უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: სათასო გამოძახილი

AutoSharing Option
ფოტოზე: თეიმურაზ შალამბერიძის "შუქურამ" ოქტომბერში ჩემპიონატის სამივე მატჩი მოიგო
მოახლოებული ტური, კალენდრის თანახმად, სამ დღეზე უნდა ყოფილიყო გაწერილი, თუმცა უმაღლესი ლიგის კალენდარში გარკვეული ცვლილებები მოხდა; ასე, მაგალითად, "მერანი"-"ლოკომოტივის" მატჩი, 2 ნოემბრის ნაცვლად, კვირას, 1 ნოემბერს გაიმართება.

როგორც გვაცნობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ნოდარ კაკულიამ, ამ ტურში კიდევ ერთი მატჩის გამართვის ადგილი შეიცვალა: ორივე კლუბს შორის შეთანხმებით, "ჩიხურასა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირება, ივანწმინდის ნაცვლად, თბილისში ჩატარდება.

ამას გარდა, შეიცვალა მომდევნო ტურის კიდევ ერთი მატჩის გამართვის თარიღი და ამის
მიზეზი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მოახლოებული ოფიციალური პაექრობებია: კალენდრით გათვალისწინებული 8 ნოემბრის ნაცვლად, "საბურთალოსა" და "მერანის" შეხვედრა 7 ნოემბერს ჩატარდება.

თუმცა, მომდევნომდე ხომ ჯერ ეს ტური გვაქვს "გადასაგორებელი" და წინდაწინ უნდა ვთქვათ, რომ რამდენიმე მართლაც საინტერესო დაპირისპირება გველოდება. იმედი დავიტოვოთ, რომ შუა კვირაში გამართული საქართველოს თასის საპასუხო მერვედფინალური მატჩების გამო ჩვენი ფეხბურთელები შაბათსა თუ კვირას გასამართ შეხვედრებში ერთობ გადაღლილები არ იქნებიან.

ისე, სათასო პერიპეტიები ვახსენეთ და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, თასისთვის ბრძოლას ისეთი ამბიციური გუნდები გამოეთიშნენ, როგორებიც არიან "დილა", ბათუმის "დინამო", "ცხინვალი".

იმასაც შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოსთან" ერთად სწორედ ეს სამი გუნდი წარმოადგენდა საქართველოს წლევანდელ ევროტურნირებზე. ესე იგი, "დილას", ბათუმის "დინამოს" და "ცხინვალს" მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონატში წარმატებული თამაშიღა უტოვებს შანსს, მომავალ წელსაც რომ იასპარეზონ ევროტურნირებზე.

დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ ნოემბერში თამაშები 14 საათზე დაიწყება...

31.10. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე. 15:00
კოლხეთი-საბურთალო
დისკვალიფიკაცია: გიორგი ხარაიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი (ორივე - საბურთალო)
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
უმაღლესი ლიგის ისტორიაში ეს გუნდები პირველად ხვდებიან ერთმანეთს და საინტერესო უნდა გამოდგეს ახალგაზრდა მწვრთნელების, გელა სანაიასა ("კოლხეთი") და გია ჭიაბრიშვილის ("საბურთალო") დაპირისპირებაც.

სხვათა შორის, სანაიას მოსვლის შემდეგ "კოლხეთმა" ზედიზედ ორი მატჩი მოიგო და ფოთელთა გუნდმაც სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა. "საბურთალოს" კი სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს: ტრავმებისა თუ დისკვალიფიკაციების გამო, თბილისურ გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი არ ეყოლება.

01.11. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 14:00
დილა-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
2: +1 =0 -1, 5-5
ამ სეზონის დაწყების წინ ყველაზე მეტ სიურპრიზს "შუქურასგან" ველოდით, თუმცა საგრძნობლად გაძლიერებულმა ქობულეთურმა გუნდმა ხეირიანი სტარტი ვერ აიღო და შემდგომშიც არასტაბილურად ასპარეზობდა. თუმცა, ბოლო დროს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა: თეიმურაზ შალამბერიძის დამოძღვრილი "შუქურა" ერთადერთი გუნდი იყო უმაღლეს ლიგაში, ოქტომბერში სამივე მატჩი რომ მოიგო!

ვნახოთ, შეძლებს თუ არა "შუქურა" ამ სერიის გაგრძელებას, არადა, ურთულესი მეტოქე ჰყავს: თასიდან სენსაციურად გამოვარდნილ "დილას" მთელი ყურადღება ხომ ჩემპიონატისკენ ექნება მომართული.

ტურის ამ ცენტრალურ მატჩს სხვა ინტრიგაც ახლავს: "შუქურას" ამჟამინდელი მწვრთნელი არცთუ შორეულ წარსულში "დილას" მთავარი მწვრთნელი გახლდათ, ხოლო ამ სეზონის დაწყების წინ ქობულეთელთა გუნდში რამდენიმე ფეხბურთელი გადავიდა "დილადან".

01.11. ქობულეთი. ჩელე არენა. 14:00
დინამო (ბთ)-სიონი
ურთიერთშეხვედრები
38: +16 =10 -12, 44-32
მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა ბათუმის "დინამოს" არასტაბილური ასპარეზობაა, რაც, მნიშვნელოვანწილად, საკადრო პრობლემებით უფრო უნდა იყოს განპირობებული. თანაც, ამას ისიც დაემატა, რომ აჭარული კლუბი თასის გათამაშებას გამოეთიშა, მაშინ როცა ვარლამ კილასონიას დამოძღვრილი "სიონი" ჩემპიონატშიც მშვენივრად თამაშობს და თასზეც წარმატებით აგრძელებს გამოსვლას.

სხვათა შორის, წინა სეზონის მიწურულს, სწორედ ბათუმელთა გუნდის დამარცხებით დაიბევა, ფაქტობრივად, ადგილი უმაღლეს ლიგაში "სიონმა" და გამარჯვების მომტანი ის ერთადერთი გოლი ბოლნისელთა პორტუგალიელმა ლეგიონერმა ლუის ალბერტო მედინამ გაიტანა, რომელიც ამჯერად ბათუმის "დინამოში" თამაშობს...

01.11. თბილისი. დინამო არენა. 16:00
დინამო (თბ)-ჩიხურა
დისკვალიფიკაცია: გიორგი გველესიანი (დინამო)
ურთიერთშეხვედრები
12: +8 =3 -1, 35-9
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მატჩი ურთიერთშეთანხმებით თბილისში გაიმართება და "დინამო" თავისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მეტოქეს უნდა დაუპირისპირდეს: მხოლოდ წინა სეზონში მოხდა, "ჩიხურამ" პირველად რომ შეძლო საქართველოს ყველაზე ტიტულიანი გუნდის დამარცხება.

საჩხერელებმა ეს მეთერთმეტე ცდაზე მოახერხეს, სამაგიეროდ, დინამოელებმა დამაჯერებელი რევანში აიღეს, როცა გია გეგუჩაძის სადებიუტო მატჩში 3:0 მოუგეს "ჩიხურას".

01.11. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 14:00
ცხინვალი-სამტრედია
დისკვალიფიკაცია: ბაქარ ქარდავა, ლევან კაკუბავა (ორივე - ცხინვალი)
ურთიერთშეხვედრები
10: +3 =3 -4, 11-12
ამ ტურის კიდევ ერთი გამორჩეული დაპირისპირება თბილისში გაიმართება, სადაც ერთმანეთს შეტევაზე ორიენტირებული გუნდები დაუპირისპირდებიან: მიმდინარე სეზონში "სამტრედია" და "ცხინვალი" გამორჩეულად შედეგიან ფეხბურთს უჩვენებენ!

თუმცა, მასპინძელთაგან განსხვავებით, "სამტრედია" ერთდროულად ორივე "ფრონტზე" წარმატებით ასპარეზობს, წინა სეზონის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს "ცხინვალს" კი ამიერიდან მაქსიმალური მობილიზებით მოუწევს ჩემპიონატში თამაში, თორემ კახა კაჭარავას გუნდი სხვა შემთხვევაში ევროტურნირებზე ვერ გამოვა.

და კიდევ ამ მატჩზე: ორივე გუნდის შემადგენლობაში 21-წლამდე ასაკის არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი ასპარეზობს და არც კახა კაჭარავა და არც მისი კოლეგა გია ცეცაძე მიმდინარე სეზონში ამ ბიჭებს ნაადრევად და სისტემატიურად არ ცვლიან...

01.11. ზუგდიდი. ბაიას საწვრთნელი ბაზა. 14:00
ზუგდიდი-საპოვნელა
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
ჩემპიონატში ერთადერთი მოუგებელი გუნდი "ზუგდიდია" და, ალბათ, დროა, რომ ბესიკ შეროზიას გუნდმა სატურნირო მდგომარეობა გამოასწოროს. შეგახსენებთ, რომ "ზუგდიდმა" შეძლო და თასის გათამაშებიდან ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, "დილა" გამოთიშა.

აი, "საპოვნელა" კი ბოლო ტურებში მშვენივრად ათამაშდა და განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ თერჯოლელთა 23 წლის ფორვარდის გიორგი ბუხაიძის შედეგიანი თამაში - ოქტომბერში ჩატარებულ ყველა ტურში რომ შეძლო გოლის გატანა.

01.11. მარტვილი. მურთაზ ხურცილავა. 14:00
მერანი-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
წინა ტურში "ლოკომოტივმა" უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა, თორემ ძალიან არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობა ექნებოდა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ესპანელი სპეციალისტის ჟერარდ სარაგოსას დამოძღვრილი ახალგაზრდული "ლოკომოტივი" მარტვილშიც წარმატებულ თამაშს.

მასპინძლები კი ზედიზედ 3 წაგებით გასავარდნ ზონაში არიან.

01.11. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 18:00. LIVE I არხზე
ტორპედო-გურია
დისკვალიფიკაცია: გიორგი ქიმაძე (ტორპედო) - ლაშა მჭედლიშვილი (გურია)
ურთიერთშეხვედრები:
27: +16 =3 -8, 59-34
ძველი მეტოქეების დაპირისპირება ასევე გარკვეულ ინტერესს იწვევს, მით უფრო, რომ "ტორპედოს" უკვე 4 მატჩია, ჩემპიონატში არ მოუგია.

"გურიას" მთავარმა მწვრთნელმა გია ჩხაიძემ კი შუა კვირაში გამართულ სათასო მატჩში ("სიონთან") ძირითადი შემადგენლობა დაასვენა და "ტორპედოსთან" დაპირისპირებისათვის სერიოზულად ემზადება.

ბომბარდირები:
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
ო. მარცვალაძე (დილა) 8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული