12:20 23-11-2015
ცხინვალი-სიონი 2:0 - რაც მოგივა დავითაო... [VIDEO]
AutoSharing Option
სატურნირო ცხრილში ეს გუნდები ერთმანეთის მეზობლად იყვნენ. "სიონს" მესამე ადგილი ეჭირა, მის მოწინააღმდეგეს კი - მეოთხე. უშუალო კონკურენტების ბრძოლა დაძაბულ მატჩს გვპირდებოდა და საბოლოოდ ასეც მოხდა, მაგრამ სხვა საქმეა, რომ თამაშის ხარისხი იდეალურისგან ძალიან შორს იყო.
"ცხინვალის" რიგებში პირველად ვნახეთ უკრაინელი მეკარე - ვიტალი ჩებოტარიოვი. ის სათადარიგოთა სკამზე იჯდა, რადგან ომარ მიგინეიშვილს გრიპის ვირუსი შეეყარა. "სიონის" რიგებში კი სასტარტოში ვერ ვიხილეთ ნახევარდაცვის გამოცდილი ლიდერი ალეკო გოგობერიშვილი. საფიქრებელია, რომ არც ის იყო ჯანმრთელად.
აქვე ვთქვათ, რომ მატჩი მალტელ მსაჯთა ბრიგადამ განსაჯა. მართალია, მათ მსაჯობას ძალიანაც ვერ დავიწუნებთ, მაგრამ მოგვეჩვენა, რომ ადგილ-ადგილ შეცდომები იყო. სხვადასხვა დროს ორივე გუნდი მათ მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამდა.
თამაში ორმხრივი დაზვერვით დაიწყო. ორივე გუნდი მინდვრის ცენტრში ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას. პირველ ტაიმში უკეთ ბოლნისელები გამოიყურებოდნენ, პირველი სახიფათო მომენტი კი ცხინვალელებმა შექმნეს - ბაქარ ქარდავა ძლიერი დარტყმით ცდილობდა "სიონის" კარის აღებას, მაგრამ ბურთი მიზანს ზემოდან გადასცდა. ეს იყო და, ტაიმის ბოლომდე თამაშიცა და საგოლე მომენტებიც თითქმის სულ "სიონისა" იყო.
მე-17 წუთზე ბოლნისელთა შორის ყველაზე აქტიურმა ვილი ისიანმა ჯარიმიდან სცადა გატანა, მაგრამ კარს ააცილა ბურთი. ცოტა ხნის შემდეგ უკვე გიული მანჯგალაძეს აუცდა სახიფათოდ დარტყმული ბურთი.
ტაიმის დასრულებამდე 15 წუთით ადრე "სიონს" კიდევ ერთი საგოლე შანსი მიეცა - დიმიტრი ტატანაშვილმა თავით სცადა გატანა, მაგრამ ააცილა. საერთოდ, პირველ ნახევარში მინდორზე ბრძოლა მეტი იყო, ვიდრე გააზრებული კომბინაცია.
62-ე წუთზე "ცხინვალმა" ანგარიში გახსნა. ეს გოლი არ იქნებოდა, "სიონის" უკანახაზელებსა და ნახევარმცველებს დროზე რომ ამოეტანათ ბურთი საჯარიმოდან. აქსიომაა - დღეს საკუთარ საჯარიმოში თუ მასთან ახლოს "კვადრატს" აღარავინ თამაშობს.
ბოლნისელთაგან დაკარგული ბურთი თორნიკე გორგიაშვილმა მოიხელთა და ჭკვიანური დარტყმით მერლანს შანსი არ დაუტოვა. "ცხინვალი" დაწინაურდა - 1:0. გორგიაშვილი ჯერაც ვერაა ისეთ ფორმაში, თავის დროზე "ზესტაფონში" რომ იყო, მაგრამ თანდათან უმატებს და უკეთეს თამაშს გვიჩვენებს, ვიდრე თავის ბოლო კლუბებში - "დინამოსა" და "სამტრედიაში".
...64-ე წუთზე "ცხინვალი" არბიტრს შემოსწყრა. ნიკა კაჭარავა მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და მცველ-მეკარესთან ჭიდილში დაეცა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი პენალტს ითხოვდა, მაგრამ კლეიტონ პიზანიმ ის სიმულაციისათვის გააფრთხილა.
სიტყვა კაჭარავაზე ჩამოვარდა და, როგორც სანდო წყარომ გვაცნობა, ამ თავდამსხმელის თამაშს ყურადღებით აკვირდება თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობა. ვნახოთ, რა როგორ იქნება. ფაქტია - ნიკა დღეს საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, თუ საუკეთესო არა.
...მერე იყო მომენტი, როცა "სიონს" ანგარიშის გათანაბრება მართებდა. გიორგი გაფრინდაშვილის ჩაწოდების შემდეგ ლუკა რაზმაძემ ახლო მანძილიდან რაღაც სასწაულით ვერ შეაგდო თავით. არადა, გოლი გარდაუვალი ჩანდა.
ძირითადი დროის დასრულებამდე ერთი წუთი რჩებოდა, როცა მირზა მერლანმა ერთობ კურიოზული გოლი გაუშვა. "სიონის" გამოცდილ მეკარეს დაჭერილი ბურთი გაუვარდა ხელიდან და ის კარში შეგორდა. მართლაცდა, გოლი ისეთი გამოვიდა, კურიოზების ნებისმიერ კრებულს რომ დაამშვენებდა.
"ცხინვალმა" ორი ბურთით მოიგო. კახა კაჭარავას შეგირდებმა ძალიან მოინდომეს, მაგრამ, რომ არა ბოლნისელთა მიერ დაშვებული ბავშვური, რიგ შემთხვევებში გაუგონარი შეცდომები, არავინ იცის, როგორი იქნებოდა შეხვედრის საბოლოო შედეგი. ვარლამ კილასონიას "სიონმა" კი, თუ ლიდერებში დარჩენა სურს, ასე აღარ უნდა ითამაშოს.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური
22.11. თბილისი. "მიხეილ მესხი"
ცხინვალი-სიონი 2:0
გოლები: 1:0 გორგიაშვილი (62), 2:0 მერლანი (89-საკ. კარში)
ცხინვალი (4-5-1): ნადირაძე - ცერცვაძე, მაისაშვილი, კაკუბავა, ბაჩიაშვილი - ლეკვთაძე (90. ბეჭვაია), გორგიაშვილი, ქარდავა, ქოჩლაძე (75. მახარობლიძე), ივანიშვილი (90. ცაცკრიალაშვილი) - კაჭარავა.
სათადარიგოები: ჩებოტარიოვი, ლობჯანიძე, ჯაფარიძე, შულაია
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
სიონი (4-5-1): მერლანი - ფოფხაძე, სვანიძე, კილასონია, ჯაფიაშვილი (74. უგულავა) - ისიანი (58. საჯაია), ვასაძე (67. მიქაბერიძე), მანჯგალაძე, რაზმაძე, გაფრინდაშვილი - ტატანაშვილი.
სათადარიგოები: ნანიევი, გოგობერიშვილი, კობახიძე, ჭიკაიძე
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გაფრთხილება: ფოფხაძე (13), კაკუბავა (18), კაჭარავა (64), ჯაფიაშვილი (73), ქარდავა (76), ტატანაშვილი (78)
არბიტრი: კ. პიზანი (მალტა).
ბომბარდირები
ო. მარცვალაძე (დილა) 10
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 9
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
XIII ტური
27 ნოემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-დინამო (ბთ)
28 ნოემბერი, შაბათი
სამტრედია-კოლხეთი
გურია-დინამო (თბ)
სიონი-ჩიხურა
შუქურა-ცხინვალი
საპოვნელა-ტორპედო
მერანი-ზუგდიდი
29 ნოემბერი, კვირა
საბურთალო-დილა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რა ტემპია,როგორ დარბიან..ეჰ, რა დღეში ვართ ვართ!!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული