12:00 09-11-2015
საბურთალო-მერანი 4:2 - ლუიჯან, ერთი ჩვენებური! [VIDEO]
AutoSharing Option
"საბურთალო" უმაღლეს ლიგას ნელ-ნელა უშინაურდება. ეს პატარა ბიჭები ლამაზ და შემტევ ფეხბურთს თამაშობენ - ისეთს, "კოჯრის ტყის სიზმრების" გმირი ხეჩო ლუი არმსტრონგის პერსონაჟს რომ სთხოვს - ლუიჯან, ერთი ჩვენებურიო!..
გამოუცდელობის მიუხედავად, ეს ბიჭები "ჩვენებურს" ზოგჯერ მაინც თამაშობენ. ახლა ეს მარტვილის "მერანთანაც" მოახერხეს: შეხვედრა მათი უპირატესობით დაიწყო და უკვე მე-7 წუთისთვის, გიორგი ფანცულაიას დარტყმების შემდეგ, ბურთი ორჯერ მოხვდა ძელს.
ზოგადად, თამაში საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა და 90 წუთის განმავლობაში ინტერესი არ განელებულა. "საბურთალო" უპირატესობას ფლობდა, სტუმრები კი ეპიზოდურად მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. მათ ანგარიში მასპინძელთა უხეში შეცდომის შედეგად გახსნეს - საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს გაგი მარგველაშვილი თავისიანს (მეკარეს ან მცველს) უგორებდა, მაგრამ პენალტის ნიშნულთან კონსტანტინე ბროლაძეს ჩააბარა და მანაც ცარიელი კარი იოლად აიღო - 0:1.
"საბურთალომ" წონასწორობა მალევე აღადგინა. გიორგი ხარაიშვილმა მეტოქეს საჯარიმოს სიახლოვეს აართვა ბურთი და იქვე გურამ გოშთელიანი მოძებნა, ამან კი ნიკა საბანაძეს შეუყოლა საჯარიმოში და - 1:1.
საერთოდ, ნიკა საბანაძე გამორჩეულად მოტივირებული ჩანდა. ექსტორპედოელმა ამაში თანაგუნდელებიც აიყოლია. მეორე ტაიმის დასაწყისში "საბურთალო" სწორედ საბანაძის კარგი გადაცემის შედეგად დაწინაურდა - გოშთელიანს ზურგს უკან ერთი შეხებით გააყოლა ბურთი და ახალგაზრდა ფორვარდმაც შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 2:1.
ამ ორმა მოთამაშემ შექმნა მესამე გოლიც - გოშთელიანმა მარჯვენა ფლანგზე შეტევა ბექა გვარაძეს გაუგრძელა, ამან კი საჯარიმოში მოძებნა საბანაძე, რომელსაც მეკარე პიოტრ სევოსტიანენკომ დარტყმის საშუალება არ მისცა, თუმცა უკუგდებულ ბურთთან გიორგი ფანცულაია გაჩნდა და მიზანში მძლავრად დასცხო - 3:1.
ფანცულაიამ თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. აქ "საბურთალოს" კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა გაიბრწყინა - საკუთარი ნახევრიდან ბურთიანად 60 მეტრი ირბინა, გზიდან მცველები ჩამოიშორა და კარშიც დაარტყა. მეკარემ ბურთი კი მოიგერია, მაგრამ ფაცულაია კვლავ დროულად გაჩნდა იქ, სადაც საჭირო იყო - 4:1.
ეს იყო ულამაზესი გოლი, რომელიც ნებისმიერი დონის მატჩს დაამშვენებდა...
რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილი სტუმრები მხოლოდ ამის შემდეგ გამოცოცხლდნენ და მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხეს - კუთხურის შემდეგ დავით ციცხვაიამ ბურთი ლაშა ჯღამაიას გადააწოდა, რომელმაც ლამაზი თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:2.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XI ტური
07.11. თბილისი. "ბენდელა"
საბურთალო-მერანი 4:2
გოლები: 0:1 ბროლაძე (20), 1:1 საბანაძე (23. გოშთელიანის პასით), 2:1 გოშთელიანი (49. საბანაძის პასით), 3:1 ფანცულაია (73. საბანაძის პასით), 4:1 ფანცულაია (75. ხარაიშვილის პასით), 4:2 ჯღამაია (89. დ. ციცხვაიას პასით)
საბურთალო: ქურდაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, თოთაძე, ჩაბრაძე (76. ბიძინაშვილი), ალთუნაშვილი (69. მამუჩაშვილი), კოხრეიძე (65. გვარაძე), ხარაიშვილი, საბანაძე, ფანცულაია, გოშთელიანი.
სათადარიგოები: სანიკიძე, ლაკვეხელიანი, რუხაძე, ნიკოლაშვილი
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
მერანი: სევასტიანენკო, ფაილოძე (76. ციკოლია), დ. ციცხვაია, ჩხეტია, გეგია, ხუბუა, გაზდელიანი (63. რუხაია), ჯღამაია, გოგოლიძე (61. აშორტია), პაპადოპულოსი, ბროლაძე.
სათადარიგოები: დარციმელია, ბაღიშვილი, წოწონავა, ჯეჯელავა
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
გაფრთხილებები: მარგველაშვილი (49), ციცხვაია (56), გაზდელიანი (62)
არბიტრი: ხ. გაგნიძე.
ბომბარდირები:
ო. მარცვალაძე (დილა) 10
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 9
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
დ. ტატანაშვილი (სიონი) 7
XII ტური
21 ნოემბერი, შაბათი
ზუგდიდი-საბურთალო
კოლხეთი-მერანი
დილა-ლოკომოტივი
დინამო (ბთ)-საპოვნელა
ტორპედო-შუქურა
ჩიხურა-გურია
დინამო (თბ)-სამტრედია
22 ნოემბერი, კვირა
ცხინვალი-სიონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული