უჩა სოსიაშვილი: რა იქნება მაისის შემდეგ, ეს უკვე აღარ ვიცი...

AutoSharing Option
ბოლო დღეებში გორის "დილაზე" ქართულ საინფორმაციო სივრცეში ახალ-ახალი ინფორმაციები ვრცელდება. ერთი ნამდვილად ვიცით, რომ კლუბში ფინანსური კრიზისია და ფეხბურთელებს უკვე კარგა ხანია, ხელფას-პრემიები არ აუღიათ.

ფაქტია, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. "დილა" საქართველოს მოქმედი ჩემპიონია და ამ გუნდის ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრი თუ კანდიდატი იცავს.

ბოლო ინფორმაციით, ქალაქის მერია უკმაყოფილო იყო კლუბის ხელმძღვანელთა მუშაობით. ისინი მიიჩნევდნენ, რომ "დილაში" თანხები გადაიხარჯა. საუბარი იყო გუნდში ძვირად ღირებული ფეხბურთელების მოყვანის მიზანშეწონილობაზეც.

გუშინ "ლელო" "დილას" მთავარ მწვრთნელს, უჩა სოსიაშვილს დაუკავშირდა და კლუბში მიმდინარე პროცესებზე ინტერვიუ სთხოვა.

- რაიმე დამაიმედებელი სიახლე ხომ არ არის ფინანსური თვალსაზრისით?
- არა, ჯერჯერობით ჩვენი პრობლემა კვლავაც გადაუჭრელია. ამის მიუხედავად, უიმედოდ ნამდვილად არ ვართ. მიმდინარეობს ყოველდღიური კონსულტაციები და ვფიქრობ, ფეხბურთელებისთვის ორ ეტაპად მოხდება დავალიანების გასტუმრება. პირველი, ეს იქნება საპრემიო თანხა, რაც "დილას" ფეხბურთელებს სხვადასხვა მატჩის მოგებისთვის ეკუთვნით, ხოლო მეორე ეტაპზე გასტუმრებული იქნება ხელფასები.

იყო ამ თემაზე ლაპარაკი და ვფიქრობთ, ნოემბრის ბოლოსთვის მოგვარდება ყველაფერი. ამ დროისთვის კი ჩვენი მდგომარეობა ძალიან რთულია და ამის უარყოფა შეუძლებელია.

- რამდენი თვის ხელფას-პრემია არ აუღიათ ფეხბურთელებს?
- ორ თვეზე ცოტა მეტის.

- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "დილასა" და ქალაქის მერიას შორის დაძაბულობაა. მართლა დაინტერესდა მერია იმით, თუ რამდენად მიზანშეწონილად იხარჯება თანხები "დილაში"?..
- მეც გავიგე ეს და მინდა პირდაპირ განვაცხადო - არანაირი უკმაყოფილება მერიის მხრიდან ჩვენ მიმართ არ არის. პირიქით, "დილას" ხელმძღვანელობა შეხვდა ქალაქის მერს და მისგან სრული მხარდაჭერა მიიღო. დღეს ჩვენს ვარჯიშზე ჟურნალისტებიც იყვნენ. ისინი ვარჯიშის დასრულების შემდეგ ქალაქის მერთან გასაუბრებასაც გეგმავდნენ და ვფიქრობ, მერი სამშაბათს გააკეთებს განცხადებას ამ საკითხზე...

ერთიც არის - "დილა" სახელმწიფო დაფინანსებაზეა და ძალიანაც რომ გვდომებოდა, ზედმეტ ხელფასს ვერავის დავუნიშნავდით.

- რა ხდება ამ დროს გუნდში? როგორ უძლებთ ამ გაჭირვებას?
- ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი ოჯახი. ამის მიუხედავად, ბიჭები პოულობენ ძალას საკუთარ თავში და სრული სერიოზულობით ვარჯიშობენ, მინდორზე გასულები კი ყველაფერს აკეთებენ გამარჯვებისთვის. ამის ნათელი მაგალითი იყო ძალიან რთული თამაში ბოლნისში. მინდა, ჩემს ფეხბურთელებს მადლობა ვუთხრა შრომისთვის და ისიც დავამატო, რომ საქმისადმი ასეთ მიდგომას დანახვა და დაფასება სჭირდება.

- ამბობენ, უსახსრობის გამო "დილას" რამდენიმე ვარჯიში ჩაუვარდაო. მართალია?
- სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით - "დილას" არც ერთი ვარჯიში არ ჩაუგდია!

- ფაქტია, თუ ასე გაგრძელდა, ამბიციური პროექტი ბოლომდე არ მივა...
- მე ერთი რამის გარანტია შემიძლია მივცე ფეხბურთელებს - მაისის ბოლომდე მათ აქვთ კონტრაქტი და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები აუცილებლად შესრულდება. რა იქნება მაისის შემდეგ, ეს უკვე აღარ ვიცი.

ვნახოთ, როგორი იქნება ზოგადად სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი კლუბების ბედი საქართველოში, რა გზას აირჩევს გორის ხელმძღვანელობა...

- არ არის გასაკვირი, რომ ასეთ ვითარებაში ფეხბურთელებს გუნდიდან წასვლის სურვილი გაუჩნდეთ. სხვა შემთხვევაა გიორგი ნავალოვსკი, ვისი გადაბირებითაც არნემის "ვიტესია" დაინტერესებული. ეს ტრანსფერი "დილასთვისაც" მისასალმებელი უნდა იყოს...
- მე პრესის საშუალებით შევიტყვე ამ ტრანსფერის თაობაზე. რა თქმა უნდა, მივესალმებით ჩვენი ფეხბურთელების პროგრესს. ამ თემაზე გიორგის უკვე ველაპარაკე კიდეც. რა თქმა უნდა, ჩვენ ფეხბურთელის ინტერესებს გავითვალისწინებთ. ჯერჯერობით კი არც ერთ მოთამაშეს არ გამოუთქვამს გუნდიდან წასვლის სურვილი.

- ამბობენ, გორის "დილაში" დასაშვებზე დიდი ფული იხარჯებაო. ამაზე რას იტყვით?
- ჩვენ მზად გვაქვს ახალი ხარჯთაღრიცხვა და ამ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც მაისამდეა გათვლილი, კლუბი 100 000 ლარით ნაკლებს ითხოვს, ვიდრე წინა შემთხვევაში, როცა "დილაზე" 1 800 000 ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება ჩვენი ფეხბურთელების სარგო თანხას, მათი ანაზღაურება მოხდება ევროთასებზე ასპარეზობისთვის განკუთვნილი ფულიდანაც. ეს ის თანხაა, რომელიც "დილას" ფეხბურთელებმა საკუთარი ოფლით გამოიმუშავეს...

ჩვენ სახელმწიფო გვაფინანსებს და ეს საიდუმლო არავისთვისაა. 100 ათასით ნაკლებს ვითხოვთ და თუ ესეც არ არის სწორი, მაშინ დაწესდეს ზღვარი, რომლის ზემოთაც ფეხბურთელს არ ექნება ხელფასი და ჩვენ სხვა გზას ვიპოვით. ვიმოქმედებთ ისე, როგორც მოცემულ სიტუაციაში იქნება საჭირო, თუმცა ისიც ცხადია, რომ ფინანსების გარეშე დღეს კონკურენტუნარიან გუნდს ვერ შექმნი.

- როცა სახელმწიფო კლუბებს ეხებათ საქმე, ჩნდება ხოლმე ეჭვი ხელოვნურად გაბერილ შტატებზე...
- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ "დილაში" შტატები გაბერილი არ არის. არის მხოლოდ ის შტატები, რასაც ლიცენზირების სისტემა ითხოვს. ჩვენ ამას გვერდს ვერ ავუვლით.

- გულწრფელად გვითხარით, ახალგაზრდა მწვრთნელს, სრულყოფისა და პროგრესისკენ რომ ილტვის, ასეთ ვითარებაში მუშაობა არ უჭირს?
- რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში მუშაობა არ არის სასიამოვნო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შენ ფეხბურთელს რაღაცას ჰპირდები და დათქმულ დროში ვერ უსრულებ - როცა ეს ხდება, თითქოს, მოთამაშეს ვერც უნდა მოსთხოვო, რომ ბოლომდე დაიხარჯოს...

არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია. ამ შემთხვევაში, მე, როგორც გუნდის მწვრთნელი, ინდივიდუალურად ველაპარაკები ფეხბურთელებს. მე მათ ვეუბნები: დღეს არ არის ფული? ხვალ იქნება! თუ ხვალაც არ იქნება, მაშინ ზეგ აუცილებლად იქნება და მინდა დავარწმუნო ისინი, რომ რაც დაიმსახურეს, აუცილებლად მიიღებენ...

ერთ გაცდენილ ვარჯიშს, ერთ ჩაგდებულ თამაშს კი შეუძლია, მათ კარიერაზე უარყოფითად იმოქმედოს... მაგრამ ვარჯიშის წინ ფეხბურთელებს ვეუბნები, რომ თუ რომელიმე მათგანი თავს შეუძლოდ გრძნობს, შეუძლია დაისვენოს.

მინდა იცოდეთ, რომ ჯერ არავის უთქვამს, დავისვენებო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
საქმე ის კი არ არის რომ რამენაირად შენარჩუნდეს გუნდი, რამენაირად ვამხნევოთ და ვაიმედოთ ფეხბურთელები რომ ხელფასი იქნება, გაჭირვებით ატარო ვარჯიშები, რამენაირად მოიგო თამაში. ეს რეგრესი თუ არა ერთი ადგილის ტკეპნა მაინც იქნება. ასე გავიმეორებთ შარშანდელ ევროთასების შედეგს და რა... არც არაფერი, ვიაროთ ასე ჩაკეტილ წრეზე. ეს წრე უნდა გაირღვეს და ფეხბურთელს ყოფითი პრობლემები, არ უნდა აწუხებდეს. განვითარებისკენ და წინსვლისკენ უნდა მივდიოდეთ. კობის იმედი მაქვს რომ რამე შეიცვლება ამ კუთხით.
zura
10:39 28-10-2015
0
გორი კაი გუნდია მარა ფული უნდა ფულიიიიიიიიიი.
gia.batumi.
13:31 29-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული