[ოთხშაბათის საკითხავი] ვართ თუ არა საფეხბურთო ქვეყანა?

AutoSharing Option
სანაკრებო მატჩები და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სავარაუდო შემადგენლობა - სწორედ ესაა ჩვენი რუბრიკის მთავარი თემები...

ფეხბურთი 90 წუთს გრძელდება
საქართველოს ნაკრებმა ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ესტონეთთან თამაშზე რაღა უნდა ვთქვათ? არის ხოლმე მატჩები, რომელთა დავიწყებაც ეგრევე გინდა. ბალტიისპირელებთან სპარინგიც ამათ შორისაა.

გნებავთ, ამხანაგური დაარქვით, გნებავთ, სხვა რამ სახელი მოუძებნეთ - საქართველოს ნაკრები ესტონეთთან ასე არ უნდა აგებდეს. არ უნდა აგებდეს თუნდაც განახევრებული შემადგენლობით. რა თქმა უნდა, თავისი წილი შეცდომები დაუშვა სამწვრთნელო შტაბმა, მაგრამ თუნდაც მხოლოდ ფეხბურთელთა მონდომება უნდა ყოფილიყო საკმარისი
საიმისოდ, რომ ესტონური კოშმარი არ მომხდარიყო.

მთელი მატჩის განმავლობაში სამწვრთნელო შტაბი შეგირდებს მეტი აგრესიულობისა და ფეხბურთის თამაშისკენ მოუწოდებდა, მაგრამ ამ საქმიდან ეგრეც არაფერი გამოვიდა - ესტონეთმა გადაგვირბინა.

ალბანეთთან კი, თამაში მოგებული რომ გვეგონა, მაშინ გაგვითანაბრეს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე "არწივებმა". კახა ცხადაძის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს ბოლო წუთებზე "ჩაძინება" დასჩემდა და ეს პრობლემა მუნდიალის შესარჩევ ციკლამდე აუცილებლად უნდა გადაიჭრას.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იტალიელი არბიტრი დავიდე მასა ახსენა. არ ვიცი, რა მოხდა იმ 10 წუთში, რომელიც ინტერნეტსტრიმის უვარგისობის გამო ვერ ვნახეთ, დანარჩენ დროში კი მასამ ძალიან კარგად, ვიტყოდი - საჩვენოდაც კი იმსაჯა.

ინტერნეტით ნანახ თამაშზე თამამად ვერ იმსჯელებ, მაგრამ ისე ჩანდა, რომ მასას თავისუფლად შეეძლო ჩაეთვალა ის გოლი, გაშიმ რომ შეაგდო ქართველთა კარში.

ცვლილებების ზღვარზე
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ესპანეთში განადგურდა და გორში მინიმალურად წააგო შვედეთთან. ესპანეთში თამაში იოლი არ არის. შვედეთთან ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ სკანდინავიელთა ძალამ და უკეთესმა ფიზიკურმა მომზადებამ თავისი გაიტანა.

რიგ შემთხვევებში კარგად ვატყუებდით შვედებს და საგოლე მომენტებიც გვქონდა, მაგრამ ბოლოს ფავორიტმა ისე მოგვიგო, სტუმრებს კაცი თითქმის არ მოუტყუებიათ.

ერთხელაც გაცხადდა, რომ დღეს მხოლოდ ინდივიდუალიზმითა და ტექნიკით თამაშს ვერ მოიგებ. მთავარი გუნდურობა და სათამაშო დისციპლინაა. ამ მხრივ, მეტოქეს ჩამოვრჩით...

როცა ალექსანდრე ჩივაძეზე წერ, ძალიან დიდი დაკვირვება გჭირდება. პირდაპირ უნდა ვთქვა - ბატონ საშასთან რამდენჯერმე მომეცა არაფორმალურ გარემოში საუბრის საშუალება და იმ წუთებმა ბევრი რამ მასწავლა ფეხბურთში. თუ ქართული ფეხბურთი გიყვარს, ესე იგი, გიყვარს ალექსანდრე ჩივაძეც - მისი ლეგენდა. ის კია, რომ თანამედროვე ფეხბურთი თავისი გზით მიდის და მგონია, რომ დრო ახალ დამრიგებელს ითხოვს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის.

ამბობენ, ჩივაძის წასვლა უკვე გადაწყვეტილი ამბავიაო. მას მადლობა უნდა გადავუხადოთ. რატომღაც მგონია, რომ მისთვის ახალგაზრდულის მწვრთნელობა არ იყო მთლად სასიამოვნო ტვირთი, უფრო ქართული ფეხბურთის საჭიროებისთვის გადადგმულ ნაბიჯად მეჩვენება.

ერთი კია - დღეს ფეხბურთი მხოლოდ მინდორზე არ იწყება და არ მთავრდება. თამაში რომ მოიგო, საქმე ყველა სეგმენტში სწორად უნდა აკეთო. მწვრთნელი და ფეხბურთელი ბოლო საფეხურია და თუ იქამდე საქმე არ კეთდება, ვერც ზიდანი და ანჩელოტი გიშველიან.

საქმე ფედერაციამ და სახელმწიფომ უნდა აკეთონ ერთად, ახალგაზრდულს კი კარგი მწვრთნელი სჭირდება - ნაკრებს ახალ დონეზე რომ გაიყვანს. თანაც, შედეგის თვალსაზრისით, ეს ციკლი უკვე ფორმალობაა.

ვასკას ბიჭები
ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდშია. კიდევ კარგი, რაღაც გასახარი მაინც გამოერია ქართული ფეხბურთისთვის დანავსულ დროის ამ მონაკვეთში.

საქართველოს ნაკრებმა იწვალა და მაინც გავიდა. ბევრ დიდ გუნდს დაუწყია ასე წვალებით და ბოლო კეთილი ყოფილა. კარგია, ჩვენს შემთხვევაშიც ასე თუ იქნება. თაობა კი არის.

ამ ასაკში ევროპის ბევრი ნაკრები ინატრებს ისეთ ინდივიდუალისტს, როგორიც გიორგი არაბიძეა. ეგაა, ჩვენმა და მირჩა ლუჩესკუს "ჯილამ" გუნდურ თამაშში უნდა მოუმატოს. გიორგი ჯერაც ბავშვია და ამას აუცილებლად გააკეთებს.

საქართველოს მაგრად შეეშველა ალბანეთი, ბოლო ტურში მოულოდნელად რომ დასცა ჩვენი მძლეველი უელსი. ამბობენ, ვასილ მაისურაძე იღბლიანი მწვრთნელიაო. სამწვრთნელო საქმე ისეთია, იღბალი ყველას სჭირდება - მაისურაძესაც და ჟოზე მოურინიოსაც. უამისოდ არაფერი გამოდის. ფაქტი კი ისაა, რომ აგერ, უკვე მერამდენე წელია, ეს კაცი და მისი სხვადასხვა ფორმაციის გუნდი ქართველ ქომაგს ახარებს.

ცუდი კი ისაა, რომ საქართველოს ნაკრების მატჩებზე ტრიბუნები თითქმის ცარიელი იყო. ვართ კი კიდევ საფეხბურთო ქვეყანა?

მადლობა, "ვასკას ბიჭებო"!

ახლა დღევანდელებს უნდა უკმიონ გუნდრუკი...
დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაა. უკვე გაცხადდა იმ ადამიანების ვინაობა, აღმასრულებელ კომიტეტში შესვლას რომ ეცდებიან. აღმასკომის სავარაუდო წევრთა შორის ახალი სახე მრავლადაა და ზოგიერთი მათგანი კონკრეტულ, გაკეთებულ საქმეებთანაც ასოცირდება, მაგრამ შენიშვნები მაინც არის.

არ ვიცი და ვერც ვერასოდეს გავიგებ, რატომ აქვს ზოგიერთ იმ ადამიანს აღმასკომის წევრობის დაუოკებელი სურვილი, ვინც უკვე წლებია, იქ არის და "გრენლანდიის" არ იყოს, ვერც ვერაფრით გავიტანეთ...

ისინი წლების განმავლობაში მიეჩვივნენ მორჩილი უმრავლესობის რანგში ყოფნას. ისინი მიეჩვივნენ ყველაფერზე თანხმობას და დიდი ალბათობით, ისევე უნდათ, უკმიონ გუნდრუკი ახალ ხელმძღვანელობას, როგორც არაერთ წინას. ასეთ ხალხს ყველაზე მეტად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა უნდა ერიდოს!

ქართული ფეხბურთი ახლა ისეთ დღეშია, მისი უკეთესი მომავალი მხოლოდ გაცხოველებულ ძიებასა და აზრთა გაცვლა-გამოცვლაში თუ გამოიჭედება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
სანამ "ლელო" იქნება,
ფეხბურთი არ მოკვდება!
ბავშვებით და ბურთებით
მინდორი დამშვენდება!

ლიონელს და რონალდოს,
ქართველები დავათრობთ,
დღისით მინდორს მოვუხნავთ,
ღამღამობით - ქალბატონს.

როგორიც ქვეყანა გვაქვს,
ისეთი გვაქვს ფეხბურთი.
ვისაც ჩვენი არ ესმის,
ყველას დედას ....!
გიჟპოეტა
08:21 19-11-2015
0
საღამოს დაენიშნად და მეტი მოვიდოდა
aleks 78
01:00 19-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული