დილა-ლოკომოტივი 1:0 - ხეირი ისლამისგან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"დილასთან" დაპირისპირებამდე "ლოკომოტივმა" ზედიზედ სამი მატჩი მოიგო, სამივეში სამ-სამი გოლი გაიტანა და ორჯერ სულაც 3:0 იმარჯვა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ შინ თამაშობდნენ, გორელებს იოლი გამარჯვების იმედი ვერ ექნებოდათ და ასეც მოხდა.

"დილამ" ორივე გუნდის შემადგენლობაში მოთამაშე ერთადერთი ლეგიონერის, ისლამ მაშუკოვის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა რკინიგზელები. ის ოთარ მარცვალაძის ტრავმის გამო მოხვდა ძირითად შემადგენლობაში და, მართალია, გამორჩეული თამაშით მაინცდამაინც არ დაუმახსოვრებია პუბლიკისთვის თავი, მაგრამ ფაქტია - 3 ქულა საკუთარ გუნდს სწორედ მან მოუტანა.

ამ შეხვედრაში უცხოელების როლი მაშუკოვით არ ამოწურულა
- ორივე გუნდს მოედნის კიდიდან სწორედ უცხოელი სპეციალისტები ხელმძღვანელობდნენ - "ლოკომოტივს" ესპანელი ჟერარდ სარაგოსა, "დილას" კი სერბი მილოვან მატიასევიჩი, რომელიც დისკვალიფიცირებულ უჩა სოსიაშვილს ცვლიდა.

მასპინძლები გამარჯვებისთვის ბრძოლას დასაწყისიდანვე შეუდგნენ. პირველი ხიფათი გიორგი ერისთავის ჩაწოდებულს მოჰყვა, როცა ბურთი კინაღამ ლაზარე კუპატაძის კარში აღმოჩნდა...

მე-6 წუთზე, იმავე ერისთავის მორიგ ჩაწოდებულს რკინიგზელი მცველები მოუმზადებლები შეხვდნენ და მაშუკოვმა დასაჯა კიდეც - 1:0. ადრეული გოლის შემდეგ გორელებმა ოდნავ უკან დაიხიეს და მოედნის ცენტრში გამაგრდნენ.

შესაძლოა, "დილა" მნიშვნელოვან ტერიტორიულ უპირატესობას არ ფლობდა, მაგრამ ბურთს დამაჯერებლად აკონტროლებდა და მოწინააღმდეგის იერიშებსაც ყოველგვარი გართულების გარეშე იგერიებდა.

რკინიგზელებს კი სხვა არაფერი დარჩენოდათ, შეტევასა და ანგარიშის გათანაბრებაზე ზრუნვის გარდა, თუმცა მათ მოქმედებას შედეგი არ მოსდევდა. მეტიც, ერთხანს სტუმრებს მეტოქის ნახევარზე გადასვლაც კი უჭირდათ. საიმედოდ გაანეიტრალეს "ლოკომოტივის" თავდამსხმელი ზვიად ქანთარიაც.

"დილა" შუა ხაზში მეტოქეზე უკეთ რომ ირჯებოდა, გუგა ფალავანდიშვილისა და გოგიტა გოგუას დამსახურება იყო. ეს უკანასკნელი, როგორც ბურთის მოპოვების, ისე შეტევების სწორი მიმართულებით გაგრძელების დროს ერთობ პროდუქტიული იყო. მასპინძლებს რამდენჯერმე "სტანდარტულის" შესრულების უფლება მიეცათ, რაც ყოველთვის მეკარის საჯარიმოში ჩაწოდებით სრულდებოდა, იქ კი ტანმაღალი ფეხბურთელები მის კარში გადაგზავნას ცდილობდნენ. ამ გზით ერთხელ ლამის იხეირა კიდეც ალექსანდრე კვახაძემ.

მერე, კონტრშეტევისას, ირაკლი მოდებაძეს მართებდა გატანა. იმავდროულად, მუჯრიშვილის კართან თბილისელთა ვერც კუთხური და ვერც "სტანდარტული" სიმწვავით ვერ გამოირჩეოდა.

ტაიმის მიწურულს საჯარიმოში შეჭრილი შერმადინ ართმელაძე მცველთან ბრძოლაში წაიქცა და "ლოკომოტივი" პენალტს ითხოვდა, მაგრამ არბიტრმა პრეტენზია ყურად არ იღო.

მეორე ტაიმი უკეთ დაიწყეს სარაგოსას შეგირდებმა და მოწინააღმდეგის ნახევარსაც მიეძალნენ, მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. მეტიც: 65-ე წუთზე გოგუას საჯარიმოში შეჭრა მაშუკოვთან პასით რომ გაგრძელდა, ეს უკანასკნელი ვალდებული იყო, მეორედაც ეხეირა, მაგრამ მომენტი გაფლანგა.

მერე სოსიაშვილმა (თუ მატიასევიჩმა) ლეგიონერი შეცვალა და "დილა" ერთ თავდამსხმელზე გადააწყო, სამაგიეროდ, შუა ხაზი უფრო გაამაგრა. შეხვედრის ბოლო 20 წუთში "ლოკომოტივი" ქულის მოსაპოვებლად მოწინააღმდეგის შეწუხებას კიდევ უფრო აქტიურად შეუდგა. "დილა" კი იმავეს ნაკლებად ცდილობდა, თუმცა არც მეტოქისთვის სათამაშო სივრცის დათმობას აპირებდა და კონტრშეტევებსაც არ ივიწყებდა.

მატჩის მიწურული ლოკომოტიველი გიორგი დიასამიძის მეტად სახიფათო დარტყმითა და მოდებაძის შანსით უნდა გამოვარჩიოთ. პირველმა ოდნავ ააცილა კარს, ხოლო "დილას" ფორვარდმა, რომელიც კარიდან სამიოდ მეტრში იმყოფებოდა, ბურთს თავი ააცილა.

"დილამ" ქულათა მარაგიც გაიმდიდრა და, როგორც შევიტყვეთ, ფინანსურადაც ცოტა მოღონიერდა - ფეხბურთელებს ერთი თვის ხელფასი ჩაურიცხეს და კიდევ ერთი თვისასაც მალე შეჰპირდნენ.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური
21.11. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-ლოკომოტივი 1:0
გოლი: 1:0 მაშუკოვი (6)
დილა (4-4-2): მუჯრიშვილი - ხურცილავა, კვახაძე, ქარქუზაშვილი, ნავალოვსკი - ერისთავი (82. ღონღაძე), გოგუა, ფალავანდიშვილი, ნონიკაშვილი (62. ილურიძე) - მოდებაძე, მაშუკოვი (68. გვალია).
სათადარიგოები: შევჩენკო, თომაშვილი, ლომიძე, სამხარაძე
მწვრთნელი: მილოვან მატიასევიჩი
ლოკომოტივი (4-5-1): კუპატაძე - ბენაშვილი, გეთიაშვილი, ხიდეშელი, ჩიტეიშვილი - ართმელაძე (59. კიკნაძე), ქიქავა (66. დიასამიძე), ჩიხლაძე (74. გავაშელიშვილი), სულთანიშვილი, უბილავა - ქანთარია.
სათადარიგოები: მიქავა, ღაღანიძე, ღვინაშვილი, გახაძე
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა
გაფრთხილება: ქიქავა (15), ქარქუზაშვილი (40), ფალავანდიშვილი (56)
არბიტრი: დ. სანოძე.

ბომბარდირები
ო. მარცვალაძე (დილა) 10
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 9
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8

XIII ტური
27 ნოემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-დინამო (ბთ)

28 ნოემბერი, შაბათი
სამტრედია-კოლხეთი
გურია-დინამო (თბ)
სიონი-ჩიხურა
შუქურა-ცხინვალი
საპოვნელა-ტორპედო
მერანი-ზუგდიდი

29 ნოემბერი, კვირა
საბურთალო-დილა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გორის დილას ვულოცავ მორიგ წარმატებას და ვუსურვებ ჩემპიონობას.
პაატა
15:07 24-11-2015
0
რატო არ დებთ კომენტარებს უნამუსო ხალხო
toka77
14:17 24-11-2015
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული