსტი დარტყმით დასრულდა. ეს მოხდა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, რის გამოც მასპინძლებს პრეტენზიები გაუჩნდათ - არბიტრმა ზედმეტად ბევრი დაამატაო...
ასევე, ქუთაისელთა აზრით, არბიტრმა დაინდო დინამოელთა მცველი გიორგი გველესიანი და მხოლოდ ყვითელი ბარათი აკმარა...
ტურის ამ ცენტრალურ მატჩში სხვა რაიმე განსაკუთრებული ექსცესები არ მომხდარა, თუმცა მასპინძელთა ქომაგების (და არამხოლოდ მათი) აზრით, მატჩის არბიტრმა რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც "ტორპედომ" იზარალა.
თუმცა მხოლოდ ქუთაისში არ შემოსწყრნენ მსაჯებს: არანაკლებ უკმაყოფილონი დარჩნენ მსაჯობით მარტვილშიც, სადაც "მერანი"-"შუქურას" მატჩში არბიტრმა მასპინძლების 2 ფეხბურთელი გააძევა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"