ლოკომოტივი-ზუგდიდი 3:0 - სამზე ნაკლები არ შეიძლება

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივმა" წარმატებული სერია გააგრძელა - მიუხედავად იმისა, რომ მე-11 ტურის დაპირისპირებას საკადრო პრობლემებით შეხვდნენ, ჟერარდ სარაგოსა მულეტის გაწვრთნილებმა ამჯერად "ზუგდიდი" დაამარცხეს. დისკვალიფიკაციის გამო "ლოკომოტივს" კაპიტანი დავით უბილავა, ასევე, ვაჟა ქიქავა და მეკარე ლაზარე კუპატაძე ვერ ეხმარებოდნენ.

გასულ ტურში სარაგოსას შეგირდებმა მარტვილში "მერანთან" მოგებით (3:0) სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესეს. "ზუგდიდი" კი აუტსაიდერთა ზონაშია, რაც გუნდს თითოეული ქულისთვის ბრძოლას აიძულებს. რაც მთავარია, სტუმრებს საკადრო პრობლემები არ ჰქონდათ.

თბილისელებმა კვლავ დიდი ანგარიშით მოიგეს და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში. ბესიკ შეროზიას გუნდმა კი
მდგომარეობა კიდევ უფრო გაირთულა.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და პირველი სახიფათო მომენტიც მათ შექმნეს: მე-3 წუთზე ლოკომოტიველი შერმადინ ართმელაძე მეკარესთან პირისპირ გადიოდა, რომელმაც ბურთი ვერ დაიმორჩილა და მშვენიერი შანსით ვერ ისარგებლა.

10 წუთში სტუმართა კარს უკვე გეგა დიასამიძე დაემუქრა საჯარიმოს მისადგომებიდან, თუმცა მისი დარტყმა ვახტანგ ჯომიდავამ მოიგერია.

...მაგრამ "ლოკომოტივმა" ანგარიში მაინც გახსნა. დიასამიძის გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ზვიად ქანთარიამ შანსი გოლად აქცია - 1:0.

ზუგდიდელები გააქტიურდნენ და 24-ე წუთზე მწვავე კონტრშეტევა განახორციელეს - გიორგი ბულიამ მოძებნა ლევან წურწუმია, რომელმაც ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. სახიფათო იყო ცოტნე სამუშიას მომენტიც, მაგრამ მიზანს მანაც ააცილა.

ამასობაში, მასპინძლებმა სხვაობა გაზარდეს - შეტევაში ჩართულმა გიორგი ხიდეშელმა ჯერ ბედი კუთხურის ჩაწოდების შემდეგ სცადა, როცა მცველებს დაასწრო, მაგრამ მისი თავური მეკარემ მოიგერია; მეორე ცდაზე კი "ზუგდიდის" ბადე მაინც შეარხია - სტუმართა საჯარიმოსთან ქანთარია წააქციეს და ჯარიმა უნაკლოდ შეასრულა ხიდეშელმა - 2:0.

მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილმა სტუმრებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს. 49-ე წუთზე თავის გამოჩენა უკვე უმეთვალყურეოდ დარჩენილ ზუგდიდელ გიორგი ქანთარიას შეეძლო, თუმცა არაზუსტად დაარტყა. მშვენიერი შანსი მიეცა ნიკა ლაშხიასაც, მაგრამ სხვაობის შემცირება ვერც მან შეძლო.

სტუმრებს შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ, "ლოკომოტივი" კი ისევ დამაჯერებლად ათამაშდა. განსაკუთრებით კარგად ბოლო მონაკვეთი ალექსი ბენაშვილმა ჩაატარა. ჯერ იყო და, მისი დარტყმული ძელს მოხვდა, 75-ე წუთზე კი, მისი ჩაწოდების შემდეგ, მამია გავაშელიშვილმა თავური დასცხო და ბურთს ისევ ჯომიდავა გადაეღობა.

გავაშელიშვილი ძალიან მოწადინებული იყო და ეს დუელი რამდენიმე წუთში ისევ განმეორდა - "ზუგდიდის" მეკარემ თავისიანები ამ ჯერზეც გადაარჩინა. მერე უკვე უმცროსი გიორგი კიკნაძის მცდელობას გადაეღობა. მერე სტუმრები ხარიხამაც იხსნა, როცა ხიდეშელი ურტყამდა...

მაგრამ მესამე გოლს ხელი ვერც მეკარემ შეუშალა და ვერც ხარიხამ - დემურ ჩიხლაძის პასით ჯომიდავასთან პირისპირ დარჩა გავაშელიშვილი, რომელმაც შანსი ხელიდან აღარ გაუშვა და მატჩს წერტილი დაუსვა - 3:0.

მცირე სტატისტიკა - თბილისურმა გუნდმა, ჟერარდ სარაგოსას ხელმძღვანელობით, 3 მატჩი ჩაატარა და ქულათა მაქსიმუმს (9) მოუყარა თავი. აღსანიშნავია, რომ სამივე შეხვედრაში ლოკომოტიველებმა 3-3 გოლის გატანა მოახერხეს. ზვიად ქანთარიამ ზედიზედ მეორე შეხვედრაში მესამე გოლი გაიტანა, ხოლო ცენტრალურმა მცველმა გიორგი ხიდეშელმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში მეორე საჯარიმო დარტყმა შეასრულა.

როგორც ჩანს, ამ გუნდში პოტენციალი იყო, ახლა კი მისი რეალიზებაც ხერხდება...

რა დასამალია, ქუთაისის "ტორპედოში" წარუმატებელი მუშაობისა და პოსტიდან გაშვების შემდეგ ესპანელი სპეციალისტის საქართველოში დაბრუნებას ყველა სკეპტიკურად უყურებდა. ფაქტი კი ის არის, რომ "ლოკომოტივი" კარგად თამაშობს და ქულებს აგროვებს, თანაც - სამ-სამს, სამ-სამი გოლით.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XI ტური
06.11. თბილისი. "მიხეილ მესხი"
ლოკომოტივი-ზუგდიდი 3:0
გოლები: 1:0 ქანთარია (21. დიასამიძის პასით), 2:0 ხიდეშელი (37), 3:0 გავაშელიშვილი (85. ჩიხლაძის პასით)
ლოკომოტივი: მიქავა - ბენაშვილი, გეთიაშვილი, ხიდეშელი, ჩიტეიშვილი - დიასამიძე (79. ღვინაშვილი), სულთანიშვილი - ართმელაძე, ჩიხლაძე, თექთურმანიძე (61. კიკნაძე) - ზ. ქანთარია (72. გავაშელიშვილი).
სათადარიგოები: გაბაძე, ღაღანიძე, შეროზია, ს. კვერნაძე
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა
ზუგდიდი: ჯომიდავა - გ. ქანთარია, ნარმანია, მალანია, ჯავახიშვილი - წყაროზია, ტყემალაძე (65. ნ. ქირია) - წურწუმია, ლაშხია, ც. სამუშია (46. თუთბერიძე) - ბულია (77. ჩანგელია).
სათადარიგოები: საბეკია, ჩანადირი, თიბილაშვილი, ვ. კვარაცხელია
მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
არბიტრი: ბ. ნინუა.

ბომბარდირები:
ო. მარცვალაძე (დილა) 10
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 9
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
დ. ტატანაშვილი (სიონი) 7.

XII ტური
21 ნოემბერი, შაბათი
ზუგდიდი-საბურთალო
კოლხეთი-მერანი
დილა-ლოკომოტივი
დინამო (ბთ)-საპოვნელა
ტორპედო-შუქურა
ჩიხურა-გურია
დინამო (თბ)-სამტრედია

22 ნოემბერი, კვირა
ცხინვალი-სიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული