დონე
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ასე დაბალი დონისა არასოდეს ყოფილა. ამ სიტყვებს სრული პასუხისმგებლობით ვწერთ. დაახლოებით ისეთი დონეა, ორი სოფლის გუნდი "ცხვარზე და ოციანზე" რომ თამაშობს. იქ ჟინი და მონდომება მაინც არის, აქ კი...რაღა შორს მივდივართ, ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩები გავიხსენოთ. დონე იქით იყოს და, თუნდაც ის გოლები ვნახოთ, ამ უქმეებზე რომ გავიდა. ასეთი გოლები არ
მეტ-ნაკლებად თავმოყვარე საფეხბურთო ქვეყანა არ ჩაატარებს ჩემპიონატის თამაშებს ისეთ სტადიონზე, როგორზეც ჩვენ ვატარებთ. არსად, არც ერთ ჩემპიონატში არ ხდება, რომ ერთი ფეხბურთელი დარბის. დარბის და მოძრაობს მხოლოდ ის, ვინც ბურთს ფლობს, დანარჩენები კი დგანან.
ეჭვგარეშეა - თუ უახლოეს მომავალში ჩვენი პირველობის დონე ოდნავ მაინც არ ამაღლდა, სულ მალე ხელში ჩაგვაკვდება და ცოდვა გამხელილი სჯობს, რასაც ახლა ვთამაშობთ, ჯობია, სულ არ ვითამაშოთ.
ჩემპიონატი და ნაკრები
ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის დონეზე თუნდაც გამორჩეულ ფეხბურთელებს დღეს ნაკლებად თუ შეუძლიათ სანაკრებო მოთხოვნების დაკმაყოფილება. ამ ფეხბურთელების ბრალი არ არის, რომ სანაკრებო ფეხბურთს ფეხი ბოლომდე ჯერ ვერ აუწყვეს. "დამნაშავე" ამაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაბალზე დაბალი დონეა. ფეხბურთელი ამას ხედავს და მალე ის თითო-ოროლა პერსპექტიული ბიჭიც გაეცლება ჩვენს პირველობას, დღეს რომ ასულდგმულებს.
ძლიერი ჩემპიონატი თავისთავად ნიშნავს ძლიერ ნაკრებს. ბევრი დაგვიპირისპირდება ხორვატიის მაგალითით და გვეტყვის - ეს ქვეყანა ომის ქარცეცხლში იყო გახვეული და მაინც დიდებული გუნდი ჰყავდაო...
ნუ დაგვავიწყდება, რომ ხორვატიის ნაკრების ძირითადი ბირთვი თავის დროზე იუგოსლავიის ძლიერ ჩემპიონატში გამოიბრძმედა. და როგორ უნდა გაიზარდოს ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატში? როგორ უნდა მიაღწიოს სანაკრებო დონეს?
საშველი
არ არსებობს ქვეყნად გამოუვალი სიტუაცია და, შესაბამისად, საშველი სადღაც უნდა იყოს. როგორ უნდა გვეშველოს? ამ თემაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თავისი აზრი ექნება, ქომაგსაც - თავისი. მეც ჩემი აზრი უნდა დავწერო, როგორც ერთი რიგითი გულშემატკივრისა, რომელიც ჩემპიონატის ტურს არ აცდენს.პირველი და მთავარი ისაა, რომ საქართველო დღეს მზად არ არის 16-გუნდიანი ჩემპიონატისთვის. ეს ჩვენი ახირება კი არა, რეალობაზე დაყრდნობილი მწარე სიმართლეა, თორემ ისიც კარგად ვიცით, რომ საქართველოსთვის იდეალური სწორედ 16-გუნდიანი პირველობაა.
დღევანდელი ფეხბურთი, რომელიც უსწრაფესად პროგრესირებს, ჩვენ წინაშე კონკრეტულ მოთხოვნას აყენებს - უმაღლეს ლიგაში უნდა ითამაშოს ზუსტად იმდენმა გუნდმა, რამდენიც მზადაა ამისთვის, რამდენიც ლიცენზირების მკაცრ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ამ ეტაპზე, ალბათ, ჩვენს სიტუაციაში იდეალური იქნებოდა 10-გუნდიანი პირველობის ჩატარება, რადგან დღეს მეტის რესურსი, უბრალოდ, არ გვაქვს და თუ მხოლოდ მასობრიობას გამოვეკიდეთ, ის დონე დაგვრჩება, რაც ახლა გვაქვს.
მეორე: სახელმწიფომ უნდა გამოჰყოს თანხა, რომელიც ქართული კლუბების განვითარებას მოხმარდება; უნდა დაუბრუნდეს ქართულ ფეხბურთს თითზე ჩამოსათვლელი ინვესტორი; იმ ფულის ხარჯვა უმკაცრესად უნდა გაკონტროლდეს ფეხბურთის ფედერაციისა და სახელმწიფოს მიერ, ოღონდ პასუხი აგოს იმან, ვინც ერთ თეთრსაც კი არამიზნობრივად განკარგავს;
ყველა გუნდი თანაბრად უნდა დაფინანსდეს...
მანამდე კი ქართული საკლუბო ფეხბურთი უნდა გაიწმინდოს იმ ხალხისგან, წლების განმავლობაში რომ მიეჩვივნენ ათასგვარი "გვერდითი მოვლენის" მშვიდად ცქერას და ხშირად არც ამ სიბინძურეებში მონაწილეობას თაკილობენ;
უპრიანი უნდა იყოს უმაღლეს ლიგაში სახელფასო ზღვრის დაწესება. ეს აუცილებელია, თორემ მხოლოდ ჩვენი რესურსით ფონს ვერ გავალთ და ვერც იმას შევძლებთ, რომ მოკლე ხანში ჩვენი კლასიანი ლეგიონერები სამშობლოში დავაბრუნოთ;
სახელმწიფომ ფული უნდა დახარჯოს. ყველა რიგით მოქალაქეს ეს იქნებ არც მოსწონდეს, მათ ამის სრული უფლება აქვთ. აქ ორი მომენტია - ჯერ ერთი, ეს ფული მაინც იხარჯება და იხარჯება უსისტემოდ;
მეორეც - ჩვენ დღეს ორი-სამი კერძო ინვესტორიღა შემოგვრჩა და ამათგან ერთ-ერთი ყველაზე "მსხვილი" ჯერაც განმდგარია ქართული ფეხბურთის მიუღებელი რეალობიდან...
როგორ მოვიზიდოთ ხალხი სტადიონზე?
ქომაგი ფეხბურთის განვითარებისთვის დაწყებულ კამპანიას დაინახავს და დააფასებს. როცა საკითხი მკვდარი წერტილიდან დაიძვრება, ჩვენი ტელევიზიები მეტ დროს დაუთმობენ ფეხბურთს.აქ მარტივი ლოგიკაა - ტელევიზია აჩვენებს იმას, რაც ყურებადი და რეიტინგულია. აშუქებს თემას, რომელსაც ინტერესი სდევს თან. ვინ უყურებს ტელევიზიით მატჩს, რომელსაც სტადიონზე 100 მაყურებელიც კი არ ესწრება?!
2006 წელს ვიყავი ალბანეთში. მაშინ იქაური პირველობა ჯერაც სულს ღაფავდა, მაგრამ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა უკვე იწერებოდა. ამ პროგრამამ მალე იხილა დღის სინათლე და შედეგიც სახეზეა.
რაც უნდა სამწუხარო იყოს, დღეს ალბანეთის ჩემპიონატი ჩვენსაზე წინაა. ეს მხოლოდ იმაში არ გამოიხატება, რომ "სკენდერბეუ" ევროპალიგის ჯგუფში თამაშობს და სულ ცოტა ხნის წინათ ლისაბონის "სპორტინგიც" წააქცია. აგერ, საქართველოს ნაკრების ორი წევრი თამაშობს "ფლამურტარიში".
ჩვენც ოდესმე უნდა დავიწყოთ! თუ არ დავიწყებთ, კიდევ უფრო უკან წავალთ. თანდათან, ხალხი გაიგებს, რომ:
ქართული ფეხბურთი სახელმწიფოს აინტერესებს;
ქართული ფეხბურთი გაიწმინდა;
კლუბებში ნორმალური ხელფასებია;
ქართულმა კლუბებმა ნორმალური ლეგიონერები ჩამოიყვანეს;
ქართული კლუბები ყანებში კი არა, სტადიონებზე თამაშობენ...
ეს გასაკეთებელია და თანაც - სასწრაფოდ გასაკეთებელი! მოცდა აღარ შეიძლება, თორემ დღევანდელ ქართულ საკლუბო ფეხბურთში ფულს მხოლოდ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ან იდეალისტი თუ ჩადებს.
P.S. თვალებიდან არ ამომდის საქართველოს ჩემპიონატის ერთი რიგითი მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი. თამაში დაამთავრა და გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელი გასახდელში შედის. დასახარჯი ემოცია უკვე დაიხარჯა. იმ ფეხბურთელმა ცარიელ ტრიბუნებს ახედა და ნაღვლიანად ჩაილაპარაკა, ნეტავ გამაგებინა, რისთვის ან ვისთვის ვთამაშობთო?!
ვაგლახ, რომ ის ფეხბურთელი მართალი იყო...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"