უმაღლესი ლიგის XIII ტურის წინ: აბა, ნავსიანობას ვინ დააბრალებს?..

AutoSharing Option
იმედია, კარს მომდგარი ტური, წინას მსგავსად, დაბალშედეგიანი არ იქნება: შეგახსენებთ, რომ XII ტურში მიმდინარე სეზონის ანტირეკორდი დამყარდა - 8 მატჩში მხოლოდ 17 გოლი გავიდა...

ამას გარდა, რატომღაც გვგონია, რომ, ასევე წინა ტურისაგან განსხვავებით, სტუმრად მოასპარეზე გუნდები ამჯერად ბევრად უკეთ ითამაშებენ: იმ მართლაც უცნაურ XII ტურში სტუმრებმა ხომ მხოლოდ 1 ქულის აღება მოახერხეს.

იმის იმედიც გვინდა გვქონდეს, რომ ვინმემ წარუმატებლობა ნავსიან მე-13 ტურს არ დააბრალოს. არც იმას, რომ ამ ტურიდან ორიოდ დღეში საქართველოს თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩებია...

ისე, არა გვგონია, რომ
ზოგიერთმა ჩვენმა გუნდმა სწორედ ამ ტურის მერე დაიწყოს პრიორიტეტების არჩევაზე ფიქრი: ანუ უპირატესობა ჩემპიონატს მიანიჭოს თუ - თასს; თუმცა, ვინ იცის.

27.11. თბილისი. "მიხეილ მესხი". 20:00
ლოკომოტივი-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
26: +14 =6 -6, 37-26
სამ დღეზე გაწერილი ტური "ღამის მატჩით" იწყება: როგორც უკვე ტრადიციად იქცა, "ლოკომოტივის" საშინაო შეხვედრები 20 საათზე იწყება. თუმცა, ამ წყვილში ფავორიტის დასახელება, ალბათ, ყველა გაუჭირდება: მასპინძლებსაც და სტუმრებსაც წარმატების მისაღწევად თანაბარი შანსები გააჩნიათ.

ისე, "ლოკომოტივი" და ბათუმის "დინამო" უმაღლეს ლიგაში გარკვეული პაუზის მერე ხვდებიან ერთმანეთს და წინა წლების დაპირისპირებებიდან 9 წლის წინანდელი მატჩი გვახსენდება, როცა 2006 წლის შემოდგომაზე "ლოკომოტივმა" შინ მინიმალური ანგარიშით (1:0) მოუგო "დინამოს" და ეს ერთადერთი გოლი იმ დროისთვის 16 წლის ლევან ყენიამ გაიტანა. ეს იყო ლევან ყენიას სადებიუტო გოლი უმაღლეს ლიგაში.

28.11. ლანჩხუთი. "ევ. შევარდნაძე". 14:00
გურია-დინამო (თბ)
დისკვალიფიკაცია: რენე ფერეირა (დინამო)
ურთიერთშეხვედრები
27: +3 =4 -20, 19-77
ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია და ზედიზედ სამი წაგება - აი, ასეთი დამთრგუნველი სტატისტიკით ხვდება "გურია" მიმდინარე სეზონის უპირველეს ფავორიტთან მატჩს და ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს ამ წყვილში ფავორიტის ვინაობაც. მით უფრო, რომ გია გეგუჩაძის გუნდს ამ ბოლო დროს მართლაც მშვენიერი სერია აქვს (ზედიზედ ხუთი მოგება თასისა და ჩემპიონატის მატჩების ჩათვლით).

სტატისტიკაც დინამოელთა სასარგებლოდაა - სულ პირველ ჩემპიონატს (1990) თუ არ ჩავთვლით, ამ გუნდების დაპირისპირებებში ფავორიტი მუდამ "დინამო" მიიჩნეოდა.

თუმცა, იმავე გასულ სეზონში "გურიამ" 4 ქულა "წაართვა" ფავორიტ მეტოქეს (სტუმრად მოუგო, შინ კი ფრედ ითამაშა) და ლანჩხუთელებთან დაკარგული ქულებიც იყო იმის მიზეზი, "დინამომ" ჩემპიონობა რომ დაკარგა.

28.11. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 14:00
სამტრედია-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
31: +7 =8 -16, 29-52
ძველი მეტოქეების დაპირისპირება დიდ ინტერესს კი იწვევს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, თუ რამდენად "საფეხბურთო განწყობაზე" იქნებიან ფინანსურ კრიზისში მყოფი "კოლხეთის" ფეხბურთელები.

ჰო, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: ჯერ პირველი წრე არ დამთავრებულა და უმაღლესი ლიგის კიდევ ერთ გუნდში (ამჯერად - "კოლხეთში") იჩინა თავი ფინანსურმა პრობლემებმა. არადა, ფოთელთა გუნდში გელა სანაიას მისვლის შემდეგ "კოლხეთმა" მართლაც საგრძნობლად გამოასწორა სატურნირო მდგომარეობა (ბოლო ხუთ მატჩში ოთხი შეხვედრა მოიგო), რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით "სამტრედიაზე" - გია ცეცაძის ახალგაზრდულ გუნდს მინი-კრიზისი აქვს: ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ ეს მართლაც სიმპათიური კრებული მესამე ადგილს უკვე 7 ქულით ჩამორჩება.

28.11. ქობულეთი. "ჩელე არენა". 14:00
შუქურა-ცხინვალი
დისკვალიფიკაცია: დავით მაისაშვილი (ცხინვალი)
ურთიერთშეხვედრები:
2: +0 =1 -1, 0-1
ამ ტურის კიდევ ერთი საინტერესო მატჩი, სადაც ერთმანეთს ევროტურნირების საგზურების კანდიდატები ხვდებიან. მართალია, "შუქურამ" ბოლო ორ მატჩში წაიფორხილა (მხოლოდ 1 ქულა აიღო), თემურ შალამბერიძის გუნდი მაინც უნდა მივიჩნიოთ ამ სეზონის ერთ-ერთ ფავორიტად.

"ცხინვალი" კი, წინა სეზონის მსაგავსად, კვლავაც აგრძელებს სასიამოვნო სიურპრიზებს: სხვებისგან განსხვავებით მწირი რესურსის მიუხედავად, კახა კაჭარავას დამოძღვრილი გუნდი ამჯერადაც უმიზნებს ევროტურნირების საგზურს.

სხვათა შორის, ეს გუნდები არცთუ დიდი ხნის წინათ ერთმანეთს საქართველოს თასის მერვედფინალში შეხვდნენ და ორრაუნდიან დაპირისპირებაში "შუქურამ" იმარჯვა.

28.11. ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 14:00
საპოვნელა-ტორპედო
დისკვალიფიკაცია: ზურაბ ენდელაძე (საპოვნელა) - გიორგი ნერგაძე (ტორპედო)
ურთიერთშეხვედრები
1: +1 =0 -0, 3-2
წესით, ასეთი ფაქტები აღარ უნდა გვიკვირდეს: თერჯოლის "საპოვნელამ" ხვალინდელ "საშინაო" შეხვედრაში "ტორპედოს" ... ქუთაისში უნდა "უმასპინძლოს"!

ჰო, ნუ გიკვირთ: წინა თუ იმის წინა სეზონში მსგავსი შემთხვევები ხომ რამდენჯერმე ყოფილა; ისე, ალბათ, მართლაც უცნაური განწყობით გამოვლენ მშობლიური სტადიონის სარბიელზე "ტორპედოს" ფეხბურთელები "საგარეო" მატჩის ჩასატარებლად. არადა, "საპოვნელასა" და "ტორპედოს" მონაწილეობით, "იმერული დერბი" უმაღლეს ლიგაში ოცწელიწადნახევრიანი პაუზის მერე უნდა გაიმართოს.

მერედა, რა "თამაშს" ვიხსენებთ?!. ამ გუნდებს შორის ჩატარებული ის უკანასკნელი შეხვედრა, 1994/95 წლების სეზონის ბოლო ტურში რომ გაიმართა, რბილად რომ ვთქვათ, კურიოზული შედეგით დასრულდა: "ტორპედომ" 11:4 მოიგო, თუმცა ეს შედეგიც გაუქმდა, ისე, როგორც იმ ტურის კიდევ ერთი საოცარი მატჩის საბოლოო ანგარიში - ფოთის "კოლხეთმა" "სამგურალს" 10:5 მოუგო!

ასევე გაუქმდა ამ ორ შეხვედრაში დაფიქსირებული ინდივიდუალური "მიღწევებიც": გიორგი დარასელიამ ("კოლხეთი") და მამუკა ხუნდაძემ ("ტორპედო") ბოლო ტურში მეტოქეთა კარში...9-9 გოლი გაიტანეს! ხვდებით, ალბათ, რომ ეს ორი შემტევი საუკეთესო ბომბარდირობისთვის იბრძოდა: ბოლო ტურის წინ დარასელიას 26 გოლი ჰქონდა გატანილი, ხუნდაძეს - 25, კიდევ ერთ კანდიდატს, იმ დროისათვის 17 წლის ალექსანდრე იაშვილს (თბილისის "დინამო") კი - 21.

ბოლო ტურში "იაშკამ" 3 გოლი გაიტანა, მისმა კონკურენტებმა კი...

28.11. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა". 14:00
მერანი-ზუგდიდი
დისკვალიფიკაცია: გიორგი ბულია (ზუგდიდი)
ურთიერთშეხვედრები
12: +4 =2 -6, 11-16
"მეგრულ დერბის" სხვა დროს, შესაძლოა, ბევრად უფრო მეტი ინტრიგა ჰქონოდა, მაგრამ ამჯერად წინა პლანზე მხოლოდ და მხოლოდ სატურნირო სიტუაცია იქნება: ერთმანეთს ხომ ორი გამოკვეთილი აუტსაიდერი ხვდება!

შეგახსენებთ, რომ მარტვილელთა გუნდმა ზედიზედ 6 მატჩი წააგო, "ზუგდიდმა" კი - სამი; ვნახოთ, ამ ტურის შემდეგ რომელი გუნდი დაარღვევს ამ უსიამოვნო სერიას.

28.11. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია". 15:00
სიონი-ჩიხურა
დისკვალიფიკაცია: დავით სვანიძე (სიონი)
ურთიერთშეხვედრები
10: +5 =2 -3, 13-13
ორივე გუნდს 2 დეკემბერს საქართველოს თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩები ელოდება, თუმცა არც "სიონი" და არც "ჩიხურა" ჩემპიონატის ამ კალენდარულ შეხვედრას "ნახევარი ძალით" ნამდვილად არ მოეკიდებიან.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ორი კვალიფიციური მწვრთნელის, ვარლამ კილასონიასა და სოსო ფრუიძის დამოძღვრილ გუნდებს ჩემპიონატშიც საკმარისზე მეტი მოტივაცია უნდა ჰქონდეთ: "სიონი" მართლაც კომფორტულ, მესამე ადგილზეა, "ჩიხურა" კი ზედიზედ 2 მოგებით ხუთეულში შევიდა.

29.11. თბილისი. "ბენდელა". 14:00
საბურთალო-დილა
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
ტური თბილისური მატჩით იწყება და ასევე თბილისური მატჩით მთავრდება, თანაც, "საბურთალო" და "დილა" უმაღლეს ლიგაში ერთმანეთს პირველად ხვდებიან.

ამ მატჩშიც ძალიან ძნელია რომელიმე გუნდისათვის ფავორიტის სტატუსის მინიჭება: გიორგი ჭიაბრიშვილის ახალგაზრდული "საბურთალო" ნებისმიერ მეტოქესთან უკომპრომისოდ თამაშობს და ეს იმის მიუხედავად, რომ უმაღლესი ლიგის დებიუტანტს გრძელი სათადარიგოთა სკამი ნამდვილად არა აქვს.

სამაგიეროდ, საკადრო პრობლემები ნამდვილად არ აწუხებს "დილას", რომელიც თასიდან გამოთიშვის შემდეგ მთელ აქცენტს ამიერიდან ჩემპიონატზე გააკეთებს. სხვანაირად ვერც იქნება: ტიტულს ხომ შენარჩუნება უნდა!

ბომბარდირები
ო. მარცვალაძე (დილა) 10
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 9
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ჯ. ჯიღაური (დინამო (თბ) 8

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ლოკომოტივი-დინამო ბთ 1-1
გურია-დინამო თბ 0-0
სამტრედია-კოლხეთი 1-1
შუქურა-ცხინვალი 2-1
საპოვნელა-ტორპედო 0-2
მერანი-ზუგდიდი 1-0
სიონი-ჩიხურა 0-1
საბურთალო-დილა 1-2
პროგნოზი
15:08 27-11-2015
0
ლოკომოტივი-დინამო ბთ 1-1
გურია-დინამო თბ 0-0
სამტრედია-კოლხეთი 1-1
შუქურა-ცხინვალი 2-1
საპოვნელა-ტორპედო 0-2
მერანი-ზუგდიდი 1-0
სიონი-ჩიხურა 0-1
საბურთალო-დილა 1-2
პროგნოზი
15:26 27-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული