უკვე კარგა ხანია, ის "სიონის" ერთ-ერთი ლიდერია. მარცხენა ფლანგზე გაფრინდაშვილი შესანიშნავად გამოიყურება და იქმნება შთაბეჭდილება, რომ უფრო მაღალ დონეზეც შეუძლია თამაში, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატია.
"სიონი" კარგად თამაშობს ეროვნულ პირველობაზე და ამაში გაფრინდაშვილის წვლილიც საკმაოდ სოლიდურია.
საყურადღებოა ისიც, რომ გიორგი ბოლნისელია და ამიტომაცაა, განსაკუთრებით რომ უყვართ ადგილობრივ გულშემატკივრებს...
- გიორგი, როგორი იყო დასაწყისი? გაიხსენეთ დრო, როცა ფეხბურთი პირველად შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში...
- 6 წლის ვიყავი, როცა ფეხბურთზე შევედი. ეს იყო
- ამ სკოლაში ნაყოფიერი პერიოდი გაატარეთ?
- ძალიან. იქ ჩემი მწვრთნელი გუბაზ დოლიძე იყო - თავისი საქმის ძალიან კარგად მცოდნე სპეციალისტი. ამ სკოლას ისიც აქვს დადებითი, რომ ფეხბურთის გარდა, ზოგად განათლებასაც ეუფლები. ჩემი აზრით, ზოგადი განათლება ფეხბურთელისათვის აუცილებელია. კარიერა ადრე თუ გვიან დასრულდება და აქედანვე უნდა მოემზადო ცხოვრების სხვა, ახალი ეტაპისთვის, რომელიც გაცილებით რთულია.
- გიორგი გაფრინდაშვილი და რეჟიმი ერთმანეთთან მეგობრობენ?
- კი, ძალიან ახლო მეგობრები არიან (იცინის)... არასოდეს დამირღვევია რეჟიმი - ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით! არ გავაკეთებ იმას, რაც ჩემს წინსვლას ხელს შეუშლის.
- მეჩვენება, რომ შეტევაში უფრო გიყვართ თამაში, ვიდრე დაცვაში...
- ასეა. მე ფლანგის შემტევი ვარ, მაგრამ დაცვაშიც მითამაშია. საერთოდ, ვითამაშებ იქ, სადაც მწვრთნელი ჩათვლის საჭიროდ.
- ვუყურებ თქვენს თამაშს და მგონია, რომ შიში საერთოდ არ გაქვთ. არც დებიუტანტისთვის დამახასიათებელი რიდი გემჩნევათ...
- არ არსებობს, მინდორზე შიშით გავიდე! პატარაობიდანვე მივეჩვიე ამას. ასე გამზარდეს - თუ არ გარისკე, არასოდეს არაფერი გამოგივა. ბავშვობაში დამატებით ვიპარებოდით ხოლმე სავარჯიშოდ. ზოგჯერ ისეთი მინდვრები იყო, კაცს დანახვის შეეშინდებოდა, მაგრამ ჩვენ უკან არ ვიხევდით და მაინც ვვარჯიშობდით. მე "ჟილკიანი" ფეხბურთი მიყვარს.
- თქვენი აზრით, რა არის "სიონის" წარმატების მთავარი მიზეზი?
- ის დიდი ერთსულოვნება, რომელიც გუნდშია. ბიჭები ერთმანეთში ვმეგობრობთ. ერთ მუშტად შეკრული გუნდიაო, სწორედ "სიონზეა" ნათქვამი. ყოველ თამაშში 100 პროცენტით ვიხარჯებით. ეს არის და ეს.
- ვარლამ კილასონიას თქვენეული დახასიათება საინტერესო უნდა იყოს...
- ის ძალიან უშუალო და მეგობრულია ფეხბურთელებთან. არ არსებობს, რაიმე დავუმალოთ. რა პრობლემაც უნდა გვქონდეს, რაც უნდა გვაწუხებდეს, მწვრთნელს ყველაფერს ვეუბნებით.
- რა არის გიორგი გაფრინდაშვილის ნაკლი და ღირსება?
- ნაკლი ბევრი მაქვს და ეს - ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე. თუნდაც ის, თავიდან რომ ახსენეთ - შეტევაში უფრო მეტად მიყვარს თამაში, ვიდრე დაცვაში. ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე და მჯერა, გამოვასწორებ ამ ნაკლს...
რაც შეეხება ღირსებას, ეს უფრო თქვენი შესაფასებელია. მე რასაც ჩემს თავში ვხედავ, ის არის, რომ ბრძოლის ჟინი დიდი მაქვს და არასოდეს ვნებდები, რა ანგარიშიც უნდა იყოს.
- ფიზიკურად კარგად ხართ მზად?
- საქართველოს ჩემპიონატის დონეზე არ მიჭირს. გასათვალისწინებელია, რომ "სიონს", ფაქტობრივად, არ ჰქონია შეკრება. ისე, ამ კომპონენტზე კიდევ უნდა ვიმუშაო.
- აქამდე, საქართველოს რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში თუ გითამაშიათ?
- არა, მხოლოდ შეკრებაზე ვიყავი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად გერმანიაში.
- როგორ ფიქრობთ, შეიძლება საქართველოს ჩემპიონატში ფეხბურთელმა მოუმატოს?
- რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, უფრო მაღალი დონის ჩემპიონატი გვქონდეს, მაგრამ ამ პირობებშიც შეიძლება მოუმატოს ფეხბურთელმა. ჩემი აზრით, თუ განსაკუთრებული ტალანტი არ ხარ და განსაკუთრებული გუნდი არ გეპატიჟება, არ ღირს 16-17 წლის ასაკში ქვეყნიდან გასვლა.
- რა არის თქვენი საფეხბურთო ოცნება?
- ვითამაშო დიდი ფეხბურთი, ვითამაშო საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში და სოლიდურ უცხოურ გუნდში... მაგალითად, ესპანური პრიმერა დივიზიონის ნებისმიერ კლუბში...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"