უმაღლესი ლიგის IX ტურის წინ: საინტრიგო დერბები

AutoSharing Option
ფოტოზე: გასულ სეზონში. ცხინვალი-დინამო 4:1
სატურნირო ცხრილში (ზემოთაც და ქვემოთაც) ისეთი სიმჭიდროვეა, ყოველი ტურის მერე საკმარისზე მეტი გადაადგილებები ხდება ხოლმე და დარწმუნებულნი ვართ, ასე იქნება ახლაც. მით უფრო, რომ ამ ტურში ერთდროულად რამდენიმე ისეთი მატჩია, რომელთა შედეგებიც სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს ცხრილზე.

აქვე, იმასაც ვიტყვით, რომ ამ ტურის დასრულებიდან ორ დღეში საქართველოს თასის საპასუხო მერვედფინალური შეხვედრებია, მერე უკვე მომდევნო ტურის მატჩებია და ასე გაგრძელდება მორიგ სანაკრებო პაუზამდე.

ანუ ჩვენს ფეხბურთელებს ოდნავ შემჭიდროვებული გრაფიკით მოუწევთ ასპარეზობა და ბევრად უფრო კომფორტულ სიტუაციაშიც ის
გუნდები იქნებიან, სხვებთან შედარებით გრძელი სათადარიგოთა სკამი რომ გააჩნიათ.

თუმცა, სჯობს, მოვლენებს არ გავუსწროთ, მივყვეთ მსვლელობას და იმის იმედიც დავიტოვოთ, რომ მოახლოებული ტურისა თუ სათასო მატჩების დროს ტრიბუნები სანახევროდ მაინც შეივსოს. აღარაფერს ვამბობთ ერთდროულად რამდენიმე გუნდში არსებულ, რბილად რომ ვთქვათ, ერთობ არასახარბიელო ფინანსურ მდგომარეობაზე!

ისე, ცოტა არ იყოს, უცნაურია, მაგრამ ფაქტია: უმაღლესი ლიგის ბევრ გუნდში ფეხბურთელებსა თუ მწვრთნელებს რამდენიმე თვეა ხელფასი არ აუღიათ, არადა, სეზონი კი არა, ჯერ პირველი წრეც არ დასრულებულა...

23.10. თბილისი. "დინამო არენა". 18:00
დინამო (თბ)-ცხინვალი
ურთიერთშეხვედრები
19: +13 =4 -2, 46:15
ამ ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა დღეს ჩვენს უმთავრეს საფეხბურთო არენაზე გაიმართება და მართლაც ძალიან გვინდა, რომ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელთა ამ დაპირისპირებამ უგულშემატკივროდ არ ჩაიაროს.

იმის გათვალისწინებით, რომ "დინამოს" უშუალო კონკურენტს, "დილას" ამ ტურში ურთულესი მატჩი ელოდება, მასპინძლებს ერთპიროვნულად გალიდერების შანსიც უჩნდებათ! თუმცა, ამისთვის მშვენიერ ფორმაში მყოფი "ცხინვალის" დამარცხებაა საჭირო, რაც იოლი საქმე ნამდვილად არ უნდა იყოს.

არადა, დღევანდელი მეტოქეების ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიას თუ გადავხედავთ, "დინამოს" აშკარა უპირატესობა აქვს - "ცხინვალმა" (იმდროინდელმა "სპარტაკმა") პირველად 2009-10 წლების სეზონში შეძლო ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის დამარცხება (გოჩა ჩიქოვანის ხელმძღვანელობით), მეორედ კი - წინა სეზონში, ოღონდ ეს მარცხი დინამოელთათვის მეტისმეტად მტკივნეული იყო: წლეულს, 24 აპრილისთვის უჩვეულოდ სუსხიან ამინდში ჩატარებულ იმ შეხვედრაში კახა კაჭარავას დამოძღვრილმა "ცხინვალმა" მეორე ტაიმში (შესვენებამდე ანგარიში საყაიმო იყო - 1:1) სამი უპასუხო გოლი გაიტანა!

თანაც, ამ წაგებით "დინამოს" საჩემპიონო შანსებიც, ფაქტობრივად, მორჩა, თუმცა "ცხინვალს" წაადგა სამომავლოდ ეს 3 ქულა: როგორც მოგეხსენებათ, წინა სეზონი გუნდმა IV ადგილზე დაასრულა და თავის არსებობაში პირველად მოიპოვა ევროტურნირების საგზური!

დღევანდელ შეხვედრას სხვა საინტრიგო ამბებიც ახლავს: "დინამოშიც" და "ცხინვალშიც" ბევრი ისეთი ფეხბურთელია, ყოფილ თანაგუნდელებს რომ უნდა დაუპირისპირდნენ; ამას გარდა, საინტერესო იქნება გარკვეული პაუზის მერე გია გეგუჩაძისა და კახა კაჭარავას სამწვრთნელო დუელიც: 2009-11 წლებში, როცა გეგუჩაძე წარმატებით მუშაობდა "ზესტაფონში" (ეს გუნდი ხომ არ დაგავიწყდათ?), კაჭარავა-უფროსი თბილისის"დინამოს" თავკაცი გახლდათ და თავის დღევანდელ მეტოქესთან დაპირისპირებებში დადებითი შედეგიც აქვს.

23.10. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია". 15:00
სიონი-დილა
დისკვალიფიკაცია: ალექსანდრე გოგობერიშვილი (სიონი)
ურთიერთშეხვედრები
38: +22 =2 -14, 60:40
ამ ტურში კიდევ ერთი მატჩი იწვევს დიდ ინტერესს: მიმდინარე სეზონის, უდავოდ, სასიამოვნო მოულოდნელობაა "სიონის" წარმატებული ასპარეზობა და ვარლამ კილასონიას დამოძღვრილმა გუნდმა მოქმედ ჩემპიონს უნდა უმასპინძლოს!

თუმცა ქვემო და შიდა ქართლის გუნდების დაპირისპირებას, სატურნირო თვალსაზრისიდან გამომდინარე, კიდევ სხვა ინტრიგაც თან ახლავს: დაკარგული ქულებით (ანუ პოტენციურად) დღესდღეობით ლიდერი ხომ "სიონია" და ისეთი სიტუაციაა, "დე იურე" და "დე ფაქტო" ლიდერების პაექრობა რომ უნდა ვიხილოთ!

მიმდინარე სეზონში "სიონი" ერთადერთი გუნდია, ჩემპიონატშიც და თასზეც არც ერთი მატჩი რომ არ წაუგია, არადა, ვარლამ კილასონიას გუნდი არც რაიმე განსაკუთრებულ-კომფორტული პირობებით დაიკვეხნის და, საერთოდაც, ვერც იმას იტყვის ვინმე, ბოლნისელებს სხვებთან შედარებით ბევრი "ცნობადი" ფეხბურთელი ჰყავთო...

თუმცა, ამ ყველაფრისა და გარკვეული საკადრო პრობლემების მიუხედავად, "სიონი" ტურიდან ტურამდე გვაოცებს და ალბათ, უკვე იმის დროც მოვიდა, რომ ბოლნისელთა გუნდის ასეთი გამოსვლა უკვე კანონზომიერებად მივიჩნიოთ.

აი, მოქმედი ჩემპიონი კი უკვე გამოვიდა "სამტრედიული შოკიდან" და ამას წინა ტურში "გურიასთან" დიდი ანგარიშით (5:0) გამარჯვება მოწმობს. თანაც, თავის კოლეგისაგან განსხვავებით, "დილას" ახალგაზრდა თავკაც უჩა სოსიაშვილს ნამდვილად აქვს იმის ფუფუნება, რომ თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ფეხბურთელების როტაცია უპრობლემოდ მოახდინოს.

დაბოლოს, კიდევ ერთი საყურადღებო ინფორმაცია ამ წყვილთან დაკავშირებით: ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა კი "სიონს" აქვს, მაგრამ ბოლნისურ გუნდს ზედიზედ 5 მატჩია ქულაც არ აუღია "დილასთან" დაპირისპირებებში...

23.10. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 15:00
სამტრედია-ტორპედო
დისკვალიფიკაცია: თეიმურაზ მარკოზაშვილი (სამტრედია) - ლაშა შინდაგორიძე (ტორპედო)
ურთიერთშეხვედრები
25: +6 =4 -15, 23:54
იმერული დერბიც დიდ ინტერესს იწვევს: "სამტრედია" ჩვენი ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი გუნდია, "ტორპედო" კი ახალი მწვრთნელის, ალექსანდრ შტელინის ხელმძღვანელობით, მეორე მატჩს ჩაატარებს.

სხვათა შორის, გამოცდილმა უკრაინელმა სპეციალისტმა თავის პირველსავე მატჩში (თბილისის "დინამოსთან") რამდენიმე საინტერესო გადაადგილება მოახდინა "ტორპედოს" ძირითადში და, აქედან გამომდინარე, ქუთათურთა შემადგენლობაში სხვა ცვლილებებსაც ნუ გამოვრიცხავთ.

ამ მატჩის წინ მართლაც ძალიან ძნელია რომელიმე გუნდს წყვილის ფავორიტის სტატუსი მივანიჭოთ; თუმცა, გია ცეცაძის აშკარად შეტევაზე ორიენტირებულ გუნდს დიდი ხანია ჩემპიონატის მატჩებში "ტორპედო" არ დაუმარცხებია...

23.10. ივანწმინდა. 15:00
ჩიხურა-კოლხეთი
დისკვალიფიკაცია: გურამ გურეშიძე (კოლხეთი)
ურთიერთშეხვედრები
4: +3 =1 -0, 4:3

23.10. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 15:00
გურია-დინამო (ბთ)
დისკვალიფიკაცია: კონსტანტინე ხიზანეიშვილი (გურია) - ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო)
ურთიერთშეხვედრები
23: +4 =5 -14, 13-52

23.10. ქობულეთი. "ჩელე არენა". 15:00
შუქურა-ზუგდიდი
დისკვალიფიკაცია: ალან ბაგაევი (შუქურა) - აკაკი წყაროზია (ზუგდიდი)
ურთიერთშეხვედრები
2: +1 =0 -1, 2:2

24.10. ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 15:00
საპოვნელა-მერანი
დისკვალიფიკაცია: გიგა წურწუმია, თორნიკე შალიკაშვილი, ფირუზ მაგრაქველიძე (ყველა - მერანი)
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან

25.10. თბილისი. "მიხეილ მესხი". 20:00
ლოკომოტივი-საბურთალო
დისკვალიფიკაცია: ლაშა თოთაძე (საბურთალო)
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
IX ტური თბილისური "დერბით" დასრულდება და, ალბათ, ბევრი მტკიცება არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ დედაქალაქის ორი ახალგაზრდული გუნდის დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოდგეს.

თუმცა, მეტოქეები სხვადასხვა "ხასიათზე" მყოფნი ხვდებიან ამ შეხვედრას: მასპინძლებს თითქმის თვე-ნახევარია, რაც ჩემპიონატში არ მოუგიათ, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "საბურთალოს" კი შუა კვირაში უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე მოუწია თამაში, თანაც, "საბურთალოს" სერიოზული საკადრო პრობლემებიც აქვს: გუნდში ისედაც თითზე ჩამოსათვლელია გამოცდილი ფეხბურთელები და ამათგან ერთ-ერთი, ჯაბა დვალი ტრავმირებულია, ლაშა თოთაძე - დისკვალიფიცირებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული