12:21 26-10-2015
სიონი-დილა 0:1 - პირველი მარცხი ჩემპიონისგან [VIDEO]
AutoSharing Option
ქართული რეალობის გათვალისწინებით, თამაში ძალიან კარგი გამოვიდა - ტემპიც მაღალი იყო და მინდორზე ბრძოლა წამითაც არ წყდებოდა.
ვიდრე უშუალოდ თამაშის პერიპეტიებზე ვიტყოდეთ, ესეც უნდა ვთქვათ: სოსლან ნანიევი ბოლნისელთა კარში ვირუსშეყრილი მირზა მერლანის მაგივრად იდგა. "სიონს" აკლდა გამოცდილი საყრდენი ლუკა რაზმაძე. ის კონტრაქტით "დილას" საკუთრებაა. კობა შალამბერიძეც არ იყო მთლად ჯანმრთელი - ბოლნისელთა ერთ-ერთი ლიდერი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.
მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო და უკვე მე-8 წუთზე "დილას" ანგარიშის გახსნა შეეძლო - გუგა ფალავანდიშვილის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ საჯარიმო მოედანში ბურთი გიორგი ერისთავმა დაიმორჩილა და დაარტყა კიდეც, მაგრამ ახალგაზრდა ნახევარმცველს სიზუსტე დააკლდა.
გავიდა ცოტა ხანი და ოთარ მარცვალაძემ, ვინც საუკეთესო იყო "დილაში", და ვილი ისიანმა სახიფათო მომენტები "გაცვალეს". პირველი ტაიმის შუაწელში უპირატესობას "სიონი" დაეუფლა. ამ დროისთვის დასამახსოვრებელი იყო გიული მანჯგალაძის თავური, რომელიც გორელთა უკრაინელმა კარის დარაჯმა ოლეკსეი შევჩენკომ გააუვნებელყო.
...დაიწყო მეორე ტაიმი და მინდორზე სულ სხვანაირი, გაცილებით მოტივირებული და უკეთესი "დილა" ვიხილეთ. სწორედ მეორე ნახევრის დასაწყისში მოიპოვეს გორელებმა ის უპირატესობა, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა კიდეც ამ თამაშის საბოლოო შედეგი.
დამაინც, მეორე ტაიმის პირველი საგოლე მომენტი "სიონმა" შექმნა - გიორგი გაფრინდაშვილმა მარცხენა ფლანგზე გაილაღა და საჯარიმოში ჩააწოდა - მცველებმა იმარჯვეს და კუთხურზე მოიგერიეს ბურთი.
მე-60 წუთზე მარცვალაძის სახიფათოდ დარტყმულ ბურთს მეკარე ნანიევი გაუმკლავდა, ერთ წუთში კი მატჩის საუკეთესო მოთამაშემ გოლი გაიტანა. შორეული პასის მერე "სიონის" საჯარიმოში ერთ-ერთმა ბოლნისელმა მცველმა ხელით ითამაშა. არბიტრმა თამაში არ გააჩერა, მარცვალაძემ კი ბურთი დაიმორჩილა და აუღელვებლად გაიტანა.
"სიონი" გამოცოცხლდა. გუნდის კაპიტანმა დავით სვანიძემ შორიდან დაარტყა, თუმცა შევჩენკო ბურთს ადგილზე დაუხვდა. მერე ვილი ისიანმა მიიტანა იერიში გორელთა კარზე. თამაშის ბოლომდე იყო მარცვალაძის, სვანიძის, ტატანაშვილისა და ძარიას მომენტებიც, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
არ შეიძლება, ორიოდე სიტყვა არ ვთქვათ "დილაში" შექმნილ ფინანსურ სიტუაციაზე. უკვე დიდი ხანია, გორელებს ხელფას-პრემიები არ აუღიათ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქალაქის მერია კლუბის ხელმძღვანელობას ადანაშაულებს, მთავარი კი ისაა, რომ თუ ასე გაგრძელდა, ამბიციური პროექტი - სახელად "დილა" - ჩაილურის წყალს დალევს. "ლელო" მომდევნო ნომერში ამ თემას აუცილებლად მიუბრუნდება.
მატჩის შემდეგ
უჩა სოსიაშვილი ("დილას" მთავარი მწვრთნელი):
"სიონს" ჰყავს კარგი მწვრთნელი და ძალიან კარგი ფეხბურთელები. კარგი თამაში იყო, ორივე გუნდი ცდილობდა პირველ ნომრად გარჯას. გოლის გატანის შემდეგ მეტი ინტენსივობით გვიწევდა დაცვითი ფუნქციების შესრულება. ეს თამაშის სცენარმა მოიტანა... კლუბში ფინანსური პრობლემებია. ამის მიუხედავად, ფეხბურთელებს არ აქვთ მონდომების დეფიციტი. საქმისადმი მათი ასეთი მიდგომა დასაფასებელია. დიდი იმედი მაქვს, რომ ფინანსური სიტუაცია მალე გამოსწორდება".
ვარლამ კილასონია ("სიონის" მთავარი მწვრთნელი):
"ჩვენთვის თითოეული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. მას შემდეგ, რაც მაღალი ადგილი დავიკავეთ ცხრილში, ყველა მატჩი გადამწყვეტია... საერთო ჯამში, გუნდის თამაშით არ ვარ უკმაყოფილო, მაგრამ იყო შეცდომები და მომავალ შეხვედრებში ისინი უნდა გამოვასწოროთ. თუნდაც, გაშვებული გოლის ეპიზოდი ავიღოთ. ცოტა მეტი ყურადღება და იღბალი რომ გვქონოდა, ქულას მაინც ავიღებდით".
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. IX ტური
23.10. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
სიონი-დილა 0:1
გოლი: 0:1 მარცვალაძე (62)
სიონი (4-5-1): ნანიევი - ფოფხაძე, სვანიძე, ჯაფიაშვილი, გაფრინდაშვილი - მიქაბერიძე (69. უგულავა), ვასაძე, მანჯგალაძე, ისიანი, კობახიძე (66. შალამბერიძე) - ტატანაშვილი.
სათადარიგოები: მერლანი, ჭიკაიძე, ღონღაძე, საჯაია, ოთარაშვილი.
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
დილა (4-5-1): შევჩენკო - ხურცილავა, კვახაძე, პაპავა, კვირკველია - ნავალოვსკი, ერისთავი (71. ილურიძე), ფალავანდიშვილი, სამხარაძე (46. გვალია), გოგუა (77. ძარია) - მარცვალაძე.
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, ლომიძე, მაშუკოვი, მოდებაძე.
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: ვასაძე (14), კვირკველია (30), ისიანი (75)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.
ბომბარდირები:
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
ო. მარცვალაძე (დილა) 8
დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩები
27-29 ოქტომბერი
უმაღლესი ლიგა, X ტური
31 ოქტომბერი, შაბათი
კოლხეთი-საბურთალო
1 ნოემბერი, კვირა
ზუგდიდი-საპოვნელა
დილა-შუქურა
დინამო (ბთ)-სიონი
ტორპედო-გურია
ცხინვალი-სამტრედია
ჩიხურა-დინამო (თბ)
2 ნოემბერი, ორშაბათი
მერანი-ლოკომოტივი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული