დილა-გურია 5:0 - ჯავრი გურულებზე იყარეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გარკვეული ფინანსური პრობლემებით ანერვიულებულმა გორის "დილამ" ბოლოსწინა ტურში სამტრედიაში 0:5 წააგო და სწორედ ნერვებაშლილ კაცს რომ შეეფერება, პირველივე შემხვედრზე იყარა ჯავრი. მიუხედავად სწორედ იმავე ანგარიშით გამარჯვებისა, "გურიასთან" მოგებას სამტრედიული კოშმარის გამო რევანში არა, მაგრამ "რეაბილიტაცია" ნამდვილად შეიძლება ეწოდოს.

მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო - ფეხბურთელებმა და მაყურებელმა პატივი მიაგეს "გურიის" ყოფილი გოლკიპერის, მიხეილ გოგუაძის და "ზუგდიდის" ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მალხაზ მალანიას ხსოვნას...

თამაშიდან გამომდინარე, "დილა" სწრაფი გოლის გასატანად არ ჩანდა მინდორზე
გასული, მაგრამ იმერლიშვილს კარი დროულად რომ არ დაეტოვებინა, მეკარესთან თითქმის პირისპირ გასულ ისლამ მაშუკოვს უკვე მე-7 წუთზე შეეძლო, ეხეირა.

მასპინძლების ეს სათადარიგო შემტევი ორიოდე დღის წინათ "ცხინვალთან" ამხანაგურ შეხვედრაში გატანილი გოლის შემდეგ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში ირაკლი მოდებაძის ადგილზე, თუმცა გურულებთან ვეღარ შეაგდო.

სამაგიეროდ, გაილაღა ოთარ მარცვალაძემ, რომელიც გიორგი ერისთავთან ერთად ამ მატჩის გმირია - ოთარმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო გიორგიმ ერთი გოლი და ორი საგოლე პასი მიითვალა.

მათი და აგრეთვე, სხვა გორელი ფეხბურთელების შეჩერება სტუმრებს თავიდანვე ხისტი თამაშით სურდათ, ამ თვალსაზრისით კი განსაკუთრებით ლუკა ნოზაძე გამოირჩეოდა. ლაშა სილაგავამაც პასუხად სწორედ მისგან დაიწყო ყვითელი ბარათების ჩამორიგება და ბოლოს ექვსამდე ავიდა.

არბიტრისგან უფრო დიდი სასჯელი ლანჩხუთელებმა 31-ე წუთზე მიიღეს, როცა მოედნის საკუთარი ნახევრიდან მიღებული გრძელი პასით სახიფათო პოზიციაზე გასული მაშუკოვის წაქცევისთვის 11-მეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი ერისთავმა უნაკლოდ შეასრულა - 1:0.

"დილას" ბევრჯერ მოუწია კუთხურების ჩაწოდება და ერთხელ ამ სიტუაციაში ლაშა გვალიას ჰქონდა კარგი მომენტი გასატანად, მაგრამ მის მიერ კარისკენ დარტყმულს ერთდროულად ორი მცველი გადაეფარა.

საპირისპირო კართან ხიფათი არ იქმნებოდა, მათი ფორვარდი ბოტი გოა დემელი მასპინძელ მცველებს უსაქმოდ ჰყავდათ დატოვებული. მეორედ გორელებმა ერისთავის მიერ მარჯვენა ფლანგიდან განხორციელებული ჩინებული რეიდის შემდეგ გაიტანეს, როცა მისი პასი თავურით კარის სიახლოვიდან ბადეში გიგა სამხარაძემ გაახვია - 2:0.

ერისთავის გაჩერება ვერც მეორე ტაიმის დასაწყისში მოხერხდა. 55-ე წუთზე მან თავისი ფლანგიდან კარგად მოძებნა მარცვალაძე, რომელმაც მიწაზე დაუშვებლად ბურთი თან დასარტყმელად გაისწორა, თან მეურვე და მეკარე ჩამოიშორა და ანგარიშში სხვაობა სამამდე გაზარდა.

ცოტა ხანში ლანჩხუთელი თორნიკე მოსიაშვილი "აფეთქდა". მან დაახლოებით შვიდწუთიან მონაკვეთში საშუალო და შორი დისტანციებიდან ძლიერი დარტყმებით ორჯერ კინაღამ გაიტანა - პირველად ბურთი სულ ოდნავ ასცდა კარს, მეორედ კი შევჩენკომ ეფექტური ნახტომით კუთხურზე მოიგერია.

74-ე წუთზე მარცვალაძემ ბრწყინვალედ შეასრულა "სტანდარტული" და გოლი პირდაპირ "ცხრიანში" გავიდა - 4:0.

აქ "გურია" მთლად აირია. ჯერ მარტო გვალიას მატჩის ბოლომდე სამჯერ შეეძლო ანგარიშის ხუთამდე გაზრდა. 85-ე წუთზე კი გურულები სასწაულებრივა გადარჩნენ - მეკარესთან პირისპირ გასულმა მარცვალაძემ ხუთიოდ მეტრიდან გატანის საშუალება შეცვლაზე შესულ ილურიძეს მისცა, მაგრამ ამ უკანასკნელს ჯერ იმერლიშვილმა აუღო, გადმოვარდნილი ბურთი კი თავურით ძელს გაარტყა.

მარცვალაძემ მაინც არ "მოისვენა". მას, ისევე, როგორც "დილას", ეტყობოდა, რომ ზუსტად იმ 0:5-ის დაფიქსირება ჰქონდა გულში ამოჭრილი, "სამტრედიაში" რომ წააგეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე გვალიამ მარცვალაძე იმერლიშვილს შეატოვა, ამანაც გოლკიპერს გვერდი აუარა და დაუცველი კარი მეხუთედ, თავის წილად კი მესამედ აიღო.

ოთარს უკვე 7 გოლი აქვს გატანილი, "დილას" მაისურით კი ჰეთ თრიკი პირველად შეასრულა.

მატჩის შემდეგ
უჩა სოსიაშვილი (დილა): "ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის დღევანდელი თამაშის მოგება, ბოლო ტურში სამტრედიაში წაგებიდან გამომდინარე. კარგია, რომ ასე დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნება.

ფინანსური თვალსაზრისით, ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა. გვაძლევენ იმედს, რომ ყველა ის დავალიანება, რაც გუნდს დაუგროვდა, აუცილებლად გასტუმრებული იქნება, თუმცა ჯერჯერობით სიტუაცია უცვლელია".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VIII ტური
18.10. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-გურია 5:0
გოლები: 1:0 ერისთავი (31-პენ), 2:0 სამხარაძე (43. ერისთავის პასით), 3:0 მარცვალაძე (55. ერისთავის პასით), 4:0 მარცვალაძე (74), 5:0 მარცვალაძე (90+3. გვალიას პასით)
დილა (4-4-2): შევჩენკო - ხურცილავა, კვირკველია, კვახაძე, ნავალოვსკი - ერისთავი (71. ლომიძე), გვალია, პაპავა, სამხარაძე (68. ილურიძე) - მაშუკოვი (77. ძარია), მარცვალაძე.
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, თომაშვილი, გოგუა, მოდებაძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გურია (4-1-4-1): იმერლიშვილი - ბახია (82. ზაქრაძე), ზოზულია, კილაძე, ქურდაძე - ნოზაძე (58. კობერიძე) - წილოსანი, მოსიაშვილი, კ. ხიზანეიშვილი, ჯიქია (73. რეხვიაშვილი) - ბოტი.
სათადარიგოები: შენგელია, ჩადუნელი, გელაშვილი, მჭედლიშვილი
მწვრთნელი: გია ჩხაიძე
გაფრთხილება: ნოზაძე (13), ზოზულია (16), ქურდაძე (31), კ. ხიზანეიშვილი (57), პაპავა (23), ილურიძე (90)
არბიტრი: ლ. სილაგავა.

ბომბარდირები
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
ო. მარცვალაძე (დილა) 7

მომდევნო, IX ტური
23 ოქტომბერი, პარასკევი
ჩიხურა-კოლხეთი
დინამო (თბ)-ცხინვალი
გურია-დინამო (ბთ)
სიონი-დილა
სამტრედია-ტორპედო
შუქურა-ზუგდიდი

24 ოქტომბერი, შაბათი
საპოვნელა-მერანი

25 ოქტომბერი, კვირა
ლოკომოტივი-საბურთალო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოაცილეთ გუნდს ეგ გამგებელი აცალეთ მწვრთნელებს მუშაობა
ტიფოზი
13:56 19-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული