![](https://sportall.ge/pictures/image31/234021c5e4747f70afdb205a89d593e2.jpg)
ისე გამოუვიდა, ფეხბურთში ცრუმორწმუნეები რომ იტყვიან ხოლმე - კარგ ფეხზე მივიდაო. 8 ტურის შემდეგ გუნდს მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდა. ლოლაძის დანიშვნის შემდეგ კი თერჯოლელებმა პირველსავე შეხვედრაში მარტვილის "მერანი" 2:1 დაამარცხეს...
ხუმრობა იქით იყოს და, "საპოვნელას" ახალი დირექტორი საფეხბურთო სამყაროში კარგად ნაცნობი პიროვნებაა. გიორგი ლოლაძე რევაზ გაგუასა და ვახტანგ კოპალეიშვილის ასაკობრივი ნაკრებების კაპიტანი გახლდათ და ევროპის ჩემპიონატზეც უთამაშია. სამწუხაროდ, ამ გუნდის ბევრი წევრის არ იყოს, კარიერა მასაც ვერ აეწყო.
"ბოლნისში მუშაობამ ბევრი რამ შემძინა, დიდი გამოცდილებაც მივიღე და ბევრიც ვისწავლე. როცა თერჯოლის "საპოვნელას" დირექტორობა შემომთავაზეს, სიამოვნებით დავთანხმდი.
შესაძლოა, დღეს "საპოვნელა" ჩვენი ფეხბურთის ლიდერი არ არის, მაგრამ თერჯოლა საფეხბურთო რაიონია, აქ ბევრს უყვარს ფეხბურთი და ნიჭიერი ბავშვებიც მოდიან. სწორი მუშაობითა და ფინანსური ხელშეწყობით ამ პოტენციალის ამოქმედება რეალური მგონია.
მიხარია, რომ გვერდში დამიდგა ლაშა ალიმბარაშვილი, რომელიც "სიონში" კარგად მუშაობდა და განათლებული, საინტერესო სპეციალისტია. ის "საპოვნელას" აღმასრულებელი დირექტორი იქნება", - ამბობს ლოლაძე.
მისი თქმით, ფეხბურთში სერიოზული ცვლილებების იმედი აქვს:
"ახლა უკვე ყველას აქვს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ამუშავების იმედი. ლაპარაკია, რომ რეგიონებს სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს. ცხადია, იგულისხმება კლუბების ფინანსურად მოღონიერება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და საფეხბურთო სკოლების მიხედვა. ყველა რაიონში უკვე ცდილობენ, რომ საფეხბურთო კლუბს მიხედონ და გააძლიერონ...
დღემდე ჩვენ თერჯოლაში ვერ ვთამაშობთ და სტადიონს ქუთაისში ვქირაობთ. ჯერ ამ საკითხის მოგვარებას შევეცდებით, ხალხმა უმაღლესი ლიგის თამაშები საკუთარ ქალაქში რომ იხილოს. თერჯოლაში პრობლემა ბალახის საფარი და სავარჯიშო მოედნის არქონაა. 2000 ინდივიდუალური სკამი არის და ტრიბუნების მოწესრიგება შესაძლებელია. გარდა ამისა, პრეს და VIP-ლოჟებია გასაკეთებელი.
სასურველია, რომ ჭაბუკთა და ასაკობრივი ლიგის გუნდებსა და ბავშვებში მეტი ლიცენზირებული მწვრთნელი გვყავდეს. სხვათა შორის, მთავარი გუნდის გარდა, არანაკლებ მისახედია ბავშვთა ჯგუფებიც. იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და თერჯოლის გამგებელი თემურ ჯაფარიძე გვერდში გვიდგანან და სურთ, რომ იმერეთში ფეხბურთი განვითარდეს".
თერჯოლელთა ახალი ხელმძღვანელი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის შესახებაც გველაპარაკა:
"ველოდებით, რომ ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი თერჯოლაში გვესტუმრება. სტადიონის დროული მოწესრიგებით ლევან კობიაშვილი ჩვენზე არანაკლებადაა დაინტერესებული. მას კარგად ესმის, რომ არსებული ვითარების გამოსწორება რეგიონების მოფერიანების გარეშე შეუძლებელია. ამიტომაა, დღესაც რაიონებში რომ დადის. არჩევნებამდე ამაზე ტყუილად არ ლაპარაკობდა".
მისი აზრით, ფეხბურთის განვითარებაში მთავარი როლი სახელმწიფოს ეკუთვნის:
"ჩვენი თაობა დაიკარგა და იმედები ვერ გაამართლა. მიზეზი ის იყო, რომ სახელმწიფო მაშინ ფეხბურთზე არ ზრუნავდა და ეს შედეგებზეც აისახა. ყველაფერი მაინც სწორედ ამაზეა დამოკიდებული. თუ ქვეყანა ამა თუ იმ სფეროს განვითარებით არ დაინტერესდება, წინსვლა შეუძლებელი იქნება.
რაგბიში შედეგი აშკარაა, რადგან ფული ჩაიდო და მას ხელი შეუწყვეს. საბედნიეროდ, ახლა ასეთი ინტერესი ფეხბურთისადმი ჩანს და ეს ლოგიკურიც არის.
ბოლნისის "სიონში" მუშაობისას "ფლამურტარის" რომ შევხვდით, მაშინ გვითხრეს ალბანელებმა, რომ ფეხბურთელები თვეში 7-8 ათას ევროს იღებენ. რა გასაკვირია, რომ ალბანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
პირობები აუცილებლად უნდა შევქმნათ. მესმის, გაჭირვებულ ქვეყანაში ძნელი მოსასმენია, მოთამაშე 4-5 ათას ლარს რომ იღებს, მაგრამ ფეხბურთში სხვაგვარად არაფერი გამოვა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"